იტვირთება

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად, ნარჩენების მართვა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შედის. აქედან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მომზადებული აქვს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა 2018-2022წლებისთვის. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმის მიზანია, მერიამ შეიმუშაოს და განახორციელოს ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისგან და საწარმოებიდან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიან მომსახურებას. ასევე, ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივ დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას.

გეგმაში აღწერილ ამოცანებს შორის გვხვდება: ბათუმის ტერიტორიზე წარმოქმნილი ნარჩენების საინფორმაციო ბაზის შექმნა 2018 წლის ბოლოსთვის; ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებლის მიღწევა - მუნიციპალური ნარჩენების 95% და სახიფათო ნარჩენების 50% 2021 წლისთვის; ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა 2020 წლისთვის; ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკატის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების (ნარჩენების განცალკევება სახეობებისა და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით) სისტემის ჩამოყალიბება 2019 წლისთვის და სხვა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ მუშაობს აღნიშნული გეგმა და რა აქტივობები განახორციელა ბათუმის მერიამ ამ პროექტის ფარგლებში.

ბათუმის მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2018 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჩამოყალიბებულია ნარჩენების შეგროვების მონაცემთა ბაზა შპს „სანდასუფთავების“ მიერ, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 100 ერთეული 1 100 ლიტრი მოცულობის პლასტმასის ევროკონტეინერი. ასევე, პროექტის ფარგლებში, საწარმოებს მიეწოდა სახიფათო ნარჩენების ეფექტური მართვის კომერციული სერვისი, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენების სპეციალური კონტეინერით შეგროვებასა და გატანა-უტილიზაციას ინსინერატორის (სპეციალური წვის ღუმელის) მეშვეობით. ამ მიზნით შეძენილია 300 ერთეული 30 ლიტრის, 200 ერთეული 50 ლიტრისა და 100 ერთეული 240 ლიტრის მოცულობის სპეცკონტეინერი. მიმდინარე მდგომარეობით, გამოცხადებულია ტენდერი სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის 1 ერთეული ავტომანქანის შესაძენად. არსებული ინფორმაციით, მუშავდება ხარჯთაღრიცხვა ინსინირატორის შენობის კაპიტალური შეკეთებისთვის.

ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დასრულებულია სტიქიური (უნებართვო, არაკონტროლირებადი) ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია. დღეის მდგომარეობით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში 14 ერთეული უკანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. სტიქიურნაგავსაყრელებზე ჯამში 6 მილიონამდე მ3 მოცულობის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი გროვდება.

ქალაქში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, დაგვა-დასუფთავებას, ტრანსპორტირებას, ასევე ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების შეძენას, მოვლა-შენახვას და აღნიშნული პროცესების მონიტორინგსა და ზედამხედველობას შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე ბათუმის მერიაა.

გრაფიკი 1: ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის გამოყოფილი დაფინანსება, 2012-2018 წლები

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის განკუთვნილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება, სტიქიური ნაგავსაყრელების ნარჩენებისგან გაწმენდა სრულყოფილად მაინც ვერ ხერხდება. როგორც შპს „სანდასუფთავებიდან“ მოგვწერეს, ამ რაოდენობის ნაგვისგან გასაწმენდად ორგანიზაციას ტექნიკური საშუალება არ აქვს.

ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება ნაგავსაყრელ პოლიგონზე, რომელიც 1965 წლიდან ფუნქციონირებს და განლაგებულია ბათუმში, ადლიის დასახლებაში, 19,2 ჰა-ზე. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი უშუალოდ მდინარის წყალდაცვით ზოლში მდებარეობს, ამიტომ აქტიურად ბინძურდება მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები. ნაგავსაყრელი არ არის შემოღობილი, ამიტომ მასში შეღწევა მარტივია ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის. მოქალაქეებს აქ მოწყობილი აქვთ ფარდულები და აგროვებენ სხვადასხვა სახის ნარჩენს, ეს მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. პოლიგონზე ნარჩენებით იკვებება პირუტყვი, რაც დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ამ პირუტყვისგან მიღებული პროდუქტის საშუალებით, დაავადებების გამომწვევი ვირუსები და ბაქტერიები კვებით ჯაჭვში ჩაერთვება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს რამდენიმე ათეული უპატრონო ძაღლი. ზაფხულის პერიოდში ნაგავსაყრელი პოლიგონიდან მძაფრი სუნი ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს და მოსახლეობისა და ტურისტების აღშფოთებას იწვევს.

ინფორმაციისთვის, 2010 წლიდან აქტიურად ანონსდება ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რაც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედების პარალელურად, ბათუმის ნაგავსაყრელი პოლიგონი უნდა დაიხუროს. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA). საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის სამართავად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ჰიგიენა 2009“ დააფუძნა, რომლის ბიუჯეტიდანაც 5 მილიონამდე ლარის მიტაცებისთვის საწარმოს დირექტორი სასჯელს იხდის. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ცეცხლაურში ობიექტის მშენებლობა.


მსგავსი სიახლეები

2663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი