სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), გრეტა თუნბერგის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. პოსტის მიხედვით, შვედი აქტივისტი პუტინს მოუწოდებს, ლეოპარდების განადგურება შეწყვიტოს. რეალურად, გავრცელებული ფოტო ძველია, მასზე დატანილი ტექსტი კი - გაყალბებული.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, აღნიშნული ფოტო გადაღებულია არა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არამედ 2019 წელს და იგი თუნბერგმა 2019 წლის 14 მაისს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „დაე, რუსეთიც გაიფიცოს კლიმატისთვის“.
აღსანიშნავია, რომ შვედმა კლიმატის აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ბოლო განცხადება რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა. იგი გამოეხმაურა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას: „ჩვენი თვალი ისევ რუსეთისკენაა მიმართული, რომელმაც პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე“,- წერს გრეტა თუნბერგი.
თუნბერგმა Reuters-თან ინტერვიუსას ასევე განაცხადა, რომ კაშხლის აფეთქების შედეგები იყო „აბსოლუტურად შემზარავი და საშინელი“.
შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ფოტო გრეტა თუნბერგის ციტატით, რედაქტირებულია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.