2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

ირაკლი კობახიძე: 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ირაკლი კობახიძე 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას 2021 წლის მაჩვენებელს ადარებს, ანუ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ პროგრესს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუმცა ამგვარი შედარების შემთხვევაშიც კი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 131 ათასით არის გაზრდილი და არა 185 ათასით. პანდემიამდე პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 62.9 ათასით არის გაზრდილი. 185 ათასით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა არათუ სამწლიან, არამედ 10-წლიან პერიოდშიც კი, 2014 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 164.9 ათასით არის გაზრდილი.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა”.

ირაკლი კობახიძე 2024 წლის მონაცემებს 2021 წელთან ადარებს, როდესაც პანდემიის და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების გამო, დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 10-წლიან პერიოდში [2015-2024] დასაქმების, მათ შორის დაქირავებით დასაქმების, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში დასაქმების დონემ 47.1% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 68.5% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 31.5% შეადგინა. გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 40 ათასით (4.3%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 27.9 ათასით (6.7%-ით) გაიზარდა.

რაც შეეხება დასაქმების მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 და 2024 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, გაიზარდა როგორ წინა წლებთან, ასევე პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც.

2024 წელს პანდემიამდე პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 106.6 ათასით გაიზარდა, აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 62.9 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 42.7%-დან 47.1%-მდე გაიზარდა. დასაქმების დონის ზრდა უმეტესწილად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით არის განპირობებული, თუმცა გარკვეულწილად გავლენა ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებამაც იქონია.

სამწლიან პერიოდში, ანუ 2022-2024 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 131 ათასით არის გაზრდილი. გარდა იმისა, რომ პანდემიის პერიოდთან შედარება არსებულ პროგრესს გადაჭარბებულად წარმოაჩენს, ამგვარი შედარების შემთხვევაშიც კი ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მონაცემები არასწორია.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესოა, სამწლიან პერიოდში, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რა ფაქტორებმა განაპირობა დასაქმების ზრდა. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამასთან, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამრიგად, დაქირავებით დასაქმების მაჩვენებლების პანდემიის პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების გამო ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მუშაობდა, შედარება მანიპულაციურია და დასაქმების მხრივ არსებულ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მონაცემები არასწორია, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით არათუ 3-წლიან პერიოდში, არამედ 10-წლიან პერიოდშიც (2015-2025) არ გაზრდილა.


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე