ლევან ანთაძე: [ნაგავსაყრელის საკითხზე] 2011 წელს აღებული კრედიტია და დღემდე მისი მომსახურების ფულს ვიხდით... გზა ვერ დააგეს იქ 600 000 ლარის...
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე სანიტარულ ნაგავსაყრელთან მისასვლელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2019 წელს ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ყველა კომპანიას, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
იმავე მიზნით მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპმა“ გაიმარჯვა. 1 907 560-ლარიანი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 996-მეტრიანი გზის დაერთების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა. თუმცა სახელშეკრულებო პირობები ცხრაჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილებით, მიმწოდებელს პროექტის დასრულება 2021 წლის 21 აპრილამდე გადაუვადდა. თუმცა მან სამუშაოები ვერ განახორციელა და შემსყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან თხუთმეტი თვის შემდეგ, კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ეტაპზე პროექტი განუხორციელებელია.
რაც შეეხება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, 2010 წელს ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი ევრო EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) სესხის, ხოლო 4 მილიონი ევრო CIDA- მ (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) გრანტის სახით გამოყო. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები ისევ გრძელდება. სესხის მომსახურებისა და დაბრუნების მიზნით, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, 2011-2020 წლებში, გადახდილია ჯამში 2 363 100 ლარი. აქედან გამომდინარე, განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეს შეესაბამება.
ანალიზი: პოლიტიკოსმა ლევან ანთაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას, აჭარის ა/რ მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა: „ნაგავსაყრელის თემა 2011 წელს აღებული კრედიტია და დღემდე მისი მომსახურების ფულს ვიხდით... და გზა ვერ დააგეს იქ 600 000 ლარის...“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აჭარაში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2004 წელს დაიწყო. 2010 წელს კი ქობულეთში ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი ევრო EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) სესხის, ხოლო 4 მილიონი ევრო CIDA- მ (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) გრანტის სახით გამოყო. სესხის საშეღავათო პერიოდი 3 წელი იყო.
ამის შემდეგ ხელისუფლება პროექტის დაწყებას ყოველწლიურად აანონსებდა. 2009 წელს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სანიტარული ნაგავსაყრელის ფლობისა და მართვის მიზნით, შპს „ჰიგიენა 2009“ შექმნა, რომელსაც 2020 წლიდან შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ეწოდა.
2017 წელს შპს „ჰიგიენა-2009-ის“ ანგარიშიდან 5 მლნ ლარამდე თანხა გაქრა, რისთვისაც საწარმოს დირექტორი დააკავეს. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ 2018 წელს დაწერა. ნაგავსაყრელის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო. საერთაშორისო ტენდერში კომპანია „გოქსინ ინსაათმა“ გაიმარჯვა. პროექტი ახალ ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზის მშენებლობასაც ითვალისწინებდა. როგორც „ფაქტ-მეტრთან“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე თორნიკე კუჭავამ განმარტა, მისასვლელი გზა გაკეთდა, მაგრამ არ განხორციელდა მაგისტრალზე გზის მიერთების მოწყობის სამუშაოები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე სანიტარულ ნაგავსაყრელთან მისასვლელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მიერთების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი (NAT190009741) პირველად 2019 წლის 16 მაისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 855 739 ლარი იყო. ტენდერში ოთხი მონაწილე ჩაერთო. სატენდერო კომისიამ ოთხივეს მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
იმავე მიზნით შემსყიდველმა ტენდერი განმეორებით (NAT190020391) 2019 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჯერად - გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით (2 042 887 ლარი). იმავე წლის 6 დეკემბერს 1 907 560-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპთან“ გაფორმდა, რომელმაც სამ პრეტენდენტს შორის, ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. სხვათა შორის, აღნიშნული კომპანია პირველად გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა.
996-მეტრიანი გზის მშენებლობის სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო, ანუ 2020 წლის მაისის დასაწყისში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. სახელშეკრულებო პირობები 9-ჯერ შეიცვალა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო, მე-9 ცვლილებით კი გადაწყდა, რომ სამუშაოები 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო.
ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 2021 წლის 26 მარტს, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ“ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. პარალელურად, შემსყიდველმა საავანსო გადახდის ფარგლებში წარდგენილი საბანკო გარანტიის - 285 000 ლარისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის - 104 916 ლარის გამოთხოვის პროცედურები დაიწყო. ამასთანავე, კომპანიას პირგასამტეხლო დააკისრა და სამშენებლო მოედნის განთავისუფლება მოსთხოვა.
ამ ეტაპზე შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ გზის დაერთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადებული არ აქვს. ჯერ მას გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვის მოთხოვნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე თორნიკე კუჭავამ პროექტის გადავადების მიზეზად საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი დაასახელა.
რაც შეეხება სესხის მომსახურებისა და დაბრუნების თანხის მოცულობას, 2011-2020 წლებში ამ მიზნით აჭარის ა/ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2 363 100 ლარია გადახდილი.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან EBRD-იდან მიღებული სესხის მომსახურებისა და დაბრუნების მიზნით გადახდილი თანხა, 2011-2020 წლები
წყარო: აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტები: 2013 წლის, 2014 წლის, 2016 წლის, 2018 წლის, 2020 წლის, 2021 წლის
იმავე მიზნით, 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯამში 1 890 400 ლარი, აქედან 57 800 ლარი - სესხის მომსახურების, ხოლო 1 832 600 ლარი - სესხის დაბრუნებისთვის.
ინფორმაციისთვის, თორნიკე კუჭავას თქმით, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამის შემდეგ, ახალი ტენდერის ფარგლებში, გათვალისწინებულია მისი აღჭურვა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვა. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ორ თვეში გახდება შესაძლებელი და ის აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. „ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხს მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება.