რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა და კრემლისტურ საიტებზე ვრცელდება მტკიცება, რომლის მიხედვითაც, კახოვკის ჰესის კაშხლის ჩამონგრევის მიზეზი აღნიშნულ ობიექტზე უკრაინული ძალების მასობრივი იერიში გახდა. შესაბამისად, მათი მტკიცებით, ტექნოგენურ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს ეკისრება. პარალელურად, მტკიცება, რომ კახოვკის ჰესი უკრაინამ დაბომბა, ქართულ სოციალურ ქსელშიც აქტიურად ვრცელდებოდა (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).

9 ივნისის მონაცემებით, არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ კაშხლის ნგრევა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებთან არის დაკავშირებული.

ამჟამად უკრაინული და რუსული მხარეები კაშხლის განადგურებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა დადასტურებულად შეუძლებელი იმის თქმა, თუ რა მოხდა და მომხდარის უკან ვინ დგას.

მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრია, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და კახოვკის ჰესი დაიკავა. თუმცა საინჟინრო, სამხედრო და სამეცნიერო თვალსაზრისით, არსებობს მხოლოდ ვერსიები და ვარაუდები იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა.

აღნიშნულ თემაზე, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (National Security Council) სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა: „ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი კაშხლის აფეთქებაზე, რომელიც, შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკანონოდ დაიკავეს და მას შემდეგ ოკუპირებული აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მონაცემების შესაფასებლად. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მაგრამ ცალსახად ვერ ვიტყვით, რა მოხდა იმ მომენტში. ჩვენ აუცილებლად გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას, როდესაც შევძლებთ“.

ზოგადად, განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია - კაშხლის მიზანმიმართული აფეთქება რუსული ჯარის მიერ, კაშხლის დაზიანება კვალიფიციური მენეჯმენტის არარსებობის გამო, ნგრევა მრავალთვიანი დაბომბვის შედეგად, რამაც გამოიწვია კაშხლის ჩამონგრევა და ბოლოს ის, რასაც რუსეთი ამტკიცებს - კაშხლის ჩამონგრევა უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად.

The New York Times-ის ცნობით, ექსპერტებზე დაყრდნობით, კაშხლის ჩამონგრევის ყველაზე სავარაუდო ახსნა შიდა აფეთქება იყო. „დახურულ სივრცეში აფეთქება, მთელი მისი ენერგიით მიმართული მის გარშემო არსებულ სტრუქტურაზე, ყველაზე დიდი ზიანის მომტანია. გარედან ბომბის ან რაკეტის აფეთქება ძალის მხოლოდ მცირე ნაწილს მოახდენდა კაშხალზე და ბევრჯერ მეტი ასაფეთქებელი იქნებოდა საჭირო მსგავსი ეფექტის მისაღწევად“, - წერს გაზეთი და ამით უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად კაშხლის განადგურების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ამავდროულად, BBC წერს, რომ კაშხალი შეიძლება თვეების განმავლობაში მის სიახლოვეს მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად ჩამონგრეულიყო. „ამ რაიონში საბრძოლო მოქმედებებს შესაძლოა, გავლენა მოეხდინა კაშხლის სტრუქტურაზე“,- განუცხადა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორმა მარკ მალიგანმა BBC-ის. ექსპერტის აზრით, საბრძოლო მოქმედებებისგან მიყენებული ზიანით გამოწვეული სტრუქტურული გაუმართაობა ასევე შესაძლოა, იყოს ნგრევის მიზეზი.

პროფესორი მალიგანი არ გამორიცხავს მესამე ვერსიას - განზრახ, ან კვალიფიციური პერსონალის არარსებობის გამო კაშხლის ცუდი მართვა, რამაც წყალსაცავის სახიფათო გადინება გამოიწვია. ამას ადასტურებს აშშ-ის საგარეო სოფლის მეურნეობის სამსახურის მიერ გადაღებული სატელიტური სურათებიც, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე თვეში კახოვკის ჰესზე წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა.

ის, რომ კაშხალი მის ჩამონგრევამდე დაზიანდა, ამას Maxar-ის სატელიტური სურათებიც მოწმობს – 28 მაისს, 2 ივნისს და 5 ივნისს გადაღებულ კადრებში ნათელია, რომ კაშხლიდან წყალი ჟონავს.

ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ ვერსიის სასარგებლოდ, მოწმობს ნორვეგიული ჯგუფის NORSAR-ის მონაცემები, რომელიც მთელ ევროპაში სეისმურ აქტივობას აკონტროლებს და რომელმაც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება დააფიქსირა. მათივე ინფორმაციით, აფეთქება 6 ივნისს, ადგილობრივი დროით 02:54 საათზე მოხდა. ეს აღმოჩენა პირველი დამოუკიდებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჰესი ააფეთქეს და ზედმეტი დატვირთვისა თუ ცუდი მენეჯმენტის გამო არ ჩამონგრეულა. ამავე დროს, ნორვეგიელი სეისმოლოგების დასკვნები არ იძლევა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე მომხდარში.

ამრიგად, ჯერ არ არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, ვინ ან რა გახდა კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების მიზეზი. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ჰესი უკრაინულმა მხარემ გაანადგურა, მტკიცებულების გარეშეა.

---------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.