საქართველოში ცენტრალური თუ ადგილობრივი დონის ხელისუფლებების ბალანსზე არსებული ავტომობილების სიმრავლე არაერთხელ იქცა კრიტიკის ობიექტად. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიამ მკვეთრად დააზარალა, სამინისტროები, მათი საქვეუწყებო უწყებები თუ მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაში სოლიდურ თანხას ხარჯავენ. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენი მსუბუქი ავტომობილი შეიძინეს აჭარის ა/რ მთავრობამ, სამინისტროებმა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებმა 2019 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხორციელდება. როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში, აჭარის მთავრობის აპარატმა, სამინისტროებმა, მათ მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციებმა, საქვეუწყებო დაწესებულებებმა და მუნიციპალიტეტებმა, ორმოცდაერთი ერთეული ახალი ავტომანქანა შეიძინეს.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებით შესყიდული მსუბუქი ავტომობილები, 2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდი
შემსყიდველი | წელი | რეგისტრაციის ნომერი | შესყიდვის ობიექტი | რაოდენობა | ხელშეკრულების ღირებულება, ლ | დაფინანსების წყარო | დანართი № |
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი | 2022 | CON210000647-00028 | Kia Seltos, 2.0 | 2 | 130 000 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 1 |
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი | 2022 | CON210000651-00010 | FIAT TIPO 1.6 P | 3 | 139 500 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 2 |
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 2022 | CON210000651-00008 | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 93 000 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 3 |
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 2019 | CON190000375-00078 | Renault Duster | 1 | 43 680 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 4 |
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 2019 | CON190000375-00074 | Renault Duster | 1 | 43 680 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 5 |
აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტი | 2022 | CON210000655-00006 | Renault Duster | 6 | 320 400 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 6 |
აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტი | 2021 | CON210000342-00005 | Mitsubishi L 200 | 2 | 138 560 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 7 |
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი | 2022 | CON210000479-00053 | Mitsubishi L 200 | 1 | 70 605 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 8 |
ა(ა)იპ მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე | 2022 | CON210000655-00031 | Renault Duster | 1 | 53 400 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 9 |
შპს აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია | 2022 | CON210000479-00041 | Mitsubishi L 200 | 1 | 70 605 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 10 |
შპს აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია | 2019 | CON190000375-00077 | Renault Duster | 2 | 87 360 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 11 |
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 2021 | CON210000479-00008 | Mitsubishi L 200 | 3 | 211 815 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 12 |
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 2019 | CON190000375-00063 | Renault Duster | 1 | 43 680 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 13 |
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 2019 | CON190000375-00071 | Renault Duster | 1 | 43 680 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 14 |
შპს Goderdzi Resorts | 2021 | CON210000479-00001 | Mitsubishi L 200 | 1 | 70 605 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 15 |
სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი | 2019 | CON190000375-00068 | Renault Duster | 1 | 43 680 | რესპუბლიკური ბიუჯეტი | 16 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 2022 | CON210000647-00027 | Kia Seltos | 1 | 65 000 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 17 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 2022 | CON210000660-00024 | Renault Sandero | 1 | 36 400 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 18 |
შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი | 2022 | CON210000479-00048 | Mitsubishi L 200 | 1 | 70 605 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 19 |
ქედის მუნიციპალიტეტი | 2022 | CON210000479-00029 | Mitsubishi L 200 | 1 | 70 605 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 20 |
ქედის მუნიციპალიტეტი | 2022 | CON210000655-00007 | Renault Duster | 2 | 106 800 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 21 |
ქედის მუნიციპალიტეტი | 2019 | CON190000375-00067 | Renault Duster | 1 | 87 360 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 22 |
შუახევის მუნიციპალიტეტი | 2022 | CON210000479-00037 | Mitsubishi L 200 | 2 | 141 210 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 23 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 2019 | CON190000454-00003 | Mitsubishi L 200 | 3 | 174 729 | მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი | 24 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რესპუბლიკური თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრებით, ორმოცდაერთი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, პიკაპებისა და ჯიპების, შესყიდვა 2 356 959 ლარით დაფინანსდა. აქედან ოცდაცხრა ავტომანქანის შესაძენი თანხა - 1 604 250 ლარი - აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაიხარჯა, ხოლო თორმეტი ავტომანქანისთვის საჭირო ხარჯი ქედის, ქობულეთის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა გაიღეს, რაც ჯამში 752 709 ლარია. მხოლოდ მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის აპარატმა, სამინისტროებმა, საქვეუწყებო დაწესებულებმა და საწარმოებმა სს ფრანს ავტოსთან, შპს კავკასუს მოტორსთან, შპს სტრადა მოტორსთან, ოცდაოთხი ახალი ავტომანქანის შეძენის მიზნით, 1 368 130 ლარის ჯამური ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში დროდადრო ახალი ორგანიზაციები იქმნება, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტომობილების შესყიდვის დაფინანსებას ითხოვენ. ეს კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის გარდა, ტექნიკური თუ სხვა ტიპის მომსახურებისა (რეცხვა, პარკირება, მძღოლი...) და საწვავის ხარჯსაც გულისხმობს. მაგალითად, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აჭარაში 2019 წლის აგვისტოში ამოქმედდა და იმავე წელს 43 680-ლარიანი ავტომანქანა შეიძინა. ცენტრის ასიგნება მზარდია და 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 951 100 ლარია გამოყოფილი. წლიდან წლამდე იზრდება ასევე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება და უკვე ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 355 500 ლარია გათვალისწინებული. ორგანიზაცია 2020 წლის მარტში შეიქმნა. მისი 100%-იანი მესაკუთრე ქედის მუნიციპალიტეტია. მიმდინარე წელს ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა შეიძინა ერთი ახალი ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 70 605 ლარს შეადგენს.
ყურადღებას იქცევს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“. საწარმომ 2022 წელს - ერთი და 2019 წელს ორი ავტომობილი შეიძინა, რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ჯამში, 157 965 ლარია გადახდილი. საინტერესოა, რომ აღნიშნული საწარმო, აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით, 2009 წელს დაფუძნდა და მას შპს „ჰიგიენა 2009“ ერქვა. საწარმოს 100% მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3. რეგიონის მთავრობის მიერ წლების წინ დაწყებული პროექტი დღემდე ვერ დასრულდა, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კი უცხოეთიდან მიღებული სესხის მომსახურების თანხას ვიხდით. წელს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ რესპუბლიკის ბიუჯეტში 4 805 300 ლარია გაწერილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა შპს Goderdzi Resorts-იც, რომელმაც, რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით, 2021 წელს ახალი ავტომობილი 70 605 ლარად შეიძინა. საწარმოს დაფინანსება, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა და წელს, თითქმის, 676 000 ლარს შეადგენს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საკუთარი შემოსავლებით ახალი ავტომობილები შეიძინეს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ. პირველმა წელს, ახალი (2022 წელს გამოშვებული) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით, 53 400-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო 2020 წელს, ასევე საკუთარი შემოსავლებით, 58 243-ლარიანი ავტომანქანა შეიძინა. უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი აფინანსებს. წელს მას 4 266 400 ლარის ასიგნება აქვს. აქედან 900 000 ლარამდე - შრომის ანაზღაურებისთვის.
რაც შეეხება შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიას, მან ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება 2022 წელს, საკუთარი შემოსავლებით, 70 605 ლარად შეიძინა. დანართი 27 საწარმო აჭარის რესპუბლიკის საკუთრებაა. დაფუძნებულია 2012 წელს და რეგიონში არაერთ მრავალმილიონიან პროექტს ახორციელებს. მათი ნაწილი დროში გაიწელა, ან საერთოდ გადაიდო. მაგალითად, „ფაქტ-მეტრმა“ მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნა სტატია ბათუმში ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის შეჩერებული მშენებლობის შესახებ. ასევე ჩვენ ვწერდით სპორტული კომპლექსის გაჭიანურებული მშენებლობის თაობაზე, ამ შემთხვევაშიც პროექტის განმახორციელებელი შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაა“. ის ადრე შპს „სტადიონის“ სახელით ოპერირებდა და ისეთი პროექტები ებარა, როგორიცაა ბათუმის ახალი სტადიონისა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დროში გახანგრძლივებული მშენებლობები (იხ. სტატია 4 და სტატია 5). საწარმოს დაფინანსების მიზნით, 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 29 725 600 ლარია გათვალისწინებული.
„ფაქტ-მეტრმა“ ამ ეტაპზე მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა. რაც შეეხება ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის დაფინანსებას, შევეცდებით, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯებიც მოვიკვლიოთ.