სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ერთ-ერთ ეკლესიაში გადაღებული ვიდეო (1,2,3), სადაც ჩანს, რომ ტაძარში მყოფი პირები ღვთისმსახურების დროს დოლების, სკამების, ქვაბებისა და სხვა ნივთების გამოყენებით მიზანმიმართულად იწვევენ ხმაურს. ვიდეოს თან ერთვის მტკიცება, რომ თითქოს კადრები უკრაინაშია გადაღებული. მსგავსი მტკიცებები რუსულ მედიასა და რუსულენოვანი Facebook-მომხმარებლების მიერაც გავრცელდა (1,2,3,4).
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წლებია, რაც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, დეზინფორმაციული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა. კრემლისტურმა მედიამ უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან და უკრაინაში ლგბტ პოლიტიკის გავრცელებასთან დააკავშირა.
2022 წელს კი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დეზინფორმატორთა ყურადღების ცენტრში კვლავ და უფრო მასშტაბურად მოექცა. ადგილობრივი მავნე აქტორები უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით უკრაინის მთავრობის - მართლმადიდებლობასთან მებრძოლად, უკრაინელი ერის კი ურწმუნოდ წარმოჩენას ცდილობენ. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ყალბი ამბავი გადაამოწმა (1,2,3,4,5).
რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოს, სოციალურ ქსელსა და კრემლისტურ მედიაში გავრცელებული მტკიცებებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინული ეკლესია „სატანისტურ რიტუალებს“ ატარებს.
სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ყალბია და კრემლის ანტიუკრაინული პროპაგანდის გაგრძელებას წარმოადგენს. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება რეალურად არა უკრაინაში, არამედ საბერძნეთში, ქალაქ კატერინიშია გადაღებული. ამას სოციალურ ქსელ YouTube-სა და Instagram-ზე (1,2,3) ბერძნულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებული იდენტური კადრები მოწმობს - ყველა ამ ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ვიდეომასალა ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ქალაქ კატერინიშია გადაღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ კადრები აღდგომის დადგომამდე, „დიდი შაბათის“ საეკლესიო ტრადიციას ასახავს, რა დროსაც მორწმუნეები ეკლესიაში ხმაურის გამოწვევის მიზნით დოლებს, სკამებს, სახლიდან წამოღებულ ქვაბებს და სხვადასხვა ნივთს იყენებენ. მორწმუნეებისა და ღვთისმსახურების მსგავსი ქმედება, ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს ბოროტ ძალებზე გამარჯვებას უკავშირდება.„დიდ შაბათს“ მსგავსი რიტუალები ტარდება ეგვიპტესა და კვიპროსშიც.
ამდენად, მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო უკრაინულ ეკლესიაში ჩატარებულ რიტუალს ასახავს, ყალბია. კადრები საბერძნეთში, ქალაქ კატერინიშია გადაღებული და ის „დიდი შაბათის“ საეკლესიო ტრადიციას უკავშირდება.
იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელ ეკლესიაშია ვიდეო გადაღებული, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი ბერძენ კოლეგებს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.
-------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.