უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წლებია, რაც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, დეზინფორმაციული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა. კრემლისტურმა მედიამ უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან და უკრაინაში ლგბტ პოლიტიკის გავრცელებასთან დააკავშირა.

2022 წელს კი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დეზინფორმატორთა ყურადღების ცენტრში კვლავ და უფრო მასშტაბურად მოექცა. ადგილობრივი მავნე აქტორები უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით უკრაინის მთავრობის - მართლმადიდებლობასთან მებრძოლად, უკრაინელი ერის კი ურწმუნოდ წარმოჩენას ცდილობენ.

Facebook-ზე გავრცელებული ერთ-ერთი მსგავსი დეზინფორმაცია გვარწმუნებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიების მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს, მღვდელმსახურები კი უნდა დაიჭირონ და ტყვეებზე გაცვალონ. დეზინფორმაციის ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს იყო მაგალითი თუ როგორ ებრძვის, შეურაცხყოფს და ანადგურებს მართლმადიდებლობას უკრაინა.

რეალურად, 2022 წლის 1 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერაგანკარგულებასეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ამ განკარგულებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტს დაავალა, რომ უკრაინის რადასთვის 2 თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების მოქმედების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი წარედგინათ. კანონპროექტი საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო.

აღნიშნული განკარგულების გაცემის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (UOC-MP) მღვდლები არაერთხელ ყოფილან შემჩნეული ისეთ ქმედებებში, რაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის შელახვისკენ და პრორუსული ნარატივების გავრცელებისკენ იყო მიმართული. სწორედ ამიტომ 2022 წლის 22 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (UOC-MP) არაერთ მონასტერში „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“ ჩაატარა რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად“. (იხ. ჩვენი სტატია)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბაიდენისა და სააკაშვილის წმინდანის სტატუსის მინიჭებაზე გავრცელებული დეზინფორმაცია

მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც Facebook-ზე აქტიურად გავრცელდა (1,2,3,4), უკრაინის ეკლესიის მიერ მიხეილ სააკაშვილის წმინდანად შერაცხვას ეხებოდა. დეზინფორმატორთა მტკიცებით, უკრაინის ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა მაკარიმ განაცხადა, რომ წმინდა სინოდზე მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ეკლესიის წმინდანებად და ერის მფარველებად შერაცხვის წინადადებას განიხილავდნენ.

მოგვიანებით, მსგავსი სახის ყალბი ამბავი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზეც გავრცელდა. დეზინფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) წინამძღოლის, მიტროპოლიტ ეპიფანეს კუთვნილ ვებგვერდზე ბაიდენის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით პეტიცია გამოქვეყნდა.

რეალურად, ორივე შემთხვევაში ინფორმაცია მთლიანად გამოგონილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არც ერთ ღია წყაროში მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი ტიპის განცხადება არ მოიძებნა. ინფორმაცია არც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ოფიციალურ ვებგვერდზე ფიქსირდებოდა (იხ. ჩვენი სტატია).

რაც შეეხება ბაიდენის წმინდანად გამოცხადებას, პოსტში არსებული ფოტომასალის თანახმად, Change.org-ზე პეტიცია სახელწოდებით „Зарахувати Байдена до лику святих“ (მიენიჭოს ბაიდენს წმინდანის წოდება) არა მიტროპოლიტ ეპიფანეს, არამედ პოლინა კოლკოს მიერ იყო შექმნილი. ამასთან ერთად, მიტროპოლიტის არც Facebook-ის და არც Twitter-ის ოფიციალურ გვერდებზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ ფიქსირდებოდა (იხ. ჩვენი სტატია).

დეზინფორმაცია უკრაინაში ტაძრებისა და ხატების დაწვის შესახებ

უკრაინის ეკლესიის გარშემო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და განმეორებადი დეზინფორმაცია უკრაინელების მიერ მართლმადიდებელი ტაძრებისა და ხატების დაწვას უკავშირდება. ერთ-ერთი მსგავსი დეზინფორმაცია გვარწმუნებდა, რომ უკრაინაში ტაძარი დაწვეს, რადგან წინამძღვარმა უარი თქვა, „სქიზმატურ, არაკანონიკურ პატრიარქატს“ დაქვემდებარებულიყო.

რეალურად, ეკლესიაში ხანძარი 2021 წლის 19 იანვარს გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის ცენტრალური გუმბათი დაზიანდა და ტაძრის შენობის შიდა ნაწილი და სახურავი განადგურდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ტაძარში ცეცხლის გაჩენა ელექტროსისტემის საგანგებო რეჟიმში მუშაობამ გამოიწვია (იხ. ჩვენი სტატია).

მოგვიანებით დეზინფორმატორებმა კვლავ გაავრცელეს ეკლესიის წვის ამსახველი ვიდეო და ამჯერად, ეს კადრები უკრაინელების მიერ მიკოლაევში მართლმადიდებლური ეკლესიის მიზანმიმართულ განადგურებად წარმოაჩინეს.

ძიების შედეგად დადგინდა, რომ რეალურად, გავრცელებული კადრები უკრაინაში მომხდარ მოვლენას არ ასახავდა. აღნიშნული კადრები 2013 წელს რუსეთში, ასტრახანის ოლქის სოფელ ილინკაში იყოგადაღებული. (იხ. ჩვენი სტატია).

Facebook-ზე ასევე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჯარისკაცების მიერ ხატების დაწვის სურათი იყო (ბმული1,2,3,4) ასახული. ერთ-ერთიპოსტისავტორი ამტკიცებდა, რომ ქმედება უკრაინაში ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა.

აღნიშნული ფოტომასალა მავნე აქტორებმა მანიპულაციურად გამოიყენეს, თითქოს ეს კადრები 2022 წელს იყო გადაღებული და ისინი უკრაინის მთავრობასთან მცდარად დააკავშირეს. რეალურად, Google-ის ფოტოს საძიებო სისტემით (Google reverse image search), ფოტოს წარმომავლობის ძიებამ იტალიურ და რუსულ ვებგვერდებამდე მიგვიყვანა, სადაც მოცემული ფოტომასალები 2015 წლის სტატიებში იყო გამოყენებული. ფოტოების 2015 წლით დათარიღებამ მათი კავშირი ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდთან თავისთავად გამორიცხა (იხ. ჩვენი სტატია).

დეზინფორმაცია კიევ-პეჩორის ლავრაზე

Facebook-ზე კიევ-პეჩორის ლავრაზე არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი გავრცელდა. ერთ-ერთი ცრუ მტკიცების თანახმად, კიევ-პეჩორის ლავრაში ღვთისმსახურება უნდა აკრძალულიყო, ბერებს ტაძრიდან ყრიდნენ, ლავრა კი მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო.

რეალურად, ლავრა აქამდეც მუზეუმს ეკუთვნოდა, თუმცა ეს ლავრაში ღვთისმსახურების ჩატარებას ხელს არ უშლიდა. ამასთან ერთად, ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერების გაძევებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაც მანიპულაციური აღმოჩნდა, ვინაიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ მას სურდა, სასულიერო პირები ლავრაში იმ ერთადერთი პირობით დარჩენილიყვნენ, რომ ისინი არ დაემორჩილებოდნენ რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ბრალდებულ იერარქებს და უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას დაემორჩილებოდნენ.

მორიგი ფართოდ გავრცელებულიდეზინფორმაცია გვარწმუნებდა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრე ეკლესიის იურისდიქციაში გადასვლა მკრეხელობა იყო და ამას თავად ღმერთი ეწინააღმდეგებოდა, რისი დასტურიც იყო ის, რომ ტაძრის გუმბათზე განთავსებული ჯვრები გაშავდა.

სინამდვილეში, ეს მტკიცებაც ტყუილი აღმოჩნდა, რადგანაც ჯვრების ნაწილი ლავრის გუმბათზე დღეს მიმდინარე მოვლენებამდე ბევრად ადრე გაშავდა - ამაზე წლების წინ გადაღებული ფოტოები მეტყველებს, სადაც მუქი ფერის ჯვრები აშკარად ჩანს. მოოქროვილი ზედაპირის გაშავება სრულიად შესაძლებელია და ამას მეცნიერული ახსნა გააჩნია (იხ. ჩვენი სტატია).

დეზინფორმაცია: კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება აკრძალეს

2023 წლის აპრილში, კიევში სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით დეზინფორმატორები Facebook-ზე ამტკიცებდნენ, რომ კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება აკრძალეს (ბმული 1,ბმული 2). პოსტის კომენტარების სექციაში კი უკრაინის მთავრობას მოიხსენიებდნენ, როგორც რელიგიისა და ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლს.

სინამდვილეში, კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება არ აუკრძალავთ და გავრცელებული დეზინფორმაცია კვლავ ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა. საქმე ისაა, რომ კიევში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე, კომენდანტის საათი მოქმედებს და შესაბამისად, ქალაქში გადაადგილება იკრძალება. სწორედ ამიტომ ქალაქის ადმინისტრაციამ რელიგიური თემების ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ რელიგიური მსახურების ჩატარების დროს მასობრივი შეკრება შეეზღუდათ და ამის ნაცვლად, მსახურების ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით გადაცემა მაქსიმალურად უზრუნველეყოთ. შესაბამისად, სააღდგომო ღვთისმსახურებას სასულიერო პირები ტაძრებში ჩაატარებდნენ, მოსახლეობა კი ტაძრებში მისვლას კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ შეძლებდა.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი