4 აპრილს პრორუსული ტელევიზია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში - „დღის კომენტარი 12:30 საათზე“, წამყვანმა ჯაბა ჟვანიამ ფინეთის ნატოში გაწევრების თემაზე მსჯელობის დროს დეზინფორმაციული გზავნილები გააჟღერა.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული გზავნილები გადაამოწმა.

მტკიცება N1: ფინეთს, რომელსაც აქამდე ჰქონდა საერთოდ ნეიტრალური სტატუსი, არაფერი არ უკეთებია ნატოსთან მისაახლოებლად, არანაირ მისიებში არ მიუღია მონაწილეობა. საერთოდ არც უხსენებია აქამდე ნატო [...] ფინეთს ჯარი საერთოდ არ ჰყავს, [...] რუსეთს შეუძლია ოცდაოთხ საათში აიღოს წინააღმდეგობის გარეშე. […] ფინეთის თავდაცვა დღეს საქართველოზე ძლიერიც კი არ არის

მტკიცება, რომ ფინეთს ჯარი არ ჰყავს, ნატოს მისიებში მონაწილეობა არ მიუღია და ნატოსთან დასაახლოებლად არაფერი გაუკეთებია, ტყუილია.

1995 წელს ალიანსმა ნატოს გაფართოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ახალი წევრების მიღების ასპექტებს და მათი გაწევრების პროცედურებს ითვალისწინებდა. კვლევა ალიანსის წევრობის მსურველი სახელმწიფოებისთვის ნატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმთან თავსებადობაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს კრიტერიუმებია:

• საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული მოქმედი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;

• უმცირესობების სამართლიანი მოპყრობა;

• კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულება;

• ნატოს ოპერაციებში სამხედრო წვლილის შეტანის უნარი და სურვილი;

• დემოკრატიული სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებისა და ინსტიტუციური სტრუქტურებისადმი ერთგულება.

ნატოსთან ფინეთის თავსებადობის სამხედრო კრიტერიუმზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ფინეთს, წარსულში მისი სამხედრო-ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად, ნატოსთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს.

ნატოსთან ფინეთის თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როცა ის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამას, ხოლო 1997 წელს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს შეუერთდა. ნატოს ოპერაციებში და ალიანსის სხვა მიზნებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო ფინეთი მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით სარგებლობდა („გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები“). ფინეთი მონაწილეობს სტრატეგიულ საჰაერო გადაზიდვის ინიციატივაში, ნატოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებში და ა.შ.

ნატოს ოპერაციებში სამხედრო წვლილის შეტანის უნარისა და სურვილის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინეთის ნატოს ოპერაციებსა და მისიებში ჩართულობაა. ფინელები მონაწილეობდნენ ნატოს ლიდერობით წარმოებულ მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ.

დამატებით, ასევე აბსურდულია მტკიცება, თითქოს ფინეთს ჯარი არ ჰყავს და მისი თავდაცვა საქართველოზე ძლიერია. 2022 წლის მონაცემებით, ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.96%-ს სამხედრო სფეროზე იხარჯება, რაც 5.1 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ მაჩვენებელს ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაცემებს თუ შევადარებთ, ფინეთი სიის მე-5 ადგილზე აღმოჩნდება. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ფინეთზე მეტს მხოლოდ აშშ (მშპ-ის 3.47 %), პოლონეთი (2.43 %), ესტონეთი (2.34 %) და დიდი ბრიტანეთი (2.12%) ხარჯავდნენ.

ფინეთის მუდმივი შეიარაღებული ძალები დაახლოებით 23,000 ადამიანს შეადგენს, მაგრამ ქვეყნის საყოველთაო გაწვევის სისტემა ჰელსინკის საშუალებას აძლევს, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავისი არმია 280,000 პერსონალამდე გააფართოოს.

ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ ტიმო კივინენის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ფინეთს შესაძლოა ყველაზე დიდი საცეცხლე ძალა (Fire Power) ჰქონდეს. მისივე შეფასებით, ფინეთს აქვს მნიშვნელოვანი თავდაცვითი უნარი, აწარმოოს ისეთი ომი, როგორიც უკრაინაშია.

ფინეთი 240-ზე მეტ ძირითად საბრძოლო ტანკს ფლობს, მათგან უმრავლესობა Leopard – 2 - ის ტიპისაა. ფინეთს ასევე აქვს 100-ზე მეტი თვითმავალი საარტილერიო იარაღი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამხრეთ კორეის წარმოების 39 ცალი K9 Thunder და 29 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა M270.

ფინეთის საზღვაო ფლოტი მოწინავე ამერიკული საბრძოლო მასალით შეიარაღებული ამერიკული წარმოების 55 ცალი F/A-18 Hornets-ისგან შედგება. რაც შეეხება საჰაერო ძალებს, ფინეთის საჰაერო ძალების F/A-18-ები 2026 წელს 64 ამერიკული F-35-ის მეხუთე თაობის გამანადგურებლით ჩანაცვლდება.

აღსანიშნავია, რომ ფინეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფინეთის მოსახლეობის 2/3-ს სჯერა, რომ ფინეთი თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვისთვის ადეკვატურ სამხედრო შესაძლებლობებს ფლობს.

ცნობისთვის, მსოფლიო სამხედრო ძალის ინდექსის (Global Firepower Index) მიხედვით, ფინეთი სამხედრო სიძლიერის მხრივ 145 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემით ის ნატოს ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: უნგრეთი (54), ბულგარეთი (59), სლოვაკეთი (67), ბელგია (68), ხორვატია (69), სლოვენია (86), ლიეტუვა (93); ლატვია (95), ესტონეთი (105), ჩრდილოეთ მაკედონია (108), ლუქსემბურგი (126), ნატოს წევრ ისლანდიას კი არმია საერთოდ არ ჰყავს. ცნობისთვის, საქართველო ინდექსის მიხედვით, 145 ქვეყნიდან 85-ე ადგილზეა.

მტკიცება N2: ფინეთის მოსახლეობის არჩევანი იყო ნეიტრალიტეტი, შვედეთისაც ეგრეა. ფინეთი ახლა ძალით შეიყვანეს [ნატოში] [...] ძალით შეიყვანეს. ფინელ ხალხს ეგ არავინ ჰკითხა

სინამდვილეში, ფინეთის მოსახლეობის ტრადიციული ნეიტრალური განწყობების მიუხედავად, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გარდამტეხი ცვლილებები გამოიწვია. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთის მოსახლეობის განწყობები ნატოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა. 2022 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვით, ნატოში გაწევრებას ფინეთის მოსახლეობის 60% უჭერდა მხარს, 2022 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით კი ნატოს წევრობისადმი დადებით დამოკიდებულებას მოსახლეობის 78% აფიქსირებდა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნატოსთან ყველა სახის თანამშრომლობაზე, მათ შორის ფინეთში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებაზე, ასევე თანახმაა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანო ომის დაწყებამდე, 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ნატოში წევრობას ფინელთა მხოლოდ 26% ემხრობოდა.

ნატოს წევრობას ემხრობა შვედთა უმრავლესობაც. 2022 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შვედეთის ნატოში გაწევრებას მოსახლეობის 51% ემხრობოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება შვედი მოქალაქეების უმრავლესობამ დააფიქსირა. ნატოს მიმართ მოსახლეობის განწყობების ცვლილების საფუძველი ამ შემთხვევაშიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრობის მიმართ დადებითი განწყობები მუდმივად იზრდება. 2022 წლის მაისში კითხვაზე უნდა შეუერთდეს, თუ - არა შვედეთი ნატოს, დადებითი პასუხი - 58%-მა, 2022 წლის ივლისში კი 64%-მა დააფიქსირა.

მტკიცება N3: ნატო არის ორგანიზაცია, [რომელიც] თავის დროზე როცა შეიქმნა პირდაპირ წესდებაში ჩაიწერა, რომ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად [შეიქმნა]. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკი იყო. საბჭოთა კავშირი არ არსებობს. შესაბამისად, სამიზნე არის, რა თქმა უნდა, რუსეთი

მტკიცება, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაციაა და მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებადი დეზინფორმაციული გზავნილია. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ დეზინფორმაციას წარსულშიც გამოეხმაურა (იხილეთ: სტატია).

სინამდვილეში, ნატოს დამფუძნებელ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში მოეწერა, საბჭოთა კავშირი ნახსენები არაა. მასში აღნიშვნები არც რუსეთის შესახებ გვხვდება.

ხელშეკრულებაში სახელმწიფოები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებისა და პრინციპებისადმი თავიანთ რწმენასა და ყველა ხალხთან და მთავრობასთან მშვიდობიანი ცხოვრების სურვილს ადასტურებენ. აქვე ადასტურებენ თავიანთ სურვილს, კოლექტიური თავდაცვისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ძალისხმევა გააერთიანონ, რითაც ნატოს თავდაცვით ბუნებას უსვამენ ხაზს.

ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება, ასევე კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება და თავდასხმის შემთხვევაში, ინდივიდუალურად ან გაეროს ქარტიის 51-ე მუხლზე დაყრდნობით, კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობას მოიაზრებს. შესაბამისად, დოკუმენტის მიხედვით, ნატოს უმთავრეს ამოცანას გარეშე აგრესიისგან წევრი ქვეყნების დაცვა წარმოადგენს და მისი დამფუძნებელი ხელშეკრულება არცერთ ქვეყანაზე თავდასხმას მიზნად არ ისახავს.

რაც შეეხება ნატოს რუსეთთან ურთიერთობებს, აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ნატომ რუსეთთან პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აირჩია. რუსეთი ნატოს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) 1994 წელს პირველი შეუერთდა. 1997 წელს ნატოსა და რუსეთს შორის ხელი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დამფუძნებელ აქტს მოეწერა. ასევე ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც თანასწორუფლებიანობას ეფუძნებოდა და საერთო ინტერესებსა და უსაფრთხოების ფართო საკითხებზე კონცენტრირდებოდა. მუდმივი კონტაქტისა და თანამშრომლობის ხელის შეწყობის მიზნით, ნატომ 2001 წელს მოსკოვში - საინფორმაციო ოფისი, 2002 წელს კი სამხედრო სამოკავშირეო მისია გახსნა.

რუსეთთან ნატოს თანამშრომლობის სურვილზე ნატოს სტრატეგიული დოკუმენტებიც მეტყველებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატომ 4 სტრატეგიული კონცეფცია წარმოადგინა: 1991 წელს მიღებულ დოკუმენტში ყურადღება ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ყოფილ მოწინააღმდეგეებთან პარტნიორობასა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე მახვილდებოდა. 1999 წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში დიდ როლს თამაშობს; მასში ევრო-ატლანტიკურ ქვეყნებში გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობის მისაღწევად ნატო-რუსეთს შორის ორმხრივობისა და გამჭვირვალობის საფუძველზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობაა ხაზგასმული. 2010 წლის სტრატეგიაში ნახსენებია, რომ ცალკეულ საკითხებში განსხვავებების მიუხედავად, რუსეთისა და ნატოს სივრცის უსაფრთხოება გადაჯაჭვულია.

შესაბამისად, ნატო სსრკ-ს დაშლის შემდეგ უპირატესობას რუსეთთან კონსტრუქციულ, პარტნიორობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ანიჭებდა. მხოლოდ 2014 წლის მარტში, უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ, ნატომ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა, თუმცა პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო კომუნიკაციის საშუალებები კვლავ ხელმისაწვდომი დატოვა. უკვე 2022 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადების შემდეგ, მადრიდის სამიტზე მიღებულ ნატოს ახალ 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში აღინიშნა, რომ ნატო რუსეთთან პარტნიორულ თანამშრომლობას ვეღარ განიხილავს. კონცეფციაში რუსეთი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვისა და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედაა აღიარებული. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ნატო კონფრონტაციას არ ესწრაფვის და რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამასთანავე, ნატოს მიმართ კეთილგანწყობა თავისი პრეზიდენტობის პირველ ხანებში პუტინსაც არაერთხელ დაუფიქსირებია. 2000 წლის თებერვალში, პუტინმა, რომელიც მოქმედი პრემიერ- მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მოსკოვში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანთან - ჯორჯ რობერტსონთან, შეხვედრაზე ნატოსთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი გამოთქვა. „მინდა, რომ ნატოსთან ურთიერთობები აღვადგინოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მინდა, რომ ეს გავაკეთო [...] ზოგი ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ ეს არის, რაც მე მინდა. მინდა რუსეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი იყოს. ეს ჩვენი ბედისწერაა“, - განაცხადა პუტინმა.

ჯორჯ რობერტსონის მიხედვით, პუტინმა ორგანიზაციაში სწრაფი გაწევრების სურვილი დააფიქსირა და მას ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდნენ რუსეთს ნატოში. მას შემდეგ, რაც რობერტსონმა განუცხადა, რომ ნატოში წევრობის შესახებ განაცხადს თავად სახელმწიფოები აფიქსირებდნენ, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც მნიშვნელობა არ ჰქონდათ, რიგში დგომას არ აპირებდა.

დამატებით, რობერტ პეტერსონის თქმით, როდესაც 2002 წელს ნატომ აღმოსავლეთ ევროპის 7 სახელმწიფოს, მათ შორის - ბალტიის ქვეყნებს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიანიჭა და ალიანსში ფორმალურად მიიწვია, ნატოს გაფართოების შესახებ უკმაყოფილება პუტინს არცერთ შეხვედრასა და საუბარში დაუფიქსირებია. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინმა ასევე თქვა, რომ „ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების ის ფორმა, რომელსაც ყველაზე ეფექტურად მიიჩნევს“.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.