სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიშის „სიდონია კავკასიელი“ პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთს ყარაბაღის დათმობა მიულოცა. რეალურად, აზერბაიჯანის მიერ სამხედრო მოქმედების დაწყების შემდეგ, ენტონი ბლინკენმა რამდენიმე განცხადება გააკეთა და არც ერთ მათგანში ის სომხეთს ყარაბაღის დათმობას არ ულოცავს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები 2023 წლის 19 სექტემბერს დაიწყო. „დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით“,- წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი განცხადება გავრცელდა, სადაც ბლინკენი მოუწოდებდა აზერბაიჯანს, შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები. „ჩვენ მოვუწოდებთ [აზერბაიჯანს] დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ღირსეული დიალოგი ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის“.

მსგავსი შინაარსის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა X-ზეც გამოაქვეყნა.

სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს, 21 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მილოცვა გამოქვეყნდა. “შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და რჩება ერთგული სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის ხელშეწყობისთვის, სადაც პატივს სცემენ ყველას უფლებებს”,- წერია განცხადებაში.

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთს ყარაბაღის დათმობა მიულოცა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.