პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს
2022 წელს „ფაქტ-მეტრს“ არაერთი დეზინფორმაციის გადამოწმება მოუწია, მათ შორის ზოგიერთი მეტად აბსურდული იყო. Facebook-ზე გავრცელებული ერთ-ერთი მსგავსი დეზინფორმაცია, გვარწმუნებდა, რომ პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავდა: „პენტაგონმა წარმოადგინა საკამათო ტრანსჰუმანისტური კვლევის ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავს პოტენციალს „ქვეწარმავლების გენების დამატებას ინფრაწითელი ხედვისთვის, ასევე ადამიანების გაძლიერებას, [რაც ადამიანებს უფრო] ჭკვიანს ან ექსტრემალურ პირობებს უფრო ადაპტირებულს [გახდის]“.
სინამდვილეში, პენტაგონს მსგავსი გეგმა არ აქვს და კონსპირაცია ერთ-ერთი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის 111-გვერდიანი ანგარიშიდან იღებს საფუძველს, სადაც სიტყვა „რეპტილია“ („reptilian“) ერთადერთხელ არის ნახსენები და მხოლოდ თეორიული მაგალითის მოხმობის ფუნქციას ასრულებს. ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
კონსპირაციები გლობალური ძალების მიერ “მართული” სამყაროს შესახებ
კონსპირაცია გლობალური ძალების მიერ ადამიანების მართვის შესახებ კონსპირაციათა შორის ჩემპიონია. 2022 წელსაც „გლობალური ძალები“ კვლავ „მხილებული“ იყვნენ მოსახლეობის შემცირების მიზნით პანდემიის დაგეგმის, მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებისა და დედამიწის მაცხოვრებლების გაკონტროლების დაუღალავ მცდელობებში. კონსპირაციის გამავრცელებლები მთელი წელი ეძებდნენ აღნიშნულის მინიშნებებს. ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1.
კლაუს შვაბი დეზინფორმატორებისთვის კვლავ „საყვარელ“ პერსონაჟად დარჩა
ამასთან ერთად, 2022 წელსაც დეზინფორმატორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბის სახელსაც აქტიურად იყენებდნენ და მასთან ისეთი სახის ყალბ ამბებს აკავშირებდნენ, როგორიც არის კლაუს შვაბის მიერ მოსახლეობის იძულება ჭიაყელების ჭამის. გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება საწარმოში ჭიაყელების გადამუშავება ფხვნილად, რომელსაც შემდგომ საკვებ დანამატად იყენებენ, თან ახლდა აღწერები: „ კლაუს შვაბის ჭიები“, „შვაბის მატლები“, „ კლაუს შვაბის ჭიების გადამამუშავებელი ქარხანა“. რეალურად კი ვიდეოები ასახავდა სამხრეთ კორეული კომპანია OMO-ს მუშაობის კადრებს, სადაც ჭიაყელების წარმოებისა და გადამუშავების შემდეგ სხვადასხვა სახის ცილის შემცველ პროდუქტს იღებდნენ.
კონსპირატორები 2022 წელს პორტალის გახსნასა და „დაცემულების“ დედამიწაზე გადმოსვლასაც პროგნოზირებდნენ
„ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის“ (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერი შეთქმულების თეორიის მოყვარულების ინსპირაციად იქცა. Facebook მომხმარებლის მტკიცებით, ნაწილაკების ამაჩქარებელი 3-წლიანი დახურვის შემდეგ ისევ გახსნეს და მისი გამოყენებით საშიში ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება. კერძოდ, კოლაიდერის მეშვეობით შესაძლოა, სხვა განზომილებასთან დამაკავშირებელი პორტალი გახსნან, რის შედეგადაც ჩვენს სამყაროში „დაცემულები“ გადმოვლენ.
სინამდვილეში, „თანამედროვე გრავიტაციული თეორიების მიხედვით, მიკროსკოპული შავი ხვრელის ან ჭიის ხვრელის შესაქმნელადაც კი მთელი სამყაროს სიდიდის ამაჩქარებელი დაგვჭირდებოდა. შესაბამისად, [დიდი ადრონული კოლაიდერით] მსგავსი პორტალის შექმნა შეუძლებელია“. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ჯოშუა რუდერმენის განმარტებით კი კოლაიდერი „ნაწილაკების წარმომქმნელი და აღმომჩენი დანადგარია“. ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
დეზინფორმაცია, რომლის გადამოწმება ფაქტების გადამმოწმებლებისთვისაც კი მეტისმეტი იყო
ნომინაციაში, დეზინფორმაცია რომლის გადამოწმება ფაქტების გადამმოწმებლებისთვისაც კი მეტისმეტი იყო, გაიმარჯვა ამბავმა, რომ - საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ტექსტში მასონებისა და მათი გაერთიანების მინიშნებებია.