სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები უკრაინაში „რეგისტრირებული პარტნიორობის ინსტიტუტის შესახებ“ კანონის მიღებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას (1,2,3,4) აქტიურად უკავშირებენ. მაგალითად, ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. „ანტირუსული პლატფორმა დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით „ქართულ ოცნებას“ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. EU-ის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ეს იქნებოდა საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი. ის, რაც ვერ მოახერხა რუსულმა ოცნებამ, მოახერხა უკრაინის ხელისუფლებამ. ისინი ზრუნავენ საკუთარ უმცირესობებზე და ამავდროულად, უკრაინას კიდევ უფრო აახლოვებენ ევროპულ ღირებულებებთან“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, უკრაინაში არსებული კანონპროექტი არა ქორწინებას, არამედ რეგისტრირებული პარტნიორობის მიღებას გულისხმობს.
ცნობისთვის, Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform თავს პროდასავლურ პლატფორმად წარმოადგენს, თუმცა, რეალურად, ის დეზინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობაში აგრესიის მიზანმიმართულად გამოწვევას ცდილობს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2).
უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა 2023 წლის 18 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს No. 9103 კანონპროექტს, სახელწოდებით „რეგისტრირებული პარტნიორობის ინსტიტუტის შესახებ“, რომელიც გულისხმობს რეგისტრირებული პარტნიორობის, როგორც ნებაყოფლობითი საოჯახო კავშირის, შექმნას ერთი და იგივე ან განსხვავებული სქესის ორი ზრდასრული პირისთვის. კანონპროექტი უკრაინის რადაში 2023 წლის მარტში ინა სოვსუნმა დაარეგისტრირა.
ზოგადად, რეგისტრირებული პარტნიორობა ურთიერთობის აღიარების ფორმაა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სურთ გარკვეული ვალდებულებები და უფლებები ჰქონდეთ ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ადამიანების მსგავსად. ამავდროულად, რეგისტრირებული პარტნიორობა ვრცელდება როგორც ერთნაირი, ისე განსხვავებული სქესის წყვილებზე.
უკრაინის კანონპროექტის ტექსტში ვკითხულობთ: „ამ კანონით განსაზღვრულია ნებაყოფლობითი ოჯახური გაერთიანება ორი ერთნაირი ან განსხვავებული სქესის წარმომადგენლისგან ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების, ურთიერთდახმარების, თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“.
კანონპროექტში აღნიშნულია:
• „რეგისტრირებული პარტნიორობა არ არის ქორწინება. რეგისტრირებულ პარტნიორებს შორის ქორწინება იწვევს მათ შორის რეგისტრირებული პარტნიორობის შეწყვეტას. ამავდროულად, წყვილი თუ სამოქალაქო რეესტრში არ დარეგისტრირდა და ერთად ცხოვრობს, არ წარმოიშობა რეგისტრირებული ქორწინების ინსტიტუტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.
• რეგისტრაციის შედეგად პარტნიორები მიიღებენ ახლო ნათესავების სტატუსს, კერძოდ, გახდებიან „პირველი რიგის“ ნათესავები ერთმანეთისთვის, მიუხედავად იმისა, ისინი რეალურად ერთად ცხოვრობენ და ახორციელებენ საოჯახო მეურნეობას თუ არა.
• ქორწინებისგან განსხვავებით, რეგისტრირებული პარტნიორობა მშობლობის საკითხს არ არეგულირებს.
ამ კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულებით რეგისტრირებული პარტნიორობა, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი პარტნიორობისგან, რადგან ამ შემთხვევაში იდება კონტრაქტი, სადაც წესით დადგენილია პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და სწორედ ეს კონტრაქტი განსაზღვრავს, აწესრიგებს მათ შორის არსებულ ურთიერთობას.
კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, კანონი არ მოიცავს ცვლილებებს ოჯახური ურთიერთობების რეგულირებაში, რაც „ამ ეტაპზე შესაძლოა მგრძნობიარე იყოს გარკვეული რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებისთვის“. უკრაინაში პარტნიორობის შესახებ კანონპროექტის მიღება ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა მომხდარიყო. უკრაინის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2017 წლის მეორე კვარტლამდე შეემუშავებინა კანონპროექტი ჰეტეროსექსუალური და ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის დაშვების შესახებ. თუმცა, კანონპროექტის დადგენილ ვადაში მიღება ვერ მოხერხდა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია მოთხოვნით, სასწრაფოდ უზრუნველყოფილიყო ერთნაირსქესიანთა მიერ ოჯახური ურთიერთობების რეგისტრაციის სამართლებრივი შესაძლებლობა. უკვე 2022 წლის 9 ივლისს ამ პეტიციამ საჭირო 25 ათასი ხმა მოიპოვა. განმარტებითი ბარათი ასევე საუბრობს 2023 წლის 4-დან 16 იანვრამდე ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა კითხვას, ეთანხმებოდნენ თუ არა რესპონდენტები განცხადებას, რომ ლგბტ+ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რეგისტრირებული პარტნიორობის უფლება. გამოკითხულთა 56%-მა მხარი დაუჭირა რეგისტრირებული პარტნიორობის უფლების არსებობას, ხოლო 8%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტის შექმნისა და დამტკიცების აუცილებლობა. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ამჟამად, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან საომარი მოქმედებების გამო ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მუდმივი საფრთხე ემუქრება. „უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამხედროების უფლებების დაცვა. „იმის გამო, რომ ათასობით მათგანს არ შეუძლია ოფიციალურად გააფორმოს ურთიერთობა, რადგან მათი პარტნიორები იმავე სქესის წარმომადგენლები არიან და ამიტომ, დაშავების, გაუჩინარების ან გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ოჯახებს და თავად მათ არ აქვთ საკმარისი სამართლებრივი დაცვა სახელმწიფოსგან“.
ტექსტში ასევე ვკითხულობთ, „ამ კანონპროექტის მიღება და რეგისტრირებულ პირთა ინსტიტუტის შემოღება ბევრ სფეროში დადებით შედეგს მოიტანს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების უფლებების სათანადო დაცვა, მათ შორის, ყველა მოქალაქის თანასწორობის უფლება, უკრაინაში შემცირდება გარკვეული მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის დონე და სეგრეგაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე“. ამავე კონტექსტში, განმარტებითი ბარათი აღნიშნავს, რომ „კანონპროექტის მიღებას, ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში, პოზიტიური გავლენა ექნება უკრაინის იმიჯზე საერთაშორისო საზოგადოებაში, რადგან ეს არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ყველა მოქალაქის უფლებების თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის გამოვლინება“.
„კანონპროექტის No. 9103 მიღებით, უკრაინა შეასრულებს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამორიცხავს უკრაინის წინააღმდეგ დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის შეტანის საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“,-აცხადებენ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR), რომელიც ევროპის საბჭოს (Council of Europe) ეკუთვნის და არა ევროკავშირს, 2023 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება დისკრიმინაციის შესახებ. უკრაინელი წყვილის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ წყვილთან მიმართებით დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთად დაირღვა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. სასამართლომ განაცხადა, რომ წყვილის მიმართ „განსხვავებული მოპყრობის ერთადერთი საფუძველი სექსუალური ორიენტაცია იყო“.
ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინისადმი მიცემული პრიორიტეტები არ მოიცავს ერთნაირსქესიან წყვილებს შორის კავშირის რეგულირებას:
ანტირუსული პლატფორმის Facebook-პოსტში ასევე ვკითხულობთ, „ანტირუსული პლატფორმა დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით „ქართულ ოცნებას“ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. EU-ის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ეს იქნებოდა საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი. ის, რაც ვერ მოახერხა რუსულმა ოცნებამ, მოახერხა უკრაინის ხელისუფლებამ“.
Facebook-ანგარიში ევროკავშირის ხსენებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსა და პრიორიტეტებს უკავშირდება. რეალურად, არც უკრაინის და არც საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები ერთნაირსქესიან წყვილების კავშირის რეგულირების საკითხებს არ მოიცავს.
ევროკომისიის მიერ უკრაინის მიმართ გამოქვეყნებული 7 რეკომენდაციიდან, არც ერთი არ მოიცავს ვალდებულებას, დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა წყვილებს შორის ქორწინება. იხილეთ ევროკავშირის 7 რეკომენდაცია:
• ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შესახებ კანონმდებლობის დანერგვა და განხორციელება, რაც მათ შორის, მოიცავს წინასწარი შერჩევის პროცესს, რომელიც მათი კეთილსინდისიერებისა და პროფესიული უნარების შეფასებას ეფუძნება;
• დაასრულოს ეთიკის საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმება და კანდიდატის შერჩევა უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის შექმნისთვის;
• კიდევ უფრო გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე, პროაქტიული და ეფექტიანი გამოძიების და სანდო სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადებების პრაქტიკით; დაასრულოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულის სერტიფიცირების გზით; დაიწყოს და დაასრულოს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის შერჩევისა და დანიშვნის პროცესი.
• უზრუნველყოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან; მიიღოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა მთელი სამართალდამცავი სექტორის, როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარემოს ნაწილის, რეფორმისთვის.
• ანტიოლიგარქული კანონის განხორციელება, რათა შეზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ეს უნდა მოხდეს სამართლებრივად გამართულად, შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი მოსაზრების გათვალისწინებით.
• დამოუკიდებელ ინტერესთა გავლენის დაძლევა მედიის შესახებ კანონის მიღებით, რომელიც უკავშირებს უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების დირექტივას და ანიჭებს დამოუკიდებელ მედიის მარეგულირებელს უფლებამოსილებას.
• დაასრულოს ეროვნული უმცირესობების საკანონმდებლო ბაზის რეფორმა, რომელიც ამჟამად მზადდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და მიიღოს დაუყოვნებლივი და ეფექტური განხორციელების მექანიზმები.
საგულისხმოა ასევე, 21–22 ივნისს, სტოკჰოლმში ევროკავშირის მინისტრების გენერალური საქმეთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრა. შეხვედრაზე ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ შეაფასა სამი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიღწევები, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნებს ევროკომისიამ დაუდგინა. უკრაინაზე საუბრისას, არც ოლივერ ვარჰეის მიერ არ გაჟღერებულა ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამდენად, უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე კანონი არ მიუღიათ. ამავდროულად, ყალბია მტკიცება, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღება ევროკავშირის მიერ საქართველოს ან/და უკრაინისთვის წარდგენილი პრიორიტეტების ნაწილია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.