სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის საპრეზიდენტო დადგენილებით, 29 მარტამდე კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 200-ზე მეტმა სასულიერო პირმა უნდა დატოვოს, ხოლო მოქმედი სამონასტრო კომპლექსი მუზეუმ-ნაკრძალად უნდა გადაიქცეს.
უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП) ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა უკრაინაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის. კიევ-პეჩორის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.
2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.
2022 წლის 27 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ „УПЦ МП წარმოადგენს მტრის აგენტების ფუნქციონირებისთვის იდეალურ გარემოს“. 22 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად“. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ არ დაუშვან დივერსიული ჯგუფების მიერ შენობის გამოყენება, დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისგან და ტერაქტებისგან. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის დახმარებაში ბრალდებული 33 მღვდელი დააკავა. მათ უმეტესობას ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის მიწოდება ედება ბრალად.
2022 წლის დეკემბერში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა ყველა ორგანომ, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად და პერსონალური სანქციები დააწესოს. ზელენსკის თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება. პრეზიდენტმა რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.
2023 წლის 10 მარტს უკრაინის კულტურის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის 10 მარტს, ეროვნულმა ნაკრძალმა "კიევ-პეჩორის ლავრამ" უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევ-პეჩორის ლავრას გაუგზავნა გაფრთხილება 2013 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომელიც ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი რელიგიური შენობა-ნაგებობების გამოყენებას რელიგიური ორგანიზაციების მიერ. აღსანიშნავია, რომ კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეკლესიას 2013 წლის 19 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით გადაეცა - არა მფლობელობაში, არამედ სარგებლობაში ანაზღაურების გარეშე. შესაბამისად, მოცემული რელიგიური და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლით სარგებლობის კონკრეტული პირობები განისაზღვრა. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა და მღვდლებმა უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩორის ლავრის ყველა შენობა 29 მარტამდე.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ მონასტრის დახურვის შესახებ არსებული ინფორმაცია უარყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლოცვა, ღვთისმსახურება და სამონასტრო ცხოვრება გაგრძელდება. მისი თქმით, მიტროპოლიტი ონოფრე (კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილი წინამძღოლი) არ რეაგირებს მისი ეკლესიის სასულიერო პირების რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტებზე. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორ გადაიქცა ლავრა რუსული იდეოლოგიის გამავრცელებელ ცენტრად. იმ იდეოლოგიის, რომელიც ემსახურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამართლებას. ეპიფანეს თქმით, იმ რელიგიურ მოღვაწეებს/ბერებს, რომლებიც უარს იტყვიან მოსკოვის რელიგიურ ხელისუფლებაზე, შეეძლებათ განაგრძონ მსახურება მონასტერში.
შესაბამისად, მტკიცება, რომ კიევ-პეჩორის ლავრის მოქმედი სამონასტრო კომპლექსი მუზეუმ-ნაკრძალად უნდა გადაიქცეს, ყალბი ამბავია.
---------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.