სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4) მანიპულაციური შინაარსის პოსტს ავრცელებს აღწერით: «ესტონეთის პრეზიდენტისა და შვედეთის მეფის კოსტიუმები. კიდევ ისმის კითხვა, «რატომ ვძულვართ ჩვენ დასავლეთს?» რეალურად, ფოტოზე ესტონეთის პრეზიდენტი არაა გამოსახული, შვედეთის მეფის ფოტო კი ვიზუალურად დამუშავებულია.
ფოტო 1
მოცემული ფოტო რუსულ ინტერნეტ-სივრცეში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, იმ მტკიცებით, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესია. აღნიშნული დეზინფორმაცია 2019 წელს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ DFRLab გამოიკვლია.
სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია 2011 წლის 5 ნოემბერს, ბუენოს აირესში გამართული პრაიდის მონაწილე. იმის მიუხედავად, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ერთი შეხედვით, მართლაც ჰგავს ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან. ამას მათი ვიზუალიც ადასტურებს, ყველაზე შესამჩნევია მათი განსხვავებული თვალის ფერი და ყურის ფორმა.
ფოტო 2
ფოტო, რომელზეც შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავს ლოსის ქუდი ახურავს, ვიზუალურად რედაქტირებულია. აღნიშნული ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში Tumblr 2013 წლის ოქტომბერში განთავსდა. ორიგინალ ფოტოს, რომლის ავტორი შვედი ფოტოგრაფი სუვად მრკონიჩია (Suvad Mrkonjic), შვედური მედიის მიერ 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მასალაში ვხვდებით, სადაც მეფეს სინამდვილეში შავი ქუდი ახურავს. რედაქტირებულ ფოტოში, ქუდის გარდა ყელსახვევის ფერიც შეცვლილია და ორიგინალთან შედარებით მუქია.
ნონა შარაბიძის ანგარიშიდან გავრცელებული ფოტო თავდაპირველად 2019 წლის 10 ივლისს რუსულ საიტზე, ანგარიშმა - Авдыш Олег (ХаТТабычЪ) გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშს ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები დამუშავებულია და დასავლელი პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.