ბელარუსის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა მედიამ „АТН: Новости Беларуси и мира“ ორი პოსტი თანდართული ვიდეოებით გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ აშშ-ს არჩევნები გაყალბდა. პოსტების თანახმად, დემოკრატიის ტრამპისგან გადარჩენის ლოზუნგით არჩევნების ყველა პრინციპი დაირღვა და [პოლიტიკური ელიტის] უმაღლესი დონეებზე დაგეგმილი შეთქმულების მეშვეობით, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. გავრცელებული მტკიცებით, აშშ-ის ისტორიაში 2020 წლის არჩევნები ყველაზე ბინძური იყო. მეორე პოსტის თანახმად, აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ გამოიყენა ბიულეტენების „ტრეფიკინგი“, რათა 2020 წლის არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაეყალბებინა, როგორც ეს ფილმში „2000 კონტრაბანდისტი/კურიერი“ (2000 mules) არის მოთხრობილი. АТН წერს, რომ ფილმი ამტკიცებს, რომ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და ბაიდენი არალეგიტიმური პრეზიდენტია.

სინამდვილეში, 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ამას შტატების, ფედერალური ოფიციალური პირებისა და სასამართლოების მტკიცებულებები ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველთა გაყალბების ცალკეული შემთხვევები გამოავლინა, მათ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ულტრამემარჯვენე კომენტატორის, დინეშ დ’სოუზას დოკუმენტური ფილმი აძლიერებს მითს იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნების დროს საფოსტო ბიულეტინებით ხმის მიცემის პროცესში სერიოზული დარღვევები იყო. დ’სოუზამ Fox News-ს განუცხადა, რომ კონტრაბანდისტებმა/კურიერებმა (mules) არჩევნებში 400 000 უკანონო ხმა მისცეს. ექსპერტების თანახმად, მტკიცებულება, რომელზეც დ’სოუზა მიუთითებს, არასწორია. ბევრ შტატს აქვს კანონები, რომლებიც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, შევსებული ფოსტის ბიულეტენი სხვების, მაგალითად, ოჯახის წევრების სახელით დააბრუნონ. შესაბამისად, საარჩევნო ყუთები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სტანდარტული საფოსტო ყუთები.

ფილმში მოყვანილი ერთ-ერთი არგუმენტი ეყრდნობა მობილური ტელეფონების, რომლებიც ე.წ. „კონტრაბანდისტებს“/კურიერებს ეკუთვნოდა, გეოლოკაციის ანალიზს, თუმცა აღნიშნული ტექნოლოგია საკმარისად ზუსტი არაა ლოკაციის დასადგენად და მხოლოდ საარჩევნო ყუთის სიახლოვეს ყოფნას განსაზღვრავს და არა უშუალოდ საარჩევნო ყუთთან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფილმში მოცემული აღნიშნული მონაცემები არაფრის მთქმელია და ვერაფერს ამტკიცებს, რადგან სმარტფონებიდან გეოლოკაციის დამდგენი (geotracking) ტექნოლოგია საკმარისად ზუსტი არაა, რომ მასზე დაყრდნობით არჩევნების კონტრაბანდისტული გზით კურიერების მიერ გაყალბებაზე რაიმე დასკვნის გამოტანა შესაძლებელი იყოს. დეტალურად იხილეთ Politifact-ის, Factcheck.org-ის და Reuters-ის სტატიებში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად სამართლებრივი გაურკვევლობებისა და ლოჯისტიკური გამოწვევებისა, იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. ანგარიში არაფერს ამბობს არჩევნების გაყალბების შესახებ, არამედ, პირიქით, აღნიშნულია, რომ სისტემური ნაკლების შესახებ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებებმა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობა დააზიანა.

Reuters-ის თანახმად, ფედერალურმა და შტატების სასამართლოებმა დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული 50-ზე მეტი სარჩელი უარყვეს. საბოლოოდ, ვერც ერთი სარჩელით ტრამპის მტკიცება - არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ვერ დადასტურდა. USA Today-ს თანახმად, 62 არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრიდან ტრამპი 61-ში დამარცხდა, ხოლო ერთში, პენსილვანიის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი სწორი დოკუმენტაციის წარსადგენად (აღნიშნულს შედეგებზე არსებითი გავლენა არ ჰქონია) არჩევნების შემდეგ 3 დღე ჰქონდათ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც ტრამპის საჩივრები უარყო. არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა არიზონას, ნევადას, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის სასამართლოებმაც. რიგ შტატებში (მაგალითად, ჯორჯიასა და უისკონსინში) გადათვლის შედეგებმაც ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. ფაქტში, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ტრამპს მისივე ადმინისტრაციის იუსტიციისა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტებიც არწმუნებდა. ასევე, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მთავარი პროკურორი, უილიამ ბარი აცხადებდა, რომ მას არ უნახავს გაყალბება, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა ჰქონოდა. არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებები არჩევნების ინფრასტრუქტურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭომაც უარყო.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებები ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმებმაც გადაამოწმეს. Associated Press-ის თანახმად, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ტრამპის ყველა მტკიცება არასწორია (ასევე იხილეთ BBC, factcheck.org, Politifact). 2020 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებების გადამოწმების სამეცნიერო სტატია ჰარვარდის კენედის სკოლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

2020 წლის არჩევნების გაყალბების კონტექსტში ყურადსაღებია აშშ-ის კონგრესში 6 იანვრის პანელის მოსმენები. მოსმენებზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ტრამპს მისივე მრჩევლები, ოჯახის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი ბილ ბარი (გარდა რუდი ჯულიანისა, რომელიც, სავარაუდოდ, არჩევნების ღამეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა) არწმუნებდნენ, რომ მისი მტკიცებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მცდარი იყო.

მსგავს მტკიცებას წარმოადგენდა ფოსტის თანამშრომლის, რიჩარდ ჰოპკინსის, განცხადების არგუმენტად მოყვანა. განცხადების თანახმად, მას უფროსი არჩევნების დღის შემდეგ გაგზავნილი საფოსტო ბიულეტენების თარიღების შეცვლას - თარიღის უკან გადაწევას ავალებდა, რათა ხმების დათვლისას, ისინიც ჩათვლილიყო. ფოსტალიონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მან ბრალდებების სიყალბის შესახებ გამოძიებას თავადვე განუცხადა. საბოლოოდ, ფოსტალიონმა YouTube-ში ვიდეო განათავსა, სადაც თავისი განცხადებები უარყო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი რეალურად არ მომხდარა.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.