იტვირთება

2022 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნების შესახებ 14 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ წამყვანებმა, ჯაბა ჟვანიამ და მარიკა კუბლაშვილმა რამდენიმე დეზინფორმაციული მტკიცება გაავრცელეს. ჯაბა ჟვანიამ არჩევნებს სამარცხვინო უწოდა და დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში კანდიდატებად გარდაცვლილი სულების დაყენებაში დასდო ბრალი. წამყვანებმა ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში არსებული კრიტიკა, რომელიც პოლარიზაციაზე, საარჩევნო მუშაკების დაშინებასა და არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვაზე ამახვილებს ყურადღებას, ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერეს და დემოკრატიული პარტია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებაშიც დაადანაშაულეს.

მტკიცება N1: არჩევნებში კანდიდატებად გარდაცვლილი ადამიანები დააყენეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციებიდან ერთ-ერთია მტკიცება, რომლის მიხედვით დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში კანდიდატებად გარდაცვლილი ადამიანები წარადგინა.

რეალურად, შუალედურ არჩევნებში ორი გარდაცვლილი კანდიდატი ენტონი დელუკა და ბარბარა ლი კუპერი საარჩევნო ბიულეტენებში ნამდვილად ფიქსირდებოდნენ, თუმცა მტკიცება, რომ კანდიდატებად დასახელებისას ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ, მცდარია.

პენსილვანიის შტატში არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის პროცესი 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, დემოკრატიული პარტიიდან წარდგენილი კანდიდატი ენტონი დელუკა კი 2022 წლის 9 ოქტომბერს ლიმფომით გარდაიცვალა, შესაბამისად კანდიდატად წარდგენის მომენტში ენტონი დელუკა ცოცხალი იყო. ამავე შტატის კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ახალი კანდიდატით უკვე დაბეჭდილ ბიულეტენში არ არის შესაძლებელი. ბიულეტენთა ბეჭდვა კი 28 სექტემბერს დაიწყო, შესაბამისად, დემოკრატიულმა პარტიამ 9 ოქტომბერს გარდაცვლილი ენტონი დელუკას ახალი კანდიდატით ჩანაცვლება ვეღარ შეძლო. შტატის კანონმდებლობის თანახმად, დელუკას ადგილის დასაკავებლად სპეციალური არჩევნები ჩატარდება.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ტენესის შტატშიც, სადაც კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა 2022 წლის 7 აპრილს დაიხურა, დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი ბარბარა ლი კუპერი კი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 2022 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ კუპერის კანდიდატად წარდგენა მის სიცოცხლეშივე მოხდა. მისი გარდაცვალების გამო სპეციალური არჩევნები მოგვიანებით დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ დელუკას არჩევას თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დეზინფორმაციული კამპანია მოჰყვა. მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებლები დელუკას არჩევას არჩევნებში დარღვევისა და გაყალბების მტკიცებულად წარმოაჩენდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Politifact-მაც გადაამოწმა. Politifact-ი აღნიშნავს, რომ 2022 წლის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა 15 აგვისტოს იყო. პენსილვანიის შტატის დეპარტამენტის წარმომადგენელმა Politifact-თან აღნიშნა, რომ, „მას შემდეგ რაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება, საარჩევნო კოდექსში არ არსებობს კანდიდატის სახელის ამოშლის და ჩამნაცვლებლის სახელის შეტანის მექანიზმი“. ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, ინფორმაცია, რომ დელუკას არჩევა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებაა, მცდარად შეაფასა.

ამდენად, მტკიცება, რომ დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე გარდაცვლილი კანდიდატები წარადგინა, ტყუილია. არჩევნებზე ენტონი დელუკასა და ბარბარა ლი კუპერის კანდიდატებად წარდგენა მათსავე სიცოცხლეში მოხდა.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გარდაცვლილ კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ასევე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია (ბმული 1)

მტკიცება N2: ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნახსენები პოლარიზაცია, საარჩევნო მუშაკების მიმართ მუქარა და საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის დაკარგვა ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებების შედეგია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჯაბა ჟვანიას დეზინფორმაციული მტკიცებით „ყველაფერი გაკეთდა [...] იმისთვის, რომ ხალხის მხრიდან ამ არჩევნების ნდობისთვის ძირი გამოეთხარათ, ანუ ამერიკის მოქალაქეებს აღარ სჯეროდეთ, რომ აშშ-ში დემოკრატიული არჩევნები ტარდება. [...] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ბაიდენის ადმინისტრაციის კისერზე“.

2022 წლის 8 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირმა ანგარიში 9 ნოემბერს გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მოკვლევასა და დასკვნაში არჩევნები კონკურენტულად და პროფესიონალურად მართულადაა შეფასებული, საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის შემცირების მცდელობებზე, პოლარიზებულობასა და საარჩევნო მუშაკების დაშინებაზე ხაზგასმა ნამდვილად გვხვდება. თუმცა მტკიცება, რომ ეს ექსკლუზიურად ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებების შედეგია, დასკვნაში ნახსენები არაა. მეტიც, ანგარიშში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ქმედებები არჩევნების მიმართ ამომრჩეველთა ნდობის შემცირების კონტექსტში არაერთხელ არის ნახსენები.

ანგარიშის მიხედვით, მედიაში პოლიტიკოსების პრეტენზიებმა, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემამ და საარჩევნო ყუთების გამოყენებამ 2020 წლის არჩევნების გაყალბება გამოიწვია, მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. დამატებით საკვანძო საარჩევნო რბოლებში რესპუბლიკელი კანდიდატების მიერ 2020 წლის შედეგების არალეგიტიმურად აღიარებამ და ყოფილი პრეზიდენტის ტრამპისა და ზოგიერთი რესპუბლიკელი კანდიდატის მიერ წინასაარჩევნო მიტინგებზე, მედიასა და სოციალურ ქსელებში 2020 წლის არჩევნების შედეგებისა და 2022 წლის კენჭისყრის პროცესის მთლიანობის უარყოფამ საარჩევნო პროცესების მიმართ ამომრჩეველთა ნდობა ასევე შეამცირა.

ანგარიშის თანახმად, არჩევნებისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შემცირებას ხელს ასევე უწყობდა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ არჩევნების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები და მოთხოვნები. რესპუბლიკელები არაკანონიერი ამომრჩევლების რეგისტრაციისა და უკანონო ხმის მიცემის თავიდან არიდების აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს, ხოლო დემოკრატები ლეგიტიმური ხმების უარყოფის პოტენციურ საფრთხესა და უმცირესობების ხმების შეზღუდვაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. რაც არჩევნების მიმართ ნდობის შემცირების გამომწვევ ფაქტორს ასევე წარმოადგენდა.

პოლიტიკურ დღის წესრიგში დონალდ ტრამპის საკითხის აქტუალურობამ, რაც რესპუბლიკელთა მხრიდან 2020 წლის არჩევნების ეჭვქვეშ დაყენებაში, კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმის გამოძიების ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მიერ ტრამპის სასამართლოში გამოძახებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში გამოიხატა, ხელი შეუწყო მაღალი პოლარიზაციის ხარისხის მქონე არაჯანსაღ დისკურსს.

რაც შეეხება საარჩევნო მუშაკებზე თავდასხმას, ანგარიშში მართლაც არის ნახსენები მუქარისა და ძალადობის შემთხვევების ზრდა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე, თუმცა 27-გვერდიან ანგარიშში მითითება, რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ან დემოკრატიული პარტიის ქმედებების გამო მოხდა, არსად გვხვდება.

მტკიცება N3 : 2020 წლის არჩევნები დემოკრატებმა გააყალბეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ არჩევნები დემოკრატებმა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბეს. დეზინფორმაცია „ალტ-ინფოს“ ეთერიდანაც ხშირად ვრცელდება.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ დეზინფორმაციას არაერთხელ გამოეხმაურა. იხილეთ სტატიები (ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6)

რეალურად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ლოჯისტიკური გამოწვევებისა და სამართლებრივი გაურკვევლობების მიუხედავად, კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. ანგარიში არჩევნების გაყალბების შესახებ არაფერს ამბობს.

Reuters-ის თანახმად, ფედერალურმა და შტატების სასამართლოებმა დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული 50-ზე მეტი სარჩელი უარყვეს. USA Today-ს თანახმად, 62 არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრიდან ტრამპი 61-ში დამარცხდა. ტრამპის საჩივრები უარყო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც. არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა არიზონას, ნევადას, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის სასამართლოებმაც. ფაქტში, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ტრამპს მისივე ადმინისტრაციის იუსტიციისა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტებიც არწმუნებდა.

2020 წლის არჩევნების გაყალბების კონტექსტში ყურადსაღებია აშშ-ის კონგრესში 6 იანვრის პანელის მოსმენები. მოსმენებზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ტრამპს მისივე მრჩევლები, ოჯახის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის - ყოფილი გენერალური პროკურორი ბილ ბარი არწმუნებდნენ, რომ მისი მტკიცებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მცდარი იყო.

შესაბამისად, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებას ვერც ერთი სასამართლო დასკვნა თუ ავტორიტეტული გამოცემა ადასტურებს. მეტიც, დონალდ ტრამპთან დაახლოებული პოლიტიკური პირები ასევე უარყოფენ არჩევნების გაყალბებას. შესაბამისად, „ალტ-ინფოს“ მიერ მრავალჯერ გაჟღერებული მტკიცება, თითქოს დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბა, სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4676 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი