სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია(1,2,3,4), გერმანიის კანცლერის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, შოლცმა რუსებს გერმანულ ტანკებთან ფრთხილად მოქცევა სთხოვა. „ტანკები გადახდილია ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარე. თუ არის ასეთი შესაძლებლობა, მაშინ მინდა ვთხოვო რუსებს, არ გაანადგურონ ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, უბრალოდ გამოიყვანონ მწყობრიდან და უკან დააბრუნონ. იმედი მაქვს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ თხოვნას გაგებით მოეკიდება“,- წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერს არ გაუკეთებია.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. აღნიშნული განცხადების რუსული ვერსია Twitter-ის ანგარიშებისა და რამდენიმე რუსული ვებ-საიტის მიერ ვრცელდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე 14 მაისს, გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისას ისაუბრა. შოლცის თქმით, ის მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ქვეყანას დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად, ჩადენილ ქმედებების გამო, რუსეთის პასუხისგებაში მიცემას მხარს უჭერს.
აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, სადაც უკრაინის კონტრშეტევის სამხედრო მხარდაჭერაზე და ქვეყნისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ სამივე ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ საჭირო იქნება.
„დროა, პუტინმა საბოლოოდ აღიაროს, რომ მისი გეგმა ჩაიშალა, რომ მან დაასრულა ომი თითქმის 16 თვის შემდეგ ასობით ათასი დაღუპულით, მილიონობით დაშავებულით და კიდევ უფრო მეტი ლტოლვილით“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.