მიმდინარე კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ნიკოლ შვაბის განცხადებების გაყალბებული ვერსიები გავრცელდა (1,2). პოსტების ავტორის მტკიცებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის კლაუს შვაბის შვილმა კლიმატის შეზღუდვების (ე.წ. „ლოქდაუნების“) ამოქმედებისა და ჯანმოს გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა: „კოვიდ პანდემია მშვენიერი საშუალებაა დავინახოთ, თუ როგორ გულმოდგინედ შეასრულებს საზოგადოება ჯანმოს გეგმებს, ჩვენი პროგრამის „დიდი გადატვირთვა“ შესრულებაში“. რეალურად, გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ ნიკოლ შვაბს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. ამავდროულად, „დიდი გადატვირთვა“, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარ გაწერილ სცენარს არ წარმოადგენს.

ნიკოლ შვაბთან დაკავშირებული დეზინფორმაცია დამოუკიდებელმა ფაქტების გადამმოწმებელმა რამდენიმე უცხოურმა ორგანიზაციამ, მათ შორის Snopes-მა, Reuters-მა და Lead Stories-მა, გადაამოწმა.

Facebook-ის ანგარიში ორივე პოსტის შემთხვევაში ეყრდნობა ინგლისურენოვანი გამოცემა The People’s Voice-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით „კლაუს შვაბის ქალიშვილი: კლიმატის მუდმივი შეზღუდვები ამოქმედდება-მოგწონთ ეს თუ არა“. ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემა დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რაც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3).

სტატიაში შედის 2020 წლის ივნისში მდგრადი განვითარების ჯგუფის InTent-ის მიერ ატვირთული ორწუთიანი ვიდეოს 50-წამიანი ფრაგმენტი, სადაც შვაბმა კომენტარები გააკეთა ე.წ „დიდი გადატვირთვისა“ და კოვიდ პანდემიის შესახებ. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ შვაბს კლიმატური შეზღუდვების შესახებ განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია და აღნიშნული „The People’s Voice“-ის მიერ გამოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილია.

აღსანიშნავია, რომ „კლიმატის ჩაკეტვის“ შესახებ ნარატივები, რომლებიც ხშირად მიმართულია WEF-ის წინააღმდეგ, სულ უფრო პოპულარული ხდება. ძირითადი გზავნილი ის არის, რომ COVID-19-ის „ლოქდაუნი“ იყო ტესტი ელიტების მიერ იმის დასანახად, თუ როგორ შეეძლოთ წინააღმდეგობის გარეშე მოსახლეობის დამორჩილება, რასაც მოჰყვება კლიმატის საგანგებო სიტუაციებზე დაფუძნებული ჩაკეტვების სერიაც.

სწორედ აღნიშნულ შეთქმულების თეორიას ეხება Facebook-ის ანგარიშის მიერ გაზიარებულ მეორე პოსტში ნიკოლ შვაბის გაყალბებული ციტატა: „კოვიდ პანდემია მშვენიერი საშუალებაა დავინახოთ, თუ როგორ გულმოდგინედ შეასრულებს საზოგადოება ჯანმოს გეგმებს, ჩვენი პროგრამის „დიდი გადატვირთვა“ შესრულებაში“. პოსტში ასევე ვკითხულობთ, „ჯანმოს დისკუსიის მონაწილეები მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება ყალბი საფრთხის მიზეზით, საგანგებო, გადაუდებელი სიტუაცია იქნეს გამოყენებული კაცობრიობისთვის, „დიდი გადატვირთვის“ წარმატებით განხორციელების საქმეში. რეალურად, ვიდეოში შვაბი, თავის კოლეგებთან ერთად, შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„ამ კრიზისმა (იგულისხმება კოვიდ პანდემია) დაგვანახა, რომ უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, როდესაც ჩვენ გონებას მისკენ მივმართავთ და ჩვენს ცხოვრებაში საფრთხეს ვხედავთ. და მეორე, ცხადია, რომ სისტემა, რომელიც ადრე გვქონდა, არ არის მდგრადი. მე მიმაჩნია უზარმაზარ შესაძლებლობად, რომ რეალურად გქონდეს „დიდი გადატვირთვა“ და გამოვიყენოთ ფულის უზარმაზარი ნაკადები, გამოვიყენოთ გაზრდილი ბერკეტები, რომლებიც დღეს აქვთ პოლიტიკის შემქმნელებს ისე, როგორც ადრე შეუძლებელი იყო, რათა შევქმნათ ცვლილება, რომელიც არ იქნება ნელი, არამედ ისეთი, რომ შეგვეძლოს უკან მოხედვა და იმის თქმა, რომ ეს იყო მომენტი, როცა ჩვენ რეალურად დავიწყეთ ბუნების ეკონომიკის ცენტრში პოზიციონირება“.

ცნობისთვის, 2020 წელს შემუშავებული გეგმა, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება, მალევე გახდა დეზინფორმაციის სამიზნე. შეთქმულების თეორიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს გეგმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შექმნილ ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარ გაწერილ სცენარს წარმოადგენს. რეალურად, აღნიშნული „დიდი გადატვირთვა“ მიზნად ისახავს რეკომენდაციებისა და პრაქტიკული რჩევების მიცემას ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს განიცდიან (აღნიშნულ თემაზე იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამდენად, მიმდინარე კვირაში ნიკოლ შვაბის შესახებ რამდენიმე დეზინფორმაცია გავრცელდა. გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ მას კლიმატის „ლოქდაუნის“ ამოქმედება არ დაუანონსებია. ამავდროულად, კოვიდ პანდემიისას ამოქმედებული შეზღუდვები არ ყოფილა წინასწარ გაწერილი „დიდი გადატვირთვის“ ნაწილი. აღნიშნული გეგმის მიზანია, იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.