საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც კომპანია აჭარის რეგიონში ახორციელებს.

ვინაიდან „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული პროექტების შესახებ ადრეც წერდა, გადავწყვიტეთ, საკითხებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ და გაგაცნოთ, რა ეტაპზეა მშენებლობები, როლებიც უკვე დასრულებული უნდა იყოს.

დავიწყოთ ჩაქვის ძალოსნობის დარბაზით, რომლის შესახებაც სტატია ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში გამოვაქვეყნეთ. მაშინ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება გადავამოწმეთ, რომელმაც თქვა, რომ ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვწერდით, რომ 2019 წელს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელსაც იმ დროს შპს „სტადიონი“ ეწოდებოდა, შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ შერჩეული ადგილი სამშენებლოდ გამოუსადეგარი იყო და ლოკაცია შეცვალა. დოკუმენტაცია კომპანიამ საკუთარი შემოსავლებით შეისყიდა. 2020 წლის 1 სექტემბერს კი გამოცხადდა ტენდერი ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის შესყიდვის მიზნით. ტენდერში მხოლოდ შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. მხარეებს შორის 4 406 083-ლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა, ხოლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან თოთხმეტ თვეში უნდა დასრულებულიყო.

პროექტის განხორციელების ვადა არაერთხელ შეიცვალა. არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2021 წლის მაისით დათარიღებული წერილი, რომლის თანახმადაც, ობიექტური მიზეზების გამო, ვადა 90 დღით გახანგრძლივდა. 2021 წლის აპრილში კი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა განაცხადა, რომ ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდებოდა. თუმცა საკმარისი არც დასახელებული პერიოდი აღმოჩნდა. სამუშაოები გაჭიანურდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაც არაერთხელ გაიზარდა, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ამ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმწოდებლისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 58% ანუ 2 537 906 ლარი. პროექტი დასრულებული არ არის. ამჯერად, 2023 წლის თებერვალში, ბაქარ ჩიტაიამ ივარაუდა, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

ზემოთ აღნიშნულ გადაცემაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა მარტში დასრულდება და ამის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. თუმცა მან არ ახსენა ის გარემოება, რომ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებული იყო და შეწყდა, რასაც მიმწოდებელი კომპანიისთვის 10 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოჰყვა.

უფრო დეტალურად კი, ბათუმში ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობას მოსახლეობა დიდი ხანია, რაც ელოდება. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. მაგალითად, შარშან ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „60-მილიონიანი „არაშენდა“ ბათუმში“, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ, როგორ დაიწყო და რა ეტაპზე შეწყდა მშენებლობა. საინტერესოა, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „სტადიონმა“ (იგივე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორისგან ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვა ითხოვა. 27 თებერვალს კი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის მიზნით, 19 990 002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს Westincor Limited-თან გააფორმა. 2020 წლის აპრილში კი, როცა კომპანიისთვის უკვე გადახდილი იყო 3 998 000 ლარი, შემსყიდველმა ხელშეკრულება შეწყვიტა. მისივე გავრცელებული ინფორმაციით, გადახდილი თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდა. Westincor Limited-მა, რომელიც უცხოური საწარმოს ფილიალია და საქართველოში 2018 წლის 2 თებერვალს, ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, „აჭარის პროექტების მართვის“ კომპანიისგან თანხის გადახდა მოითხოვა. დავა მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 10 016 007 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. იხილე ფაქტ-მეტრის სტატია.

2022 წლის 7 თებერვალს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა შპს „BWC“-მ, რომელთანაც 719 800-ლარიანი ხელშეკრულება მაისში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, დეტალური დოკუმენტაცია 180 კალენდარულ დღეში ანუ 2022 წლის ბოლოს მზად უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. მაგალითად, 2022 წლის ივნისში ტექნიკურ დავალებას აკრობატიკის დარბაზი დაემატა, ასევე, შეიცვალა საცურაო აუზების ზომებიც. ივლისის შეთანხმებით, ძირითადი საცურაო აუზის ზომები კიდევ ერთხელ დაკორექტირდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შემსყიდველს მიმწოდებლისთვის თანხა ჯერ არ გადაუხდია. დოკუმენტების თანახმად, ამ დროისთვის შესრულებულია ორი ეტაპის სამუშაოები. ხელშეკრულებაში კი აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები ოთხ ეტაპად უნდა განახორციელოს. პირველი და მეორე ეტაპები 60-60 დღეს მოიცავს, პლუს, ათი დღე განხილვისთვის. მესამე ეტაპი იწყება პირველის დასრულებიდან არა უგვიანეს 120 კალენდარულ დღეში. როგორც ვხედავთ, მიმწოდებელი სახელშეკრულებო ვადებში ვერც ამჯერად ჩაეტია. ბაქარ ჩიტაიამ გადაცემაში თქვა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარტში მზად უნდა იყოს. როდის გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ამ ეტაპზე უცნობია.

კიდევ ერთი დროში გაჭიანურებული პროექტი, რომლის შესახებაც ბაქარ ჩიტაიამ გადაცემაში ისაუბრა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობაა. პირველ რიგში, ვიტყვით, რომ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა აღნიშნული პროექტი 2021 წელს აპრილშიც ახსენა დამოსახლეობას ამცნო, რომ ობიექტი 2022 წელს დასრულდებოდა. 2023 წელს კი მან თქვა, რომ სპორტული დარბაზის ექსპლუატაციაში მიღება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში სპორტული დარბაზის მშენებლობის მიზნით 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულია შპს „ალიგატორი 1“, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 863 867 ლარია, 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა. პროექტი თორმეტ თვეში ანუ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს მაინც უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო პირობები ხუთჯერ შეიცვალა. ცვლილება ვადასაც შეეხო. კომპანიას დრო ჯერ 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიეცა, თუმცა, როგორც ირკვევა, მიმწოდებელს არც ეს ვადა ეყო და 2023 წლის 27 თებერვლის მდგომარეობითაც, პროექტი ჯერაც გრძელდება. თავდაპირველად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ბოლო ცვლილებით კი 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ ეტაპზე კომპანიისთვის გადარიცხულია სახელშეკრულებო ღირებულების 54% ანუ 462 860 ლარი.

გაჭიანურებულ პროექტებზე საუბრისას, განსაკუთრებით, თუ ეს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს ეხება, რეგიონის მთავრობა ხშირად არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს ასახელებს. ფაქტია, რომ ამ პირობებისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გათვალისწინება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დროს შესაძლებელია, თუმცა ისე ხდება, რომ შემაფერხებელი გარემოებები, ძირითადად, სამშენებლო პროცესში ჩნდება. ამის შესახებ საკუთარ ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც არაერთხელ მიუთითა.

რაც შეეხება შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“, როგორც აღვნიშნეთ, ის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. კომპანიამ არაერთ მრავალმილიონიან პროექტი განახორციელა და ახორციელებს. მათ შორისაა ბათუმის ახალი სტადიონის, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს და სხვა ობიექტები, რომელთა ირგვლივაც არაერთი კითხვა არსებობდა. ჩვენ ამის შესახებ გასულ წლებში ვწერდით. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4. „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისთვის“, ყოველწლიურად, აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოიყოფა. მაგალითად, 2021 და 2022 წლებში დაფინანსება იყო, შესაბამისად, 15 222 400 ლარი და 29 725 600 ლარი, ხოლო 2023 წელს გეგმა 19 013 200 ლარს შეადგენს.