ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ ფეისბუქ-პოსტის საშუალებით განაცხადა, რომ ბალტიის სამივე ქვეყანას დღემდე გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური[სავაჭრო] კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე საქართველოს. მოსაზრების მართებულების დასადასტურებლად მან ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკა მოიშველია. „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თანხობრივად ბალტიის ქვეყნები საქართველოსთან შედარებით მართლაც უფრო მეტს ვაჭრობენ რუსეთთან (ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოსთან), პროცენტულად მათთვის რუსეთთან ვაჭრობის წილი ერთ სულ მოსახლეზეც და ბუნებრივია, მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. შესაბამისად, მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვთ - ვიდრე საქართველოს, მცდარია.
ანალიზი
სოციალურ ქსელში 2023 წლის 3 იანვარს ეკონომისტ სოსო არჩვაძის პოსტი გავრცელდა. პოსტში სოსო არჩვაძე ამტკიცებდა, რომ ბალტიის სამივე ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან დღემდე გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური[სავაჭრო] კავშირები აქვს, ვიდრე საქართველოს. არჩვაძე არგუმენტად სტატისტიკას ასახელებდა, რომლის თანახმადაც - როგორც ესტონეთის, ასევე ლიეტუვისა და ლატვიის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, საქართველოს მაჩვენებელს აბსოლუტურთან ერთად, ერთ სულ მოსახლეზეც აჭარბებდა.
ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა ერთ სულ მოსახლეზე თანხობრივად საქართველოს მაჩვენებელს აჭარბებს, თუმცა რადგან ეს ქვეყნები რუსეთის გარდა დანარჩენ მსოფლიოსთანაც უფრო მეტს ვაჭრობენ, მათთვის რუსეთის წილი მხოლოდ 6%-ია, საქართველოს შემთხვევაში კი 2.17-ჯერ მეტი - 13%. შესაბამისად, მტკიცება რომ ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან უფრო მჭიდროა ვიდრე საქართველოსი, რეალობას არ შეესაბამება. გარდა აღნიშნულისა, პოსტში ერთგვარ მტკიცებულებად ატვირთული დოკუმენტების ე.წ სქრინები, ცალკეულ გადაზიდვის დოკუმენტებს (CMR) წარმოადგენს და სტატისტიკურ მონაცემებთან საერთო არაფერი აქვს.
„ფაქტ-მეტრი“ პოსტის ავტორს სოსო არჩვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და იმ ბმულების მოწოდება სთხოვა, სადაც მან აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა. არჩვაძის განცხადებით, მან ინფორმაცია ოპერატიულად მოიძია და ბმულები არ შეუნახავს. კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე კი (გადამოწმების შედეგად - წილების მსგავსად, არც აბსოლუტური რიცხვები დაემთხვა რეალურ მაჩვენებლებს, მოყვანილი მონაცემების ნაწილი არსებითად არის აცდენილი რეალურს) აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ექსპორტის/იმპორტის განსხვავების ჩვენება იყო.
„ფაქტ-მეტრი“ არ შედის განხილვაში ზოგადად ანალიზისათვის მთლიანი ექსპორტის/იმპორტის/ბრუნვის გამოყენება უფრო რელევანტურია თუ იგივე მონაცემების, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არჩევანი დამოკიდებულია ანალიზის მიზანთან. კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულების/ურთიერთობის სიმჭიდროვის ანალიზისათვის კი ნებისმიერ შემთხვევაში (როგორც სრული ასევე ერთ სულ მოსახლეზე) ამავე ბაზრის წილია გაცილებით მნიშვნელოვანი და არა აბსოლუტური მონაცემები (სრული ან ერთ სულ მოსახლეზე). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წილის დაანგარიშებისას მთლიანი ქვეყნის და ერთ სულ მოსახლეზე დათვლის შემთხვევაში ფარდობა იგივე იქნებოდა (თუ პირობითად ესტონეთისთვის რუსეთის წილი ექსპორტში X პროცენტია, ერთ სულ მოსახლეზეც X პროცენტი იქნება), იმის გამო, რომ პოსტის ავტორს აქცენტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებულ მაჩვენებელზე ჰქონდა გაკეთებული, „ფაქტ-მეტრიც“ მსჯელობაში ამ მაჩვენებელს იყენებს.
მეთოდოლოგიურად ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებულ ექსპორტისა და იმპორტის მონაცემს შედარებით იშვიათად იყენებენ და შესაბამისად, ამ მონაცემის სტატისტიკა იშვიათად მუშავდება და ქვეყნდება ოპერატიულად/წინმსწრებად დამუშავებული სახით. თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული ექსპორტისა და იმპორტის ნახვა მარტივი კალკულაციითაა შესაძლებელი - აბსოლუტური მაჩვენებლების მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით.
ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 11 თვეში ქვეყნის ექსპორტმა 17.8 მლრდ ევროს მიაღწია, მათ შორის რუსეთში - 663 მლნ ევროს. იმავე პერიოდში მთლიანმა იმპორტმა 19.8 მლრდ ევრო შეადგინა, მათ შორის რუსეთიდან - 1.740 მლრდ ევრო. ექსპორტმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიან მსოფლიოსთან - 13 577 ევრო, რუსეთთან 506 ევრო შეადგინა; იმპორტმა მთლიანი მსოფლიოდან - 15 103 ევრო, რუსეთიდან - 1327 ევრო; ბრუნვამ მსოფლიოსთან - 28 680 ევრო, რუსეთთან 1833 ევრო.
ესტონეთის დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში - ექსპორტში 3.7% , იმპორტში - 8.8%, სავაჭრო ბრუნვაში მთლიანად კი 6.4% იყო.
ლიეტუვის ექსპორტმა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 40.376 მლრდ ევროს მიაღწია, საიდანაც რუსეთში 2.472 მლრდ ევროს ღირებულების პროდუქცია გავიდა. 11 თვეში ლიეტუვამ 47.822 მლრდ ევროს იმპორტი განახორციელა, მათ შორის - რუსეთიდან 2.540 მლრდ ევროს. ექსპორტმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიან მსოფლიოსთან - 15 370 ევრო, რუსეთში - 941 ევრო; იმპორტმა მთლიანი მსოფლიოდან 18 204 ევრო, რუსეთიდან - 967 ევრო; ბრუნვამ მსოფლიოსთან - 33 574 ევრო, რუსეთთან 1908 ევრო შეადგინა.
ლიეტუვის დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში ექსპორტში - 6.1%, იმპორტში - 5.3%, ხოლო მთლიან ბრუნვაში კი 5.7% იყო.
ამავე პერიოდში, ლატვიაში 19.429 მლრდ ევროს ექსპორტიდან რუსეთში 1.085 მლრდ ევროს პროდუქცია გავიდა, იმპორტმა კი სულ 24.113 მლრდ ევრო შეადგინა, მათ შორის რუსეთიდან 1.630 მლრდ ევრო. ექსპორტმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიან მსოფლიოსთან - 10 302 ევრო, რუსეთთან - 575 ევრო; იმპორტმა მსოფლიოდან - 12 785 ევრო, რუსეთიდან - 864 ევრო; ბრუნვამ მსოფლიოსთან 23 087 ევრო, რუსეთთან 1440 ევრო.
ლატვიის დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში ექსპორტში 5.6%, იმპორტში 6.8% და ბრუნვაში 6.2% შეადგინა.
რაც შეეხება სამივე ქვეყნის გაერთიანებულ მონაცემებს, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ჯამურმა ექსპორტმა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 77.605 მლრდ ევრო შეადგინა, მათ შორის რუსეთში - 4.220 მლრდ ევრო, იმპორტმა - 88.198 მლრდ ევრო, მხოლოდ რუსეთიდან 5.910 მლრდ ევრო, მთლიანმა ბრუნვამ - 169 მლრდ ევრო, აქედან რუსეთთან - 10.130 მლრდ ევრო, გასაშუალოებულმა ექსპორტმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიან მსოფლიოსთან €13 325, რუსეთთან - 725 ევრო; იმპორტმა მსოფლიოდან - 15 751 ევრო, რუსეთიდან 1015 ევრო; ბრუნვა მსოფლიოსთან - 29 076 ევრო, რუსეთთან - 1739 ევროს მიაღწია.
სამივე ქვეყნისთვის გასაშუალოებულმა წილმა რუსეთში, როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში, ექსპორტისთვის - 5,4%, რუსეთიდან იმპორტისთვის - 6.4%, ხოლო მთლიანი ბრუნვისთვის - 6.0% შეადგინა.
იმავე 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე სულ 4.546 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, მათ შორის რუსეთში 598 მლნ დოლარის. აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 11.981 მლრდ დოლარს მიაღწია, მათ შორის რუსეთიდან - 1.608 მლრდ დოლარს. მთლიანმა ბრუნვამ კი - 17.018 მლრდ დოლარი, მათ შორის რუსეთთან - 2.206 მლრდ დოლარი შეადგინა. საქართველოს შემთხვევაში ექსპორტმა ერთს სულ მოსახლეზე მთლიან მსოფლიოსთან 1229 დოლარს მიაღწია, რუსეთთან - 143 დოლარს; იმპორტმა მსოფლიოდან - 2887 დოლარი, რუსეთიდან - 383 დოლარი, მთლიანმა ბრუნვამ მსოფლიოსთან - 4116 დოლარი, რუსეთთან - 526 დოლარი შეადგინა.
თუ წილობრივად დავითვლით, საქართველოსთვის 2022 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის წილი როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთლიანი ქვეყნის შემთხვევაში ექსპორტში - 11.9% იქნება, იმპორტში - 13.4%, ხოლო მთლიან ბრუნვაში - 13.0%.
მოცემული გრაფიკი ასახავს ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთთან როგორც ერთ სულ მოსახლეზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გრაფიკი 1: საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე
წყარო: საქართველოს, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის სტატისტიკის სამსახურები
ბალტიის ქვეყნები სტატისტიკას ევროში აწარმოებენ, საქართველო დოლარში, თუმცა პროცენტული წილის გაანგარიშებისთვის ამ განსხვავებას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, პირობითად 100 ევროდან 8 ევრო, წილობრივად იმდენივეა რაც 100 დოლარიდან 8 დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გააღრმავა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 11.5%-ს შეადგენდა. ექსპორტდამოკიდებულება 14.4%-დან 11.9%-მდე შემცირდა, მაგრამ იმავე პერიოდში იმპორდამოკიდებულება 10.3%-დან 13.4%-მდე გაიზარდა. თანხობრივად იმპორტი 679 მლნ დოლარით - 929 მლნ-დან 1.608 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 73.1%-იან ზრდას წარმოადგენს. ყველაზე მეტად - 353%-ით, 124 მლნ დოლარიდან 562 მლნ დოლარამდე ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა და ეს მხოლოდ საწვავზე ფასის მატებას არ უკავშირდება. საწვავის იმპორტი რუსეთიდან 182%-ით, 206 ათასიდან 583 ათას ტონამდე გაიზარდა.
როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში და, შესაბამისად, მთლიან ბრუნვაში, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე (ერთ სულ მოსახლეზეც და მთლიანი ქვეყნის შემთხვევაშიც) უფრო მაღალია, ვიდრე ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის - როგორც თითოეულ მათგანთან, ასევე მათ გასაშუალოებულ მონაცემთან შედარებით. ბალტიის არც ერთი ქვეყანა, არც ცალკე აღებულ ექსპორტში, არც ცალკე აღებულ იმპორტში და, შესაბამისად, არც მთლიანი ბრუნვით, საქართველოზე მეტად რუსეთზე დამოკიდებული არაა.
აბსოლუტურ გამოხატულებაში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსი - მათ შორის ერთ სულ მოსახლეზეც. თუმცა ბალტიის ქვეყნები საქართველოზე მდიდრები არიან, ისინი ბევრად უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებენ და მოიხმარენ, ვიდრე საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის თითქმის სამჯერ ნაკლებს (1.331 მლნ) შეადგენს, მისმა ექსპორტმა 11 თვეში 17.8 მლრდ ევრო შეადგინა, რაც საქართველოსთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით, ამ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა არ მხოლოდ რუსეთთან, არამედ დანარჩენ მსოფლიოსთანაც უფრო მაღალია.
თუ ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით დაახლოებით 3.3-ჯერ უფრო მეტია, ერთ სულ მოსახლეზე ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა მთლიან მსოფლიოსთან საქართველოსთან შედარებით 7.1-ჯერ უფრო მეტია (ევრო-დოლარის გასაშუალოებული კურსად 1.05-ა მიჩნეული).
მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის რესპუბლიკების სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან როგორც ჯამურად, ასევე ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს მაჩვენებელს აჭარბებს, იმის გამო, რომ მათი როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი დანარჩენ მსოფლიოსთან კიდევ უფრო მაღალია და ასევე, სავაჭრო პარტნიორებში რუსეთის წილი ბალტიის ქვეყნებისთვის 6%-ია, ხოლო საქართველოსთვის 13%, იმის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსი, არ შეესაბამება სინამდვილეს.