სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაყალბებული ციტატა ვრცელდება (1,2). გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ვიდეო, სადაც, მტკიცების თანახმად, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხს დონალდ ტრამპის არჩევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავად საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.
აღნიშნული ვიდეომონაკვეთი ინგლისურენოვანი ანგარიშების მიერ 2020 წელს ვირუსულად ვრცელდებოდა (1,2,3) და ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც კი გააზიარა.
სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია, ბაიდენის აღნიშნული ციტატა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მეტიც, აღნიშნული კადრები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირში არაა და ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 7 მარტს მისურის შტატშია გადაღებული. ამ დროს ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად ჯერ არ იყო დასახელებული. შესაბამისი ვიდეომასალა ჯო ბაიდენის ოფიციალურ YouTube-არხზე 3 წლის წინ არის გამოქვეყნებული. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი ამბობდა, რომ თუ დემოკრატები ნეგატიურ საარჩევნო კამპანიას გაატარებდნენ, ეს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყობდა ხელს: „ამ ნეგატიური კამპანიით ჩვენ მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევა შეგვეძლება - ეს უნდა იყოს პოზიტიური კამპანია, ასე რომ შემოგვიერთდით“, – აცხადებს ჯო ბაიდენი მისი გამოსვლის ავთენტურ ჩანაწერში.
ამდენად, მტკიცება, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შესახებ გააკეთა განცხადება, ყალბია. გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია, ის ბაიდენის განცხადებას დამახინჯებულად წარმოაჩენს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.
-----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.