21 სექტემბერს ალტ-ინფოს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ წამყვანმა ჯაბა ჟვანიამ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს ყალბი მტკიცება გააჟღერა: „ნატოს წესდებაში წერია, რომ რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციაა, შესაბამისად ეგ უკვე ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორია უნდა დაეთმოს რუსეთისკენ ნატოს რაკეტების დამიზნებას.“ რეალურად, ნატოს წესდება/ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება წარმოადგენს ნატოს დამფუძნებელ დოკუმენტს და მის არცერთ მუხლში რუსეთი ნახსენები არ არის.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ასევე ცნობილი როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულება, არის ნატოს დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელსაც 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში მოეწერა ხელი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანებისადმი ერთგულებას და მსოფლიოს ხალხებთან და მთავრობებთან მშვიდობიან გარემოში თანაარსებობის სურვილს ადასტურებენ. დოკუმენტის მიხედვით, ნატოს უმთავრეს ამოცანას გარეშე აგრესიისგან წევრი ქვეყნების დაცვა წარმოადგენს. ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ ისწრაფვიან და გამოხატავენ მტკიცე ნებას, მოახდინონ საერთო ძალისხმევის მობილიზება კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად და მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. დოკუმენტი 14 მუხლისგან შედგება და მის არცერთ მუხლში რუსეთი ნახსენები არ არის.

გარდა ამისა, ნატო თავდაცვითი სამხედრო ალიანსია, რომლის მთავარ მიზანსაც წევრი სახელმწიფოების დაცვა წარმოადგენს. ალიანსი არცერთ ქვეყანაზე თავდასხმას მიზნად არ ისახავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორგანიზაციამ თანამშრომლობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, აქტიურად დაიწყო. დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, „მშვიდობისთვის პარტნიორობის“ პროგრამა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო შეიქმნა. 1997 წელს ნატოსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დამფუძნებელ აქტს მოეწერა ხელი და ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭო ჩამოყალიბდა, რომელიც 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭოდ გარდაიქმნა. ალიანსი მოსკოვთან მრავალ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად - კონტრნარკოტიკულ და კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობდა.

ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნატოს რუსეთთან თანამშრომლობა სურს და ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ პოლიტიკური კონსულტაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა რუსეთთან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სარაკეტო თავდაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მზად ვართ, ნატო-რუსეთის საბჭოს პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ რუსეთთან დიალოგისა და პარტნიორობისთვის. ნატო-რუსეთის თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სტაბილური და უსაფრთხო საერთაშორისო სივრცის შესაქმნელად“ - აღნიშნულია ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში.

თუმცა 2014 წლის მარტში, უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ, ნატომ შეაჩერა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო კომუნიკაციის საშუალებები კი კვლავ ხელმისაწვდომი დატოვა. 2022 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადების შემდეგ მადრიდის სამიტზე მიღებულ ნატოს ახალ 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში აღინიშნა, რომ ნატო რუსეთთან პარტნიორულ თანამშრომლობას ვეღარ განიხილავს და მეტიც, რუსეთი გამოცხადებულია პირდაპირ საფრთხედ.

რაც შეეხება ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემას, ის ევროატლანტიკური ზონის გარედან მომდინარე სარაკეტო საფრთხეებისგან ევროპელი მოკავშირეების დაცვას ემსახურება. მაგალითად, რუმინეთში განლაგებული ნატოს Aegis Ashore-ის გზაგადამჭრელი რაკეტები იერიშის მისატანად არ გამოიყენება. მათი ფუნქცია ჰაერში დაფიქსირებული ობიექტების განადგურებაა. ნატომ რუსეთი სარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის მიიწვია, თუმცა რუსეთმა 2013 წელს ამ საკითხზე დიალოგში მონაწილეობა არ ისურვა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.