სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია ალტ-ინფოს ეთერში გასული გადაცემის „ალტნიუსი“ ჩანაწერი, სადაც გადაცემის მეორე ნაწილში ჩაერთო რამაზ ნოზაძე, „კონსერვატიული მოძრაობის“ (ალტ-ინფოს ბაზაზე შექმნილი პოლიტიკური პარტია) ხაშურის ოფისის ხელმძღვანელი. მან სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარდგენილ 12-პუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და მცდარი ინფორმაცია გააჟღერა.
ვიდეოში, რამაზ ნოზაძე (1:29:38-დან) ამბობს: „რაც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ამასაც ყოველთვის აღვნიშნავ, ამ გეგმაში არის მუხლი, პუნქტი, რომელიც ეხება ერთსქესიანთა ქორწინებას და ეხება იმ ჯგუფს, რომელიც ყოველთვის ცდილობს ამ ქვეყანაში ყოველთვის რაღაც თავისი დღის წესრიგი შემოიტანოს. ამ 12 პუნქტიდან სულ რო კისერზე დადგეს ხელისუფლება და ყველა პუნქტი შეასრულოს თავის ოპოზიციასთან ერთად. ეს ერთი პუნქტი დარჩება შეუსრულებელი, ანუ ეს ერთი პუნქტი ჩადებულია იმისთვის ამ 12 პუნქტში რომ ვერ შესრულდეს და დეკემბრის თვეში ჩვენ ხელისუფლებას მოუბრუნდება ის ევროკომისია და ევროსაბჭოს წევრები, ევროპარლამენტარები და ეტყვიან რო ეს პუნქტი ვერ შესრულდა და აქედან გამომდინარე, თქვენ სტატუსს ვერ მიიღებთ. აპრიორი ესეა... ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გაუგებარია ჩემთვის ეკონომიკური გაერთიანების კავშირში მისაღებად რატოა აუცილებელი, რომ შენ შენი იდენტობა დათმო, შენს ტრადიციებს, წესებს, ჩვეულებებს რამაც ამდენი საუკუნე შეგინარჩუნა და დღემდე მოგიყვანა, უარი უთხრა და რაღაცა შენი სხეულიდან გამომდინარე, არა ეკონომიკის, არამედ სხეულიდან გამომდინარე უნდა მიგიღონ ეკონომიკურ კავშირში“.
სინამდვილეში, ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პრიორიტეტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე მოთხოვნას არ მოიცავს.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 7 მარტს, ევროკავშირის საბჭომ სთხოვა კომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განაცხადთან დაკავშირებით. ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ამ გადაწყვეტილებას ვერსალში გამართულ ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნა და რეკომენდაციები. ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოსთვის მიეცათ პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც იგი 12 პრიორიტეტულ საკითხს დააკმაყოფილებს.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პრიორიტეტული საკითხია:
- 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი;
- უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;
- მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;
- გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
- „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;
- უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;
- სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
- გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
- უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
- მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
- უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
ევროკავშირის 12 პუნქტში საუბარია მოწყვლადი ჯგუფების ადამიანების უფლებათა დაცვის გაძლიერებაზე (პუნქტი 8, იხილეთ ზემოთ), რაც გულისხმობს, რომ სხვადასხვა უმცირესობის და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცულობის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა არ არის უბრალოდ ევროკავშირის მოთხოვნა, არამედ ეს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული.
ზოგადად ანტიდასავლური და პრორუსული რადიკალური ჯგუფები წლების განმავლობაში კულტივირებენ იმ კრემლისტურ პროპაგანდას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმას ნიშნავს და ამ ნარატივის ერთ-ერთი ძირითადი დეზინფორმაციული გზავნილია, რომ ევროკავშირის წევრობის აუცილებელი მოთხოვნაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამ საკითხზე დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მომზადებული სტატია.
----------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.