სოციალურ ქსელში ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2), წერს, რომ უკრაინის მოსახლეობის 80%-ზე მეტი თავშესაფრებში არ დადის, რადგან რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. „საცხოვრებელ კორპუსებს რაც მოხვდა, ის დასავლური ანტისარაკეტო კომპლექსების არასწორი გამოყენების შედეგია“, - წერია პოსტში. რეალურად, მსგავსი კვლევა ხელმისაწვდომი არაა. უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფრების პრობლემები მართლაც აქვთ, თუმცა ამას თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა განაპირობებს და არა ის, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს.

გადამოწმების შედეგად ვერ მოიძებნა კვლევა, რომელზეც ფეისბუქ-მომხმარებელი საუბრობს.

მიმდინარე ომის ფონზე თავშესაფრების ხელმისაწვდომობის საკითხი უკრაინაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უკრაინაში 1100-ზე მეტი თავშესაფარი ჩაკეტილი ან „გამოყენებისთვის უვარგისია“.

უკრაინაში თავშესაფრების საკითხმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც 2023 წლის ივნისში რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარი, სადაც შესვლასაც თავდასხმის დროს ცდილობდნენ, დაკეტილი იყო.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთი პირი, დაცვის თანამშრომელი, რომელმაც კარის გაღება ვერ მოახერხა, პატიმრობაში დარჩება, ხოლო სამი, მათ შორის - ადგილობრივი თანამდებობის პირი, შინაპატიმრობაში იმყოფება. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილებს სამსახურებრივი დაუდევრობისთვის, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შემთხვევის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შემოწმებული 4800-ზე მეტი თავშესაფრიდან 252 იყო ჩაკეტილი, ხოლო 893 „გამოყენებისთვის უვარგისი“ იყო. სამინისტრომ განაცხადა, რომ 5,300-ზე მეტი მოხალისე, მათ შორის - სასწრაფო დახმარების მუშაკები, პოლიციელები და ადგილობრივი ოფიციალური პირები, უკრაინის მასშტაბით თავშესაფრების შემოწმებას გააგრძელებენ.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ კიევის საპატრულო პოლიცია თავშესაფრების მონიტორინგს ღამით დაიწყებს და მათ შესახებ ინფორმაციას ქალაქის სპეციალურ სამსახურს გადასცემს.

ესხმის, თუ - არა რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომის შედეგად მინიმუმ 6,919 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11,000-ზე მეტი დაიჭრა.

Human right watch-ის 2023 წლის მსოფლიო ანგარიშში, რომელიც 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა, ცალკე თავი უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებულ სამოქალაქო ობიექტებს ეთმობა. ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში განახორციელა ისეთი თავდასხმები, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. იხილეთ, ანგარიშში წარმოდგენილ რამდენიმე ასეთი შემთხვევა:

• 2022 წლის 24 თებერვლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმოადგინა ჯანდაცვის დაწესებულებებზე, პერსონალზე და ტრანსპორტზე თავდასხმის 700-ზე მეტი ფაქტი, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.

• 2022 წლის მარტის დასაწყისში, ქალაქ ჩერნიგოვის ალყაში მოქცევის შემდეგ, რუსულმა ძალებმა რვა თავდასხმის შედეგად მოკლეს მინიმუმ 98 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრეს სულ მცირე 123 ადამიანი. ამავე წლის 3 მარტს, რუსულმა ძალებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს საცხოვრებელი კორპუსებზე, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 47 მშვიდობიანი მოქალაქე. 16 მარტს, რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს პურის რიგზე სუპერმარკეტთან, დაიღუპა მინიმუმ 17 ადამიანი.

• მარიუპოლის სამთვიანი ალყის დროს რუსულმა ძალებმა მოკლეს და დაჭრეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, 2022 წლის 16 მარტს, რუსულმა ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო დონეცკის რეგიონულ თეატრზე მარიუპოლში. თავდასხმის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს თეატრს, რომელიც ამავდროულად იყო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მედიკამენტების, საკვებისა და წყლის განაწილების ცენტრი. Amnesty International-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ თავდასხმისას სულ მცირე ათეული ადამიანი დაიღუპა.

• 2022 წლის 27 ივნისს, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრს დაარტყა. თავდასხმას სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა.

• Human Rights Watch-მა დააფიქსირა რუსული მხარის მიერ მრავალი უკანონო ქმედება ხარკოვში, მათ შორის - ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება დასახლებულ უბნებში. 2022 წლის 9 მარტს რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ იზიუმში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც დაიღუპა 51 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა სარდაფში იმყოფებოდა.

• 2022 წლის 20 სექტემბერს რუსული ძალების სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე კოლონაზე, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. თავდასხმას სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და 50-ზე მეტი დაიჭრა.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყენებს თავშესაფრებს, რადგან რუსული მხარე სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს, მცდარია. ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის არაერთი ფაქტი დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი