სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ ვაქცინა რეალურად CRISPR-Cas9 პრეპარატია, რომელიც ადამიანის გენეტიკური კოდის წინასწარ მითითებულ მონაკვეთს „ჭრის“ და „აკერებს“. ავტორის მტკიცებით, ამ გზით ვაქცინაცია მოსახლეობის „მორჩილ მასად გადაქცევას“ ისახავდა მიზნად. რეალურად, CRISPR-Cas9 პრეპარატი ან ვაქცინა არ არის, ის ტექნოლოგიაა, რომელიც გენური მუტაციებისა და გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ/რისკის შესამცირებლად დნმ-ის რედაქტირებას ახდენს. თუმცა მას კორონავირუსის არსებულ ვაქცინებთან საერთო არაფერი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტები სოციალურ სივრცეში პანდემიის დასაწყისიდან აქტიურად ვრცელდებოდა. განსაკუთრებით ხშირია მტკიცებები იმის შესახებ, რომ ვაქცინები ადამიანის დნმ-ის შესაცვლელად გამოიყენება (აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10).

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ში ცვლილების შეტანა არ შეუძლიათ, მათ დნმ-ზე გავლენაც კი არ აქვთ, რამდენადაც ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს, ხოლო გენეტიკური მოდიფიკაციისას გენის რედაქტირება უჯრედის ბირთვში ხდება. შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას, ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია.

ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება გენომის რედაქტირებით არის შესაძლებელი. გენომის რედაქტირება, იგივე გენის რედაქტირება დნმ-ში დაზიანებული უბნის ამოჭრისა და ჩასწორების ხარჯზე გენეტიკური ან შეძენილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მართალია, დნმ-ის მოდიფიკაციის ეს ტექნიკა უკვე ათწლეულებია არსებობს, თუმცა ახალმა მეთოდებმა გენომის რედაქტირება კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და ბიუჯეტური გახადა.

სიზუსტისა და სიმარტივის გამო, გენომის რედაქტირების ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიაა CRISPR/Cas9. აღსანიშნავია, რომ რამდენიმეწლიანი შესწავლის შემდეგ, ადამიანებისა და ცხოველების მრავალი ვირუსი დაექვემდებარა ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით CRISPR/Cas9-ზე დაფუძნებულ რედაქტირებას.

აღნიშნული ტექნიკას სხვადასხვა დარგში სწავლობენ, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დასრულებული ადამიანის ჯანმრთელობით. მეცნიერები გენის რედაქტირების მეთოდით მუტაციებისა და დაავადებების მკურნალობაზე დიდ იმედებს ამყარებენ. ისინი მოელიან, რომ მომავალში აღნიშნული მეთოდით დღეისთვის უკურნებელი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას შეძლებენ. თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საჭიროა ვრცელი, ხანგრძლივი დახვეწა და უსაფრთხოების ტესტირება, ვიდრე მეთოდს პაციენტებში გამოიყენებენ.

ამასთანავე, დნმ-ვაქცინის ტექნოლოგია ახალი ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას რამდენიმე კვირაში გახდიდა შესაძლებელს და მათ ეფექტურობას გაზრდიდა. თუმცა ვაქცინების შექმნის პროცესში, მეთოდის უპირატესობაზე ხშირი საუბრის მიუხედავად, აღნიშნულ მეთოდს ფართო კლინიკური გამოყენება ჯერ არ აქვს. შესაბამისად, პანდემიის პირობებში ამ მეთოდით შექმნილი ვაქცინა ადამიანების ასაცრელად არ გამოყენებულა.

ამგვარად, CRISPR-Cas9 არა პრეპარატი ან ვაქცინა, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, არამედ ტექნოლოგიაა. ის გენური მუტაციებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ დნმ-ის რედაქტირებას ახდენს, ხოლო პანდემიის პირობებში გამოყენებულ კოვიდვაქცინებთან მას კავშირი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.