2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2021 წელს საშუალო ხელფასი 1305 ლარს შეადგენდა, 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2060 ლარს. დასახელებული რიცხვი - 2217 ლარი, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს ასახავს. კვარტლის წელთან შედარება მეთოდოლოგიურად მცდარია. წელი წელთან უნდა შედარდეს, ან კვარტალი/თვე წინა წლის/წლების შესაბამის პერიოდთან.

არასწორი მეთოდოლოგიის გარდა, დასახელებულ რიცხვებს კიდევ ერთი პრობლემა აქვს - ინფლაციის გაუთვალისწინებლობა. 2022-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამში 13.5%-ით გაიზარდა. შედეგად, თუ ხელფასებს 2021 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით, ის 1305-დან 1813 ლარამდე იქნება გაზრდილი.

ირაკლი კობახიძემ ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს 2021 წლის შემდეგ. 2022-2024 წლებში, ხელფასები 70%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ნომინალურად ზრდის ტემპმა 58%-ს მიაღწია, ხოლო რეალურმა ზრდის ტემპმა - 39%-ს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ერთი მხრივ მეთოდოლოგიური შეცდომა დაუშვა, როცა კვარტალური მონაცემი წლიურს შეადარა და მეორე მხრივ, ინფლაცია უგულებელყო. შედეგად, ხელფასის რეალური ზრდის მაჩვენებელი 1.8-ჯერ გაზრდილად წარმოაჩინა, ვიდრე სინამდვილეშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა: „საშუალო ხელფასი [2022-2024 წლებში] 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე“.

2021 წელს[1] საქართველოში ნომინალური ხელფასი თვეში 1305 ლარს შეადგენდა, 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2060 ლარს. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვი 2217 ლარი 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს ასახავს. სეზონური ფაქტორებისა და სხვა დამატებითი გარემოებების გამოსარიცხად, მთლიანი წელი მთლიან წელს უნდა შედარდეს, ან კვარტალი/თვე, წინა წლის/წლების შესაბამის პერიოდს. კვარტლის წელთან შედარება მეთოდოლოგიურად არასწორია. პრაქტიკულად ყოველ წელს მეოთხე კვარტალში ხელფასები მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. თუ 2021 წლის საშუალო ხელფასი 1305 ლარს შეადგენდა, იმავე წლის მეოთხე კვარტალში 1465 ლარი გახდა. შესაბამისად, ან 1305 უნდა შედარდეს 2060-ს თუ წლიური გვაინტერესებს, ან 1465 ლარი 2217-ს, თუ ინტერესის ობიექტს მხოლოდ მეოთხე კვარტალი წარმოადგენს.

სწორი მეთოდოლოგიითაც, 1305-დან 2060 ლარამდე მატება 58%-იანი ზრდაა, რაც სამწლიანი პერიოდისთვის ცუდი არაა, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გამოტოვებული, ამ ზრდაში ინფლაცია გათვალისწინებული არ არის.

ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეალური შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს და არა ნომინალურის. გაზრდილი ხელფასით ადამიანს უფრო მეტი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა უნდა შეეძლოს. ლარის ემისიის შემდეგ, 1995 წლიდან დღემდე არ ყოფილა წელი, როცა ნომინალური ხელფასი არ გაზრდილა, მათ შორის კრიზისების დროსაც. 2009 წელს ნომინალური ხელფასი 4%-ით - 535-დან 557 ლარამდე გაიზარდა, 2020 წელს 5.4%-ით - 1130-დან 1190 ლარამდე.

გრაფიკი 1: საშუალო ყოველთვიური დაბეგვრამდელი ხელფასი ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 13.6%-ით გაიზარდა, რამაც რეალური ხელფასების ზრდის ტემპი 3 წელიწადში 58%-დან 39%-მდე შეამცირა. სამომხმარებლო ფასების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, ხელფასები 1305-დან 1815 ლარამდე გაიზრდებოდა.

გრაფიკი 2: საშუალო ყოველთვიური დაბეგვრამდელი ხელფასი ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მაშინ, როცა მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ხელფასები 39%-ით გაიზარდა - 1305-დან 1813 ლარამდე, ირაკლი კობახიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს ზრდის ტემპმა 70%-ს მიაღწია და ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა.

საშუალო ხელფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დაქირავებით დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან საშუალო შეწონილის მეთოდით ანგარიშდება. საქმიანობის სახეებისა და რეგიონების მიხედვით, ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. თბილისში საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალოზე 17%-ით მაღალია[2], ზოგიერთ რეგიონთან შედარებით კი 70%-80%-ით მეტი.

საქსტატის მონაცემები დასაბეგრ თანხას ასახავს, რასაც უმეტეს შემთხვევაში სავალდებულო წესით ჯერ საპენსიო შენატანი 2% და შემდეგ საშემოსავლო გადასახადის სახით დარჩენილი თანხის 20% აკლდება. საპენსიოსა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ, ხელზე ასაღები თანხა 2021 წლისთვის 1023 ლარამდე, ხოლო 2024 წლისთვის 1614 ლარამდე მცირდება. ხოლო მაშინ, თუ ხელზე ასაღებ თანხასაც 2021 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით - 1421 ლარამდე. გამოდის, რომ 2021 წლის შემდეგ საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 1023-დან 1614 ლარამდე გაიზარდა, ხოლო თუ მას მუდმივ ფასებში დავითვლით 1023-დან 1421 ლარამდე.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიტყვა „ხელფასი“ ხელზე ასაღები თანხის ოდენობით განიმარტება, თუმცა, რადგან ოფიციალურ ხელფასს დაბეგვრამდელი თანხა წარმოადგენს, იმ ფაქტს რომ ირაკლი კობახიძეს დაზუსტება არ გაუკეთებია, ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ერთი მხრივ, კვარტალი შეადარა წელს, რაც მეთოდოლოგიურად არასწორია და მეორე მხრივ, არ გაითვალისწინა ინფლაცია, რის შედეგადაც რეალურად 39%-ით გაზრდილი ხელფასი 70%-იან ზრდად წარმოჩინდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

[1] ირაკლი კობახიძე სამ წელიწადზე საუბრობდა, რის გამოც შესადარებლად 2021 წელი უნდა იქნას აღებული და არა 2022

[2] მონაცემები 2024 წლის მეოთხე კვარტლის პერიოდს ასახავს. წლიური ჩაშლილი სტატისტიკა ოქტომბერსი გამოქვეყნდება, მაგრამ ტენდენცია წლებია მსგავსია


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე