სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, საშუალოდ, პატიმრების სიკვდილიანობა [ფარდობითი მაჩვენებელი] არის 15 კაცი, რაც 2-ჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და 4.5-ჯერ ნაკლებია სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ მაჩვენებელზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2004-2012 წლების მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების დროს, 10 ათას პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50.9 იყო. მთლიანობაში ეს იყო, საშუალოდ, 90 პატიმრის გარდაცვალება წელიწადში.
2013-2021 წლების მონაცემების მიხედვით, 10 ათას პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 19.5-ს შეადგენს. თუკი ამ მაჩვენებელს პატიმრების გარდაცვალების საშუალო ევროპულ მაჩვენებელს შევადარებთ, რაც ამავე წლების მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, 33.3-ს შეადგენს, ვნახავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის მაჩვენებელი 1.7-ჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და 2.6-ჯერ ნაკლები - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ მაჩვენებელზე.
სოზარ სუბარის მიერ განცხადებაში მოყვანილი მტკიცებების უმეტესობა ფაქტობრივად არაზუსტია. თუმცა, თუ კი სრულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, კერძოდ, იმ გარემოებებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმრების გარდაცვალების როგორც რეალური, ისე ფარდობითი მაჩვენებელი; რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრების გარდაცვალების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი 1.7-ჯერ ნაკლებია ამავე პერიოდის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე, სოზარ სუბარის მთლიანი განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
10 მაისს, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრმა [1] სოზარ სუბარმა წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სიტუაციასა და პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება პატიმრების გარდაცვალების მაჩვენებელზე გაამახვილა - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.
„ყოველ 10 000 პატიმარზე 70 კაცი კვდებოდა დაახლოებით. მთლიანობაში ეს იყო 140-150 პატიმრის სიკვდილი. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი იმავე წლებში იყო 32 პატიმრის სიკვდილი ყოველ 10 000 პატიმარზე. ამჟამად საქართველოში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საშუალოდ სიკვდილიანობა არის 15 კაცი, რაც 2-ჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და 4.5-ჯერ ნაკლებია სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ მაჩვენებელზე“, - განაცხადა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ სოზარ სუბარის განცხადება გადაამოწმა.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წლის შემდეგ პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, პატიმართა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა 2006 წლიდან დაფიქსირდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა უნდა იყოს. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რაც უპრეცედენტოდ მასშტაბური ამნისტიის დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ.
რაც შეეხება პატიმართა სიკვდილიანობას, მოქმედი ხელისუფლების პირობებში გარდაცვალების შემთხვევები (ასევე, შემთხვევათა ფარდობითი მაჩვენებელი), მართლაც, მნიშვნელოვნად შემცირდა. შესამჩნევი კლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ევროპის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ყოველ 10 ათას პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობით გამოითვლება [2]. თუ ყოველ 10 ათას პატიმარზე დაფიქსირებულ გარდაცვალებათა შემთხვევებს ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ 2010-დან 2016 წლამდე აღნიშნულ მაჩვენებელს მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ახასიათებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (27.5) 2013 წელს დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი (12.3) – 2015 წელს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (60.0) 2010 წელს დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი (34.6) – 2012 წელს.
ცხრილი 1: პატიმართა რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი (მათ შორის, ფარდობითი მაჩვენებელი) საქართველოში 2004-2021 წლებში, პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 10 ათას პატიმარზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში 2004-2021 წლებში
წყარო: სახალხო დამცველი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო [3]; საქ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური; Council of Europe Annual Penal Statistics.
რაც შეეხება სოზარ სუბარის მიერ განცხადებაში მოყვანილ კონკრეტულ მტკიცებებს, თუ 2004-2012 წლების მონაცემებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს, 10 ათას პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი არა 70, არამედ 50.9 იყო. ამავე წლების მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანობაში ეს იყო არა 140-150, არამედ, საშუალოდ, 90 პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. წინა ხელისუფლების დროს, პატიმართა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელიწადში 142 შემთხვევა იყო, რომელიც 2010 წელს დაფიქსირდა.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (2013-2021 წლების მიხედვით) პატიმრების გარდაცვალების (ფარდობითი) საშუალო მაჩვენებელი 19.5-ს შეადგენს. თუკი აღნიშნულ მაჩვენებელს წინა ხელისუფლების დროინდელ საშუალო მაჩვენებელს (50.9) შევადარებთ, ვნახავთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 2.6-ჯერ აღემატება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაჩვენებელს.
ვინაიდან სოზარ სუბარი პატიმართა გარდაცვალების საშუალო ევროპულ მაჩვენებელზეც საუბრობს, ცხრილში, ასევე ავსახეთ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში პატიმრების სიკვდილიანობის წლიური საშუალო მაჩვენებელი 10 000 პატიმარზე. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლიდან საქართველოში პატიმრების სიკვდილიანობის (ფარდობითი) მაჩვენებელი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში პატიმრების სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელს ჩამოსცდა. მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში პატიმრების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 19.5-ს შეადგენს. თუკი ამ მაჩვენებელს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს შევადარებთ, რაც ამავე წლების მონაცემების მიხედვით, 33.3-ს შეადგენს, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია რომ ევროსაბჭოს ყოველწლიურ სტატისტიკაში მოყვანილი მონაცემები საქართველოზე, კერძოდ, პატიმართა გარდაცვალების ფარდობითი მაჩვენებელი, არ ემთხვევა იმ მონაცემებს, რაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ და იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოვთვალეთ (წინა ხელისუფლების დროინდელი, 2004-2012 წლების მონაცემები, უმეტესწილად, საერთოდ არცაა ასახული ევროსაბჭოს სტატისტიკაში).
ცდომილების მიზეზი, ერთი მხრივ, ევროსაბჭოს მიერ განსხვავებული მონაცემის აღებაა (პატიმართა წლიური რაოდენობა) გარდაცვალების ფარდობითი რაოდენობის გამოთვლისას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში, პატიმართა გარდაცვალების შემთხვევების ფაქტობრივი რაოდენობაც არ ემთხვევა იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნულის ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არაზუსტია განცხადებები:
• „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყოველ 10 000 პატიმარზე, დაახლოებით, 70 კაცი კვდებოდა;
• მთლიანობაში ეს იყო 140-150 პატიმრის სიკვდილი;
• ამჟამად საქართველოში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საშუალოდ სიკვდილიანობა არის 15 კაცი, რაც 4.5-ჯერ ნაკლებია სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ მაჩვენებელზე.
მეტწილად სიმართლეს შეესაბამება მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრების გარდაცვალების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი ამავე წლების საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოზარ სუბარის მტკიცებების უმეტესობა ფაქტობრივ სიზუსტეს მოკლებულია. თუმცა, მხედველობაშია მისაღები საკითხის სრული კონტექსტი და მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლოა, საბოლოო ვერდიქტზე გავლენას ახდენდეს. ასეთი გარემოებებს შორისაა ის სინამდვილე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, მართლაც, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმრების გარდაცვალების როგორც ნომინალური, ისე ფარდობითი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრების გარდაცვალების ფარდობითი მაჩვენებელი, ამავე პერიოდის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე, 1.7-ჯერ ნაკლებია.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი მიმართულებით, საპატიმროებში არსებული ვითარება, კრიტიკას ვერ უძლებდა. გადატვირთულობა, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და პატიმრების მიმართ განხორციელებული სისასტიკე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა. აღნიშნული თავისი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც არაერთხელ დაადასტურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოზარ სუბარის მთლიანი განცხადება მეტწილად სიმართლედ უნდა შეფასდეს.
[1] განცხადების გაკეთებისას სოზარ სუბარი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ წევრი იყო. 28 ივნისს მან და მმართველი გუნდის კიდევ ორმა დეპუტატმა პარტია საზოგადოებისთვის „მეტი ინფორმაციის“ მიწოდების მიზნით დატოვეს.
[2] წლის განმავლობაში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა იყოფა პატიმართა საერთო რაოდენობაზე და მრავლდება 10 000-ზე.
[3] 2004-2011 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა მოყვანილია სახალხო დამცველის ანგარიშებიდან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის ანგარიშიდან. 2012-2021 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა კი ფაქტ-მეტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოითხოვა.