ალეკო ელისაშვილი: კალაძეს დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდა ატეხილი, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაიწყებოდა, ორი აგური ერთმანეთზე არ დაუდია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მიწისზედა მეტროს პროექტი კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა. მაშინ კახა კალაძე აცხადებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა. აღნიშნული პროექტით რვა ახალი მეტროსადგური უნდა აშენებულიყო. პროექტის მეორე მიმართულება თბილისის და რუსთავის მეტროთი დაკავშირებას გულისხმობდა. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე 12 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა შემდგომში პროექტი ისე შეჩერდა, რომ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, კახა კალაძის ერთ-ერთი დაპირება, რომ თბილისში მიწისზედა მეტრო აშენდებოდა, არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
ალეკო ელისაშვილმა ლილოს დასახლებაში ყოფნისას, მიწისზედა მეტროზე ისაუბრა და განაცხადა: „კალაძის კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებას შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ კალაძემ დიდი პრეზენტაცია მოაწყო და ჰქონდა დიდი ბაქი-ბუქი ატეხილი, რომ 2019 წლიდან დაიწყებოდა მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორის მეტროდან ლილოს ბაზრობამდე და მეორე ეტაპზე აშენდებოდა უკვე მეორე ხაზი ლილოს ბაზრობიდან ქალაქ რუსთავამდე. 2021 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს პროექტი. რვა სადგური უნდა ამოქმედებულიყო მიწისზედა მეტროსი, ახლა 2025 წლის ივლისია, რვა კი არა ნახევარი სადგური გვაჩვენეთ, თუ სადმე არის გაკეთებული. ერთი ბარი არ დაურტყამთ. ორი აგური არ დაუდიათ ამ პროექტის გამო. ეს აფერა დაგვიჯდა 12 მლნ ლარი“.
მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი 2018 წელს „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე წარადგინა. მაშინ კახა კალაძე აცხადებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა.
მიწისზედა მეტროს ხაზი მეტროსადგურ „სამგორიდან“, აეროპორტის გავლით, ლილოს ბაზრობამდე, 8 ახალი სადგურის: „სამგორი 2“, „კახეთის გზატკეცილი“, „ისთ პოინთი“, „ორხევი“, „აეროპორტის დასახლება“, „აეროპორტი“, „ლილოს დასახლება“, „ლილოს ბაზრობა“, მშენებლობას გულისხმობდა.
მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო და ახალი ხაზი ეტაპობრივად, 2020-2021 წლის განმავლობაში, უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 30 მლნ აშშ დოლარი ვაგონების შესაძენად, დანარჩენი თანხა კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯებოდა. მეტროს მოცდის სავარაუდო დროდ 10 წუთი სახელდებოდა, რომელიც ეტაპობრივად შემცირდებოდა. მეტროს ახალი ხაზით ყოველდღიურად 200 000 ადამიანს უნდა ესარგებლა. პროექტის მეორე ეტაპზე თბილისი მიწისზედა მეტროთი რუსთავს უნდა დაჰკავშირებოდა. მაშინდელი ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩეოდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 12 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.
რაც შეეხება ამ პროექტის მეორე მიმართულებას - რუსთავის მიწისზედა მეტროს, 2019 წელს რუსთავის ვიცე-მერი ბესიკ ტოგონიძე აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია - MC Mobility Consultants GmbH-ს კვლევის შედეგად დადგინდებოდა, მიწისზედა მეტროს ხაზი რუსთავამდე კონკრეტულად სამგორიდან მივიდოდა, თუ თბილისის აეროპორტიდან. ავსტრიულ კომპანიას კვლევა სამთვიან პერიოდში უნდა დაესრულებინა და შემდგომი 11 თვე დეტალური პროექტირების ეტაპს მოხმარდებოდა. ამის შემდეგ, უკვე 2020 წლისთვის პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
2021 წლის მარტში თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, მერიამ ავსტრიულ კომპანიას მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.
მისი ინფორმაციით, მიწისზედა მეტროს პროექტი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, შემდეგ პროექტირება და მშენებლობა. მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ დროისთვის ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, პროექტი საერთოდ განხორციელდებოდა, თუ - არა.
2021 წლის ბოლოს „ფაქტ-მეტრმა“ მიწისზედა მეტროს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა. მათი პასუხის მიხედვით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ თბილისის აღმოსავლეთ საზღვრის აგლომერაციაში სუბურბანული რკინიგზის განვითარების საპროექტო მომსახურებისთვის ხელშეკრულება კომპანია „ILT Consulting Engineers Georgia LLC”-თან გააფორმა. ხელშეკრულება რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, საიდანაც იმ დროისთვის დასრულებული იყო წინასწარი კვლევის ეტაპი (მიზანშეწონილობის კვლევავ -feasibility study). მუნიციპალიტეტის პასუხისვე მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელება დროებით შეჩერებული იყო.
2021 წლის ბოლოს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება აღარ იგეგმებდა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსებული მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც 2020-2021 წლებში ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო და თბილისის მერი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევდა, შეჩერდა. თუმცა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისთვის 12 მლნ ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, კახა კალაძის აღნიშნული დაპირება არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.