მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი რეკორდულ მაჩვენებელზეა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5.1 მლნ-ს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-ით და 2019 წელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდა და 6 თვეში 2.3 მლნ-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით გაზრდილია როგორც ერთდღიანი, ასევე არატურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობაც, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ამ მიმართულებებით კვლავ ჩამორჩენა შეინიშნება.
2023 წლის მდგომარეობით, 1 ვიზიტორი საქართველოში 5.4 ღამეს რჩებოდა, 2024 წელს 5.5 ღამეს, 2025 წლის დეტალური ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა.
წლის პირველ ნახევარში 3.8%-ით - 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. შემოსავალი ტურისტების რაოდენობასთან შედარებით, უფრო მცირე ტემპით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობა მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა. იგივე მოხდა 2024 წელსაც, რიდესაც ტურისტების რაოდენობა 9%-ით და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 7.2%-ით გაიზარდა.
ტურისტების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რომ რეკორდულ მაჩვენებელზეა, სიტყვა-სიტყვით სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, პანდემიური პერიოდის გამოკლებით, ინდუსტრია ნომინალურად ყოველთვის იზრდებოდა, ხშირად უფრო სწრაფი ტემპითაც. გასული წლის პირველ ნახევარში ტურისტების რაოდენობა 10%-ით და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5.2%-ით გაიზარდა.
ფაქტობრივი სიზუსტის, მაგრამ იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ ზრდის ტემპი და 1 ტურისტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
ტურიზმზე საუბრისას, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „გასულ 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს. ჩვენი პროგნოზი და მოლოდინია, ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოს 5.1 მლნ ტურისტი ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 9%-ით და 2019 წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება. ტურისტული ტიპის ვიზიტების მცირე ზრდის მიუხედავად, ერთდღიანი ვიზიტებისა და სხვა არატურისტული ვიზიტების კლების ხარჯზე, ვიზიტორთა და საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ დაბრუნებია.
2025 წლის პირველ ნახევარში ზრდა გაგრძელდა. იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4.4%-ით და მათ შორის ტურისტული ტიპის ვიზიტორთა რაოდენობა 6.9%-ით გაიზარდა. ერთდღიან და სხვა არატურისტული ტიპის ვიზიტორთა რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს კვლავ ვერ დაუბრუნდა. საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობა 2019 წლის იანვარ-ივნისში 3.9 მლნ-ს უდრიდა, რამაც 2025 წლის იანვარ-ივნისში 3.2 მლნ შეადგინა
ვიზიტორთა რაოდენობაში პირველ ადგილზე რუსეთია და მან ამ პოზიციაზე თურქეთი ჩაანაცვლა. 6 თვეში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 53 ათასით გაიზარდა, თურქეთიდან კი 90 ათასით შემცირდა. შედეგად, რუსეთის წილი 17.5%-დან 18.4%-მდე გაიზარდა, ხოლო თურქეთის პირიქით 20.7%-დან 16.9%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 1: ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტები (1000 ვიზიტი)
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, აზერბაიჯანის წილი კვლავ 5%-ზე ნაკლებია, რისი უმთავრესი მიზეზიც ბაქოს გადაწყვეტილებაა, რომლის ძალითაც, სახმელეთო საზღვრები (პანდემიის მოტივით) დღემდე ჩაკეტილი რჩება.
ტურისტების პარალელურად, გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს მიაღწია.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით იმდენივე პროცენტით გაიზარდა, რამდენითაც ვიზიტორთა რაოდენობა და უფრო ნაკლებით ვიდრე ტურისტთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული თანხა არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც.
იანვარ-ივნისში, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილი 308 მლნ დოლარით ისევ რუსეთმა დაიკავა (2024 წლის იანვარ-ივნისში რუსეთს პირველი ადგილი 380 მლნ-იანი შემოსავლით ეკავა), თუმცა მისი წილი 20%-დან 15.6%-მდეა შემცირებული. ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი პირები ან პირები, რომლებიც 1 წელზე მეტი ხნით აპირებენ ქვეყანაში დარჩენას, ამის გამო, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ამ ადამიანთა მიერ გაწეული ხარჯები ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში აღარ აღრიცხულა.
შემოსავლების 10%-იანი კლების მიუხედავად, მეორე ადგილზე 259 მლნ-ით თურქეთი გავიდა. 242 მლნ-ით მესამე ადგილი ისრაელმა დაიკავა, საიდანაც შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად - 38%-ით გაიზარდა. 12.5%-ით - 277 მლნ დოლარამდე გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირიდან.
გრაფიკი 2: ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ანგარიში, სადაც უფრო დეტალურადაა ახსნილი, ტურისტის ვიზიტის მიზნობრიობა, ხანგრძლივობა, ვიზიტის განმეორებითობა... ყოველწლიურად ქვეყნდება და 6 თვის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. წინა პერიოდის ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ 2023 წელს ვიზიტების 72.8% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა, 2024 წელს განმეორებითი ვიზიტების წილი 76%-მდე გაიზარდა. ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 5.4-დან 5.5 ღამემდე გაიზარდა. როგორც 2023, ასევე 2024 წლებში ვიზიტის ხანგრძლივობაში პირველი ადგილი ერთ ვიზიტორზე საშუალოდ 13.8 და 17.4 ღამით, ინდოეთმა დაიკავა. ღამისთევის სტატისტიკა მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2019 წელს 1 ვიზიტორი ქვეყანაში საშუალოდ 4.1 ღამე რჩებოდა, 2024 წელს - 5.5 ღამეს რაც 34%-იან ზრდას უდრის, თუმცა ჯამური ღამისთევები უფრო ნაკლებით - 13%-ით (31.7-დან 35.7 მლნ-მდე) გაიზარდა, რისი მიზეზიც ერთდღიანი ვიზიტორების კლება გახდა.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, ტურისტული ტიპის ვიზიტებმა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, თუმცა, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ პერიოდს, ინდუსტრია ადრეც ყოველთვის იზრდებოდა. საყურადღებოა ორი გარემოება: ის, რომ ზრდის ტემპი შემცირდა და ის, რომ 1 ტურისტის მიერ დახარჯული თანხის ოდენობა შემცირდა. ფაქტობრივი სიზუსტის, მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.