სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები გაყალბდა. როგორც წყაროები იუწყებიან, არჩევნების გაყალბების დადგენა ეროვნული გვარდიის მიერ ხუთ მნიშვნელოვან შტატში ინფრაწითელი დეტექტორით აღჭურვილი სპეციალური სისტემებით მოხდა. მოცემულ ინფორმაციას Facebook- მომხმარებელი საკუთარ გვერდზე აზიარებს. ამავე დეზინფორმაციას გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს და მსოფლიოს“ სტატია, თავის მხრივ, ყალბი ამბებისა და კონსპირაციული თეორიებით ცნობილი პლატფორმის Before it’s News-ის სტატიის ანალოგს წარმოადგენს.

მტკიცება 1: „არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, დაბეჭდილი იქნა სპეციალური დაცვის მქონე, ბლოკჩეინის კვანტურ სისტემაში რეგისტრირებული უხილავი წყლოვანი ნიშნების ჩანართის მქონე ბიულეტენები”.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების გაყალბების თაობაზე არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაცია ემყარება მსჯელობას, რომ მარკირების ნიშნების შემცველი საარჩევნო ბიულეტენები „ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისა“ და „კიბერ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA – Cybersecurity and Infrastructure Security Agency) მიერ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა შტატის და ადგილობრივი საარჩევნო მოხელეების კომპეტენციაში შედის. ამ ინფორმაციას თავად „კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო ” ადასტურებს.

„კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ“ თავად უპასუხა გავრცელებულ დეზინფორმაციას და განაცხადა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო ბიულეტენების დაბეჭდვასა და გადამოწმებაში მონაწილეობას არ იღებენ“. სააგენტომ ასევე ჭორი უწოდა მტკიცებას, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ ბიულეტენები უსაფრთხოების ზომების დაცვით დაბეჭდეს და შედეგებს ამოწმებენ.

რაც შეეხება მარკირების ნიშნების გამოყენებას, არაერთი დოკუმენტი ტრიალებს სოციალურ სივრცეში, რომელიც კონსპირაციის თეორიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. „კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს” მიერ გამოქვეყნებულ ფოსტით ხმის მიცემის „რისკების შეფასების დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ მარკირების ნიშნები კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენება, ისევე როგორც ბიულეტენის ქაღალდის ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა, ეს შტატების მიერ კონტროლდება. ამის მაგალითი არის კალიფორნიის შტატი.

სოციალურ მედიაში გავრცელდა მტკიცება, თითქოს „ოფიციალური ბიულეტენები დაიბეჭდა უხილავი, ურღვევი მარკირების ნიშნებით, რომლებიც დარეგისტრირდა კვანტური ბლოკჩეინის სისტემაში“. როგორც Spones.com, ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა, იუწყება გავრცელებული დეზინფორმაცია არასწორად იყენებს ტერმინებს „ბლოკჩეინი“ და „კვანტური“.

ტერმინი „ბლოკჩეინი“ ციფრული ინფორმაციის შენახვისა და უსაფრთხოების კრიპტოლოგიური მეთოდია. „ბლოკჩეინები“ ტრანზაქციების ჩანაწერებია, რომელიც დეცენტრალიზებულ ქსელში ინახება ისე, რომ მათი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და მხოლოდ იმ პირებისათვის არის ხელმისაწვდომი, ვისაც მათემატიკურად ურღვევი კრიპტოგრაფიული გასაღები აქვს. ეს ტექნოლოგია არსებობს და ამა თუ იმ ფორმაში, კრიპტოვალუტების ყველა ტრანზაქციას უდევს საფუძვლად.

„კვანტური შეჯამება“ რეალური ტერმინი არის. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართოდ თეორიული ტერმინია, ის შეჯამების ისეთი ფორმაა, რომელიც ტრადიციულ, ორმაგ კოდს (მაგ: ერთების და ნულების სისტემა) არ ეფუძნება. მას, აქვს თეორიული შანსი, რომ დღეს არსებულ შეჯამების სისტემებზე, უკეთესი შედეგი აჩვენოს. „ბლოკჩეინის“ სისტემებს კვანტური შეჯამების სისტემები არ ესაჭიროებათ. პირიქით, „კვანტური შეჯამების“ სისტემები საფრთხეს უქმნის „ბლოკჩეინის“ სისტემებს, რადგანაც პოტენციალი აქვთ, რომ წინად ურღვევი დაშიფვრის კოდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ სისტემას, ერთ დღეს გატეხონ.

შესაბამისად, Spones.com-ის მიხედვით, ტერმინი „კვანტური ბლოკჩეინის სისტემა“ - არარსებული სიტყვათშეთანხმებაა და შესაბამისად, ის არც არჩევნების კონტექსტში არსებობს.

Facebook-ში ქართული წყაროების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ასევე ამტკიცებს:

მტკიცება 2: „არჩევნების დასრულებისთანავე, მნიშვნელოვანი შტატების ხუთ საარჩევნო ოლქში გაგზავნილი იქნა ეროვნული გვარდიის ნაწილები, რომლებმაც ადგილზე ჩაიტანეს ბიულეტენების ნამდვილობის დასადგენი ლაზერული ინფრაწითელი დეტექტორით აღჭურვილი სპეციალური სისტემები. ამ სისტემებში, ბიულეტენის ნამდვილობის დასადგენად სათითაოდ გაატარეს თითოეული ბიულეტენი“.

ეს მსჯელობა სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

მსგავსი დეზინფორმაცია აშშ-შიც გავრცელდა. აღნიშნული ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ PolitiFact გამოიკვლია . Politifact-მა ინტერვიუ მაიკლ ჰოუკთან, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენელთან ჩაწერა. ინტერვიუზე დაყრდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ ეროვნული გვარდია ქვეყნის მასშტაბით ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ნებისმიერი სახის დახმარება ეროვნული გვარდიის მხრიდან შტატისა და გუბერნატორის დაკვეთით ხორციელდება. გუბერნატორს აქვს უფლებამოსილება შტატის კანონმდებლობის ფარგლებში შტატის ეროვნული გვარდია დროული დახმარებისათვის გაააქტიუროს. თუ ეს კანონის ფარგლებში შესაძლებელია, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არჩევნებში დახმარება შემდეგი მიმართულებით შეიძლება განახორციელონ: კიბერუსაფრთხოება, ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, საარჩევნო უბნების მოწყობა, COVID-19-ზე სკრინინგი და ნაკადის კონტროლი.

Facebook მომხმარებლის პოსტში, ასევე „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში გვხვდება მტკიცება:

მტკიცება 3: „აღმოჩნდა, რომ ლაზერში გატარებული 14 მილიონი ბიულეტენის 78% იყო ყალბი და მონიშნული გახლდათ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ!.. ამასთანავე დადგინდა, რომ ნამდვილი ბიულეტენების 80%-ში ხმები ტრამპის სასარგებლოდ იყო მიცემული!. ზემოაღნიშნული შემოწმების პროპორციული გაანგარიშებით დადგინდა, რომ დონალდ ტრამპმა მიიღო 73 500 000 ხმა, ბაიდენს კი 25 900 000“.

მოცემული ვერ იქნება სიმართლე, რადგანაც მსჯელობა, რომელსაც ეს შედეგი ემყარება ყალბი და გადაუმოწმებელი ფაქტებიდან გამომდინარეობს.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი