იტვირთება

2022 წელს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან რეკორდულად ბევრი - 4.372 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წელთან შედარებით, 86%-ით მეტია. მხოლოდ რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 2.067 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ეს კი თავის მხრივ 2020 წლამდე ნებისმიერი ცალკე აღებული წლისთვის ყველა ქვეყნიდან გადმორიცხული თანხების ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.

საქართველოს ეკონომიკაში ფულად გზავნილებს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკავა და მისი ფარდობითი სიდიდე ხშირად მშპ-ს 10%-საც აჭარბებდა (გზავნილები მშპ-ს დათვლის ფორმულაში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მის ერთ-ერთ კომპონენტზე - მოხმარებაზე ახდენს საგრძნობ გავლენას, ასევე თუ გზავნილების ფარდობა მშპ-სთან 10%-ს შეადგენს, ეს არ ნიშნავს, რომ მშპ-ს ფორმირებაში მას ზუსტად 10%-იანი წილი უკავია). ისტორიულად ცალკეული გამონაკლისის გარდა, ტრანსფერები ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, მაგრამ იცვლებოდა სტრუქტურა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდის პარალელურად, რუსეთის წილი განუხრელად მცირდებოდა. რუსეთიდან გამორიცხულმა თანხებმა წილობრივად მინიმუმს - 18%-ს, 2021 წელს მიაღწია, 2022 წელს კი 2014 წლის შემდეგ პირველად 47%-ს გადააჭარბა.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები წლების მიხედვით

წყარო: ეროვნული ბანკი

2011-2021 წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 88%-ით, 1.248 მლრდ აშშ დოლარიდან 2.350 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. იმას, რასაც იქამდე 10 წელი დასჭირდა, 2022-ში ერთ წელში მოესწრო და გზავნილების მოცულობა 86%-ით გაიზარდა.

აბსოლუტურ მაჩვენებლებთან ერთად მნიშვნელოვანია სტრუქტურაც. 2011 წელს რუსეთის წილი 52%-ს შეადგენდა, 2012 წელს 56%-ს. 2013 წელს 54%-მდე შემცირდა და ამის შემდეგ 2022 წლამდე მუდმივი კლება გრძელდებოდა. 2018 წელს დამოკიდებულება 30%-იან ნიშნულს ჩამოსცდა, 2020 წელს 20%-იანს.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში

წყარო: ეროვნული ბანკი

ვარდნა 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. კერძოდ, იანვარ-მარტში საქართველოში სულ 545 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც რუსეთიდან მხოლოდ 71.3 მლნ, ანუ 13.1% იყო. კლების გაგრძელების ფონზე, რუსეთმა გზავნილებში პირველი ადგილი იტალიას დაუთმო.

თუ პირველ კვარტალში რუსეთის წილი გზავნილებში 13.1%-მდე შემცირდა, მეორე კვარტალში 55%-მდე გაიზარდა, მესამეში 37%-მდე შემცირდა, მაგრამ მეოთხეში უკვე 60%-ს მიაღწია. ბოლო 3 კვარტლის საშუალომ კი 52.2% შეადგინა.

გრაფიკი 3: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში

წყარო: ეროვნული ბანკი

აპრილში ფულადი გზავნილების ჯამი თანხობრივად 58.8%-ით - 194 მლნ-დან 308 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთიდან 299%-ით - 33 მლნ-დან 133 მლნ-მდე. მაისში 889%-ით -31.7 მლნ-დან 314 მლნ-მდე, ხოლო ივნისში 492%-ით - 39 მლნ-დან 231 მლნ-მდე. მეორე კვარტალში ზრდის ტემპმა 552%-ს მიაღწია, მესამეში 232%-ს, მეოთხეში რეკორდულად მეტს - 748%-ს. მთელი წლის განმავლობაში 403%-ს და თუ მხოლოდ ბოლო სამ კვარტალს დავითვლით - 505%-ს. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში იმაზე 1.5-ჯერ მეტი გადმოირიცხა, ვიდრე მთლიან 2021 წელს.

გრაფიკი 4: ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან

წყარო: ეროვნული ბანკი

ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, ცხადია, რომ რეკორდული ზრდის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გახდა. რაში დაიხარჯა რუსეთიდან დამატებით გადმორიცხული 1.6 მილიარდი, ამის სტატისტიკას ეროვნული ბანკი არ აწარმოებს. უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნისა და დარეგისტრირებული შპს-ები რაოდენობის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ თანხები ძირითადად ამ მიმართულებებით გადამისამართდა.

წლების განმავლობაში, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები, ძირითადად ყოველდღიურ საჭიროებებს, ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში - ავტომობილისა და ბინის შეძენას ხმარდებოდა. ფულს ადგილზე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამამულო და იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად ხარჯავდნენ.

2022-ის შემთხვევაში, გზავნილების არსებითი ნაწილის ფაქტობრივი ადრესატები რუსეთის მოქალაქეებიც გახდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 4.7 მლნ ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 173%-ით მეტია, თუმცა ზრდის ტემპი ბევრად უფრო მაღალია რუსეთის შემთხვევაში. 12 თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 1.087 მლნ ვიზიტი განხორციელდა, რაც 413%-იან ზრდას ნიშნავს. პანდემიამდე - 2019 წლის იანვარ-დეკემბერში, რუსეთის მოქალაქეების წილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში 19%-ს აღწევდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 12.4%-მდე შემცირდა, 2022 წელს კი 23.1%-მდე გაიზარდა.

გადმორიცხული თანხის ნაწილი ბუნებრივია, საცხოვრებელ ხარჯებს მოხმარდებოდა, მაგრამ არა სრულად. საქსტატის ინფორმაციით, მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.9%-ით გაძვირდა, ვაკეში ფასის ზრდის ტემპმა 14%-ს, ხოლო მთაწმინდაზე 20%-საც გადააჭარბა. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, იჯარის საფასური ბევრად უფრო მეტად, 73%-ით გაიზარდა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 12 335-მა მოქალაქემ 15 164 უძრავი ქონება შეიძინა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელი ბინა იყო. იმავე პერიოდში, რუსეთის 10 975-მა მოქალაქემ 13 850 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. შედარებისთვის, მთელი 2021 წლის განმავლობაში რუსეთის 3739 მოქალაქის საკუთრებაში 4332 უძრავ ქონებაზე გაიცა რეგისტრაციის ნებართვა.

მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 000-ზე მეტი კომპანია დაარეგისტრირეს.

ფულადი გზავნილების მკვეთრმა ზრდამ გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზეც იქონია. 2022 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით, 39 თეთრით - 3.09-დან 2.70-მდე გამყარდა, რაც 12.6%-იან გამყარებას ნიშნავს. აშშ დოლარის გარდა, ლარი 17.6%-ით გამყარდა ევროსთან, 21.9%-ით ბრიტანულ გირვანქასთან, 23.6%-ით იაპონურ იენთან და ასევე ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით თითქმის ყველა საერთაშორისო ვალუტასთან, თუმცა ტაჯიკურ სომონთან მხოლოდ 3.6%-ით გამყარდა, სომხურ დრამთან კი პირიქით - 6.6%-ით გაუფასურდა. თუ 2022 წლის იანვარში 1 აშშ დოლარის შესაძენად 480 დრამი იყო საჭირო, დეკემბრის ბოლოს 392 დრამიც საკმარისი გახდა. აღნიშნულის მიზეზი სავარაუდოდ, დასახელებულ ქვეყნებშიც მსგავსი პროცესების მიმდინარეობაა, რასაც ადგილი საქართველოში აქვს. კერძოდ, რუსეთიდან ემიგრირებული პირების და შესაბამისად, გარკვეული მოცულობის სავალუტო ნაკადების რელოკაცია.

ვალუტის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ფულის მასა, რეფინანსირების განაკვეთი, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები, ბიუჯეტის ხარჯვის დინამიკა და ა.შ. ამ ყველაფერს ფულადი გზავნილებიც ემატება, მისი მკვეთრი ზრდა ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 4.372 მლრდ დოლარი საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20%-ია, რაც მის არსებითობას უსვამს ხაზს.


მსგავსი სიახლეები

4676 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი