სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Levan Tavdishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), უკრაინის პრეზიდენტს შემდეგ ციტატას მიაწერს: „მე დავუბრუნებ აფხაზეთს საქართველოს“. „ჩვენ ჩვენი გიჟებიც საკმარისი გვყავს“, - წერს ანგარიში პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. ამავდროულად, ციტატა არც თავად ზელენსკის ოფიციალურ გვერდებზე Facebook-სა და X-ში (ყოფილი Twitter) არ გავრცელებულა.

აღნიშნული ყალბი ციტატა სხვა ისეთი ანტიდასავლური გვერდების მიერაც გავრცელდა, როგორიცაა მაგალითად შიინ ევროპისკენ, სიდონია კავკასიელი (აღნიშნული გვერდების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები:1,2,3,4,5)

ცნობისთვის, ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოქტომბრის დასაწყისში შვედეთში გამართულ ფორუმზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დამარცხება მიმდინარე ომში დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. „უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში, ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული აგრესიისგან ჩვენი შეკავების წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო განცხადება კი 2023 წლის 24 ოქტომბერს, ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე გააკეთა. სამიტზე პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებს: „რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“.

ამდენად, აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი