13-თვიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ, 2023 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები განახევრდა და 314 მლნ-დან 155 მლნ დოლარამდე შემცირდა. ასეთი დიდი ვარდნის მიუხედავად, მაისის მაჩვენებელი ომამდელ ნიშნულს მაინც 5-ჯერ აღემატება.

2014 წლამდე, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 50%-იან ნიშნულს აღემატებოდა, თუმცა ტენდენცია კლებადობით ხასიათდებოდა. 2016 წელს რუსეთის წილი 34%-მდე შემცირდა, 2018 წელს 29%-მდე, 2021 წელს 18%-მდე, 2022 წლის პირველ კვარტალში კი 13%-მდე, რის გამოც რუსეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი იტალიას დაუთმო. დინამიკა რადიკალურად 2022 წლის აპრილიდან შეიცვალა.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 403%-ით, 411 მლნ-დან 2.067 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუ მხოლოდ ბოლო სამ კვარტალს დავითვლით - 505%-ით. გზავნილებმა პიკს მეოთხე კვარტალში მიაღწია. 2022 წლის ბოლო სამ თვეში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობამ მთლიანი 2021 წლის მაჩვენებელს 2.3-ჯერ გადააჭარბა.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მასშტაბური ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა, ოღონდ მხოლოდ პირველ კვარტალში. 2023 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში 679 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — 851%-ით მეტი. აპრილში ზრდის ტემპი 20%-მდე შემცირდა, მაისში კი ზრდა საპირისპირო ნიშნით შეიცვალა.

პროცენტულ ვარდნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საბაზისო პერიოდმა იქონია. გასული წლის მაისში, ფულადი გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან 314 მლნ დოლარს მიაღწია, რაც თავად 2022 წლისთვისაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც — კლება წინა თვეებთან შედარებით. მარტში რუსეთიდან 224 მლნ გადმოირიცხა, აპრილში 160 მლნ და მაისში 155 მლნ. გადაჭრით იმის თქმა, არის თუ არა ეს ვარდნა გრძელვადიანი ტენდენცია, წინასწარ შეუძლებელია. გასული წლის ივლის-აგვისტოშიც ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან, თითქმის, 100 მლნ დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ოქტომბერში ისევ 300 მლნ-ს მიაღწია, ნოემბერ-დეკემბერში კი გადააჭარბა 300 მლნ-ს.

ყველა ქვეყნიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში 24%-ით 506 მლნ-დან 385 მლნ-მდე შემცირდა, რუსეთის გამოკლებით კი პირიქით, 20%-ით 192 მლნ-დან 230 მლნ-მდე გაიზარდა. მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან - 21%-ით , 92 მლნ-დან 111 მლნ დოლარამდე, ხოლო შეერთებული შტატებიდან 38%-ით, 27.7 მლნ-დან 38 მლნ დოლარამდე.

2022 წლამდე ფულადი გზავნილების ადრესატთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეები ყოველდღიური საჭიროებების გარდა, ინტერესდებიან უძრავი ქონებით, თანხების ნაწილს კი კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით ინახავენ.

2022 წლის იანვრიდან, 2023 წლის აპრილამდე, რუსეთის მოქალაქეებმა ჯამში 8249 ბინა შეიძინეს, რასაც 3958 მიწის ნაკვეთიც დაემატა. უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდამ გასაყიდი ბინების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა, კიდევ უფრო მეტად ქირის ღირებულება გაიზარდა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი 120%-ით იყო გაზრდილი.

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს კომერციულ ბანკებში 2.420 მლრდ ლარის ოდენობის დეპოზიტებს ინახავდნენ, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 327%-ით მეტს. რისკების დაზღვევის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 30%-40%-დან 80%-მდე გაზარდა.

რუსეთიდან ფულადი ნაკადების ზრდა ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თუ ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს შეადგენდა, 2023 წლის ივნისში კურსი 2.60-მდე გამყარდა. პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მოცულობა 4 მლრდ-დან 5.130 მლრდ-მდე გაზარდა, თუმცა მაისში 130 მლნ-ით, 5 მლრდ-მდე შეამცირა.

აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში 23.4%-ით, ხოლო მაისში ბათუმში 10%-ით შემცირდა. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, საბაზისო პერიოდი გახდა. თავის მხრივ საბაზისო პერიოდზე გავლენა რუსეთის მოქალაქეებმა მოახდინეს.

რატომ შემცირდა რუსეთიდან გადმორიცხვები და რუსეთი მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობა? ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა სავარაუდო მიზეზები დასახელდეს: ერთი მხრივ, სავარაუდოა რომ ვისაც რუსეთიდან გაქცევა ან დანაზოგის გატანა სურდა, მან ქვეყანა ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში და შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადებისას დატოვა და დანაზოგებიც გაიტანა. შესაბამისად 2023 წლისათვის რელოკაციის ნაკლები მოსურნე დარჩა. მეორე მხრივ, ხანგრძლივი ომისა და მასზე რეაგირების ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა, გასულ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივია, მძიმე მდგომარეობაშია და ნეგატიურ გავლენას ინდივიდების გამომუშავებაზეც ახდენს, რაც, სავარაუდოდ, უარყოფითად მოქმედებს გადმორიცხვების მოცულობაზე. ასევე ერთ-ერთი დასაშვები ვარაუდია, რომ დროთა განმავლობაში მოიძებნა სახრების რელოკაციის ისეთი გზები, რომლებიც ნაკლებად დაკვირვებადია. ამ შემთხვევაში, რუსული ფინანსური ნაკადების ფაქტობრივი შემოდინება, შესაძლებელია, შემცირებული არც იყოს და სახეზე გვქონდეს მხოლოდ მისი დაკვირვებადი ნაწილის შემცირება, არადაკვირვებადის ზრდის პარალელურად.

რა იქნება შემდგომ პერიოდში, კიდევ უფრო რთულად გამოსაცნობია. თეორიულად, ახალი სამობილიზაციო ტალღის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლო მიგრანტთა რაოდენობა ისევ გაიზარდოს, მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ რუსეთმა თუნდაც მხოლოდ ომში გასაწვევი ასაკის კაცებისთვის, საზღვრები თავად ჩაკეტოს, ასევე, კიდევ უფრო გაართულოს ქვეყნიდან ფინანსური სახსრების გატანა როგორც ელექტრონული, ასევე ფიზიკური ფორმით. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რუსული წარმოშობის ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებით არსებული რისკი, მათ შორის, მყისიერი უკუპროცესის (შემოსული ნაკადების უკან გადინება ან გადადინება მესამე ქვეყნებში) მაღალია. შესაბამისად, მისასალმებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება აღნიშნულ რესურსზე ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-მდე აწევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გახდა პროსახელისუფლებო „ექსპერტების“ მხრიდან კრიტიკის საგანი, არსებული რისკის სრული იგნორირებითა და ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე მითითებით. სავარაუდოა, რომ, როგორც აქამდე, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული აქტორები ირიბად მთავრობის პოზიციას ახმოვანებდნენ. სწორედ მსგავს გადაწყვეტილებებში ჩანს ეროვნული ბანკის მთავრობისაგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.


მსგავსი სიახლეები

5435 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი