საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომ, სოციალურ სივრცეში სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია გაჩნდა. ცალკეულმა ანტიდასავლურმა ჯგუფებმა, კითხვარზე დაყრდნობით მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული ნარატივის თავიდან გაჟღერება დაიწყეს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა აუცილებელი. აღნიშნული საკითხზე კაპიტულაციას განსაკუთრებით რუსეთის პოლიტიკის გამზიარებელი ჯგუფები ეცადნენ, მათ შორის ალტ-ინფო, გამოცემა „თვალსაზრისი“ და ირაკლი ჯანყარაშვილი, TVM news.

ალტ-ინფო, შოთა მარტინენკო: „ეს კითხვარი რას ნიშნავს, კითხვარი არის შემდეგნაირი შინაარსის დოკუმენტი, აი ეს არის კითხვარი, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი შენი მიღება-არმიღების და ამ ჩამოთვლილ კითხვებზე როგორ პასუხებს გასცემ მაგაზეა დამოკიდებული მიგიღებ, თუ - არ მიგიღებ. ანუ ეგ პუნქტები არის პირობა იმისა მიგიღებენ, თუ - არ მიგიღებენ... და პუნქტში წერია, რა უცნაურია... გეიქორწინება. პირდაპირ პუნქტად გიწერია, რომ შენ გეიქორწინებაზე დადებით პასუხს დაწერ თუ უარყოფითს, დაკანონებულია, არ არის დაკანონებული, როგორ რეგულირდება, ეგ განსაზღვრავს შენს პერსპექტივას ინტეგრირდები, თუ - არა დასავლეთში. დასავლეთში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა, ერთ-ერთი, გაირკვა ამ კითხვარით, ჩვენ ამას აქამდე ლოგიკურად ვხსნიდით, მადლობა ევროპელებს რომ გამოგვიგზავნეს დოკუმენტალური დამამტკიცებელი საბუთი, რომ შენ გეიქორწინება უნდა დააკანონო, თუ ევროპაში გინდა ინტეგრაცია“.

ალტ ინფო/დღის სიახლეები - „ეთნოკულტურული ანექსია, მენტალური თვითმკვლელობა, საკანონმდებლო ბადის ამოქმედება, ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერებისთვის მათი ქორწინების დაშვება და ქრისტიანული მორალის გაუქმება. ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, სადაც მის მიღებას ისედაც არ აპირებენ“.

ირაკლი ჯანყარაშვილი - „კითხვარში, რომელიც ევროკავშირიდან გამოგვიგზავნეს, ერთ - ერთი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს! გაქვთ, თუ - არა დაკანონებული „ერთსქესიანთა“ ქორწინება ?! ქართველი ხალხის პასუხი კი ასე ჟღერს: არა და არც არასდროს მოხდება ეგ!“.

TVM news- „ევროკავშირი გვეკითხება გვაქვს, თუ - არა დაკანონებული ერთსქესიანთა ქორწინება. ნახეთ კითხვარი რას გვეკითხებიან. იმედია პრემიერი ღარიბაშვილი ამას არ დაუშვებს“.

თვალსაზრისი/„ალტ-ინფო“ შოთა მარტინენკო - „რაღაც ახალი ფაქტებიც დაემატა იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რის ახსნასაც ვცდილობთ ჩვენი ლოგიკით, ფაქტებიც დონეზე წარმოდგენილია ამ კითხვარით. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერობის ნორმალიზაციის პროპაგანდის დაძალება რას გულისხმობს, მანდ გვეუბნებიან ხოლმე, რომ ეგ არ გულისხმობს გეიქორწინებას, ან დასავლეთში ინტეგრაცია არ გულისხმობს გეიქორწინებას, არ გულისხმობს გენდერული იდეოლოგიის დაძალებას, – ვიღაცა კაცი, რომელიც თავს ქალად წარმოიდგენს და ქალის ტანსაცმელში დადის, ეგ უნდა აღიარო ნორმალურად. მაგას არ გულისხმობენ, მაგას არ გთხოვენ. თითქოს, ისინი გვთხოვენ უბრალოდ არ დაჩაგრო და ამის იქით ევროპა არაფერს არ ითხოვს. ეს არის ტყუილი, რომელსაც ავრცელებენ პროდასავლელები ამ თემასთან დაკავშირებით, ამ კითხვარმა საპირისპირო მტკიცებულებები მოგვცა“.

თვალსაზრისი/ „ალტ-ინფო“ ირაკლი მარტინენკო - „იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში მიგვიღონ, მაღალი უნდა იყოს ეს ინდექსი, თორემ სხვანაირად არ არის ცივილიზებული საზოგადოება. კითხვაში არ არის მითითებული სწორი პასუხები, მაგრამ იგულისხმება, რომ კანონში უნდა იყოს ჩაწერილი, ერთსქესიანთა ქორწინება, თავისთავად ცხადია, შემდეგ ბავშვის აყვანის უფლებით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მასწავლებლობის უფლებით და ა.შ. სრულად უნდა ამუშავდეს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლისკენაც ჩვენ გვიბიძგებს ევროპა“.

თვალსაზრისი/ „ალტ-ინფო“ გიორგი ქარდავა - „პირველად პუნქტებად იყო ჩამოწერილი, ანუ პრიორიტეტი რა არის, თვალსაჩინოდ გამოჩნდა. თანაც ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ჩვენი საშინაო დავალება. ისინი ჩვენ კანდიდატის სტატუსს რომ მოგვანიჭებენ, ამისთვის ეს პოლიტიკური სოციალური დემოგრაფიული მორალური სუიციდი უნდა ჩავიტაროთ. ამ სიგიჟეების დაკანონება, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალურობა, ბავშვის აყვანის უფლება მათთვის, სკოლებსა და ბაღებში ამ ადამიანების დაშვება, რაც დასავლეთში ყოველდღიური ნორმაა“.

რეალურად, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვარში არსად არის აღნიშნული, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა ჰქონდეს დაკანონებული.

რა არის ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი და რას ითხოვს საქართველოსგან?

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა.

კითხვარის პირველი ნაწილი 42-გვერდიანი დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი - პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებად და საერთო ჯამში, 369 კითხვისგან შედგება. კითხვარის მეორე სექტორული ნაწილი კი 33 თავსა და 2300-მდე კითხვას მოიცავს, რომლებიც დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი საქართველოს მთავრობამ საქართველოში ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა, ხოლო მეორე ნაწილი 10 მაისს.

ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარი არის ფორმალური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ევროკომისია აფასებს განმცხადებელი ქვეყნების მდგომარეობას და მზადყოფნას გაწევრიანების პროცესში შემდგომი წინსვლისთვის, კერძოდ, არის თუ - არა მზად ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის. კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ე.წ. მოსაზრებას (ინგ. Opinion, ფრ. Avis), რომელსაც წარუდგენს ევროპულ საბჭოს. საქართველოსთან დაკავშირებული მოსაზრების წარდგენა 2022 წლის ივნისში იგეგმება.

კითხვარი შეეხება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისადმი შესაბამისობას, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობისადმი შესაბამისობის ხარისხს და ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას, რაც აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული 33-ვე მიმართულების პოლიტიკის მიღებისა და იმპლემენტაციისთვის.

დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, თუ როგორ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაეკისრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით, და ასევე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით.

მტკიცება 1- ევროკავშირის კითხვარი ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონებას ითხოვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რაც შეეხება უშუალოდ ერთნაირსქესიანი ქორწინების საკითხს, როგორც უკვე აღინიშნა, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების შესახებ თვითშეფასებით კითხვარში არანაირი ჩანაწერი არ მოიძებნება. ზოგადად, კითხვარში ქორწინების შესახებ კითხვა „ფუნდამენტური უფლებების შესახებ“ ქვეთავის E ქვეპუნქტში „ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება“ 198-ე შეკითხვად არის წარმოდგენილი.

კითხვად გვხვდება, შემდგომი ფორმულირებით -

198-ე შეკითხვა - განიხილეთ, თუ როგორ არის დაცული ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება შიდა კანონმდებლობის ფარგლებში, მათ შორის ერთნაირსქესიანი წყვილების ღია პარტნიორობის ჩათვლით?

ამრიგად, როგორც ზემოთმოყვანილ კითხვარში, ისე კითხვარის სხვა ნაწილებში, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების აუცილებლობის შესახებ, არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. კონკრეტული შეკითხვა კი, სხვა შეკითხვების მსგავსად, მიზნად ისახავს ქორწინების საკითხთან მიმართებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანი ქორწინების აღიარებას არ ავალდებულებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთნაირსქესიანი წყვილების თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებები. ამასთან, 2013 წლის ევროპარლამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ „მოუწოდებს“ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო გაერთიანებები, როგორც „პოლიტიკური, სოციალური და ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხი“. თუმცა, ევროკავშირს არ აქვს უფლება მსგავსი პოლიტიკის ცვლილება მის წევრ სახელმწიფოებს დაავალდებულოს.

ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ნამდვილად არ არის ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების დაკანონება, რასაც ადასტურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება კანონიერად დაშვებულია შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია, შვედეთი, ესპანეთი. ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული, თუმცა წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირი დაშვებულია ჩეხეთში, უნგრეთში, ესტონეთში, კვიპროსში, ხორვატიაში, იტალიასა და სლოვენიაში. ხოლო ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ შორის სამოქალაქო კავშირი მიუღებელია ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამდენად, ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხები ადგილობრივი მთავრობების დონეზე წყდება და ამ ქვეყნებს ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებული კანონის მიღებას არ აიძულებს. უფრო მეტიც, ევროკავშირს თავადაც არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს მსგავს ვალდებულებას დააკისრებდა.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად საფუძველს მოკლებულია ის შიში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას მოსთხოვენ. ამ რიტორიკის არარეალურობას ადასტურებს სხვა ქვეყნების მაგალითებიც, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და მათ კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების შესახებ ჩანაწერები არ არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი - „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. საქართველოს მსგავსი „ქორწინების“ განმარტება (ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი) კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვთ ევროკავშირის შემდეგ წევრ ქვეყნებს:

პოლონეთი - პოლონეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ „ქორწინება, როგორც კაცისა და ქალის კავშირი, ისევე როგორც ოჯახი, დედობა, მშობლობა, უნდა იყოს პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დაცული და უზრუნველყოფილი“.

ლატვია - ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლში ნათქვამია, რომ „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მხარი დაუჭიროს ქორწინებას - კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის, ოჯახს, მშობლების უფლებებს და ბავშვების უფლებებს. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს განსაკუთრებული მზრუნველობა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე“.

ლიეტუვა - ლიეტუვის კონსტიტუციის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ „ქორწინება ხდება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი თანხმობის საფუძველზე“.

სლოვაკეთი - „ქორწინება უნიკალური კავშირია მამაკაცსა და ქალს შორის. სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულყოფილად იცავს და აფასებს ქორწინებას საკუთარი სიკეთისთვის”.

ბულგარეთი - მუხლი 46: „ქორწინება არის თავისუფალი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ლეგალურია მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება“.

უნგრეთი - მუხლი L: „უნგრეთი იცავს ქორწინების ინსტიტუტს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით დაარსებულ კავშირს და ოჯახს, როგორც ერის გადარჩენის საფუძველს. ოჯახური კავშირები ემყარება ქორწინებას ან/და მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას”.

ხორვატია - 61-ე მუხლი „ქორწინება არის ცოცხალი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის - ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი - კომისიის მიერ მომზადებულ მოსაზრებაში, არანაირი მითითება არ არის გაკეთებული ერთნაირსქესიანი ქორწინების საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულ დოკუმენტებში ზოგადად არის შეფასებული ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირთან სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, კანდიდატი ქვეყნებიდან ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთსა და თურქეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის აღიარებული, ხოლო მონტენეგროში სამოქალაქო კავშირია დაშვებული, თუმცა ეს ფაქტი ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პრობლემურ საკითხად ევროკომისიას არ დაუფიქსირებია.

ამდენად, ნათელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, ევროკავშირი არ ავალდებულებს ერთნაირსქესიანი ქორწინება დააკანონოს. ევროკავშირი სახელმწიფოებს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების გაზიარებას სთხოვს, რაც მოიცავს ადამიანის ღირსების, თავისუფლებების (მათ შორის ინდივიდუალური თავისუფლების, როგორიცაა პირადი ცხოვრების პატივისცემა, აზრის, რელიგიის, შეკრების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება) ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვასა და პატივისცემას.

მტკიცება 2- ევროკავშირის კითხვარით გადაწყდება საქართველოს მიიღებენ, თუ - არა ევროკავშირში

ვერდიქტი: მანიპულირება

რეალურად, კითხვარი ინფორმაციის მოგროვების პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს, რომელზე დაყრდნობითაც, ევროკომისიამ უნდა შეადგინოს შეფასება (Opinion), რომელიც აანალიზებს ქვეყნის სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოს, ქვეყნის მზაობას ევროკავშირის კანონების, ნორმებისა და რეგულაციების განხორციელებისათვის.

შეფასების დოკუმენტის შემუშავების პროცესის დასრულების შემდგომ, კომისია ანგარიშს ევროპულ საბჭოს გადასცემს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სათანადოდ არ შეესაბამება პროცესის გაგრძელების მოთხოვნებს, კომისია შეფასების დოკუმენტში გაწერს იმ კონკრეტულ რეფორმებს (რომლებიც როგორც „მთავარი პრიორიტეტები ისე ცნობილი“), რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ პროცესი გაგრძელდეს.

მარტივად გასაგები, რომ იყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოიცავს შემდგომ ნაბიჯებს: ევროპული საბჭო ავალებს კომისიას, რომ გამოაქვეყნოს მოსაზრება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კომისია აგზავნის კითხვარს. ქვეყანა ავსებს კითხვარს. კომისია აქვეყნებს მოსაზრებას და წარუდგენს ევროპულ საბჭოს. ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს შემთხვევაში არის რამდენიმე სცენარი. ან 1. ევროკომისია მოსაზრებაში წერს, რომ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ევროპული საბჭო ეთანხმება. ან 2. ევროკომისია წერს, რომ გარკვეული წინაპირობები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ევროპული საბჭო ეთანხმება და გვიწესებს კრიტერიუმებს, ან 3. ევროკომისია წერს, რომ არ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ევროპული საბჭო ეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვარი ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ის არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პარალელურად, კომისია გზავნის საექსპერტო მისიებს და კოლეგიალურ შემოწმებებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მონაწილეობით, განსაკუთრებით საკანონმდებლო იმპლემენტაციის დონის შესამოწმებლად.

ასევე, კომისია იღებს დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშებს და უძღვება კონსულტაციებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის შესაფასებლად. კომისია მხარს უჭერს მონაწილეობით პროცესს, რომელშიც ჩართულია ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დამთავრებული ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებით.

ამდენად, მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ევროკავშირის გადმოცემული კითხვარით წყდება, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, კითხვარით წყდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. გაწევრიანების საკითხი წყდება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესით და იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, რაც გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე იქნება წამოყენებული.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.