შესწორებული სტატია
რეზიუმე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემური პრობლემების აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. 2013-2017 წლების საპარლამენტო ანგარიშების თანახმად, საანგარიშო პერიოდში წამების ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა არასათანადო მოპყრობის ერთეული შემთხვევები კვლავ ფიქსირდება.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა და გარდაცვლილთა რაოდენობას, აღნიშნული რიცხვი მართლაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა კახა კალაძის დასახელებულ რიცხვებს არ ემთხვევა. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ყოველ 10 ათას პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც სრულყოფილი ანალიზისთვის მეტად ზუსტი მეთოდია) არა 12-ჯერ, არამედ 3.2-ჯერ არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ როდესაც კალაძე პატიმართა სიკვდილიანობის 12-ჯერ შემცირებაზე საუბრობს, ის უშუალოდ გარდაცვლილ პირთა რაოდენობას გულისხმობს და არა ფარდობით მაჩვენებელს (სიკვდილიანობის მაჩვენებლის), რომელიც ევროპის საბჭოს პრაქტიკის თანახმად ყოველ 10 ათას პატიმარზე გამოითვლება. ამასთან, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობის (ნომინალური მაჩვენებელი) შედარებისას ის არა 2012 წლის, არამედ 2010 ან 2011 წლის მონაცემებს იყენებს, როცა გარდაცვალებათა რაოდენობა ყველაზე მაღალია. 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს შემთხვევათა რაოდენობა არა 12-ჯერ, არამედ 6.7-ჯერ არის შემცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი არარელევანტური პერიოდის შერჩევითა და არასწორი მონაცემების შედარებით გარკვეულწილად გაზვიადებულ სურათს წარმოაჩენს, მისი განცხადების კონტექსტი მაინც სწორია, რადგან ამ სფეროში პროგრესი ცალსახაა.
ანალიზი
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან გაუმჯობესებებზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2013 წლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემური პრობლემის აღმოფხვრის შესახებ, ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
მართალია, 2013-2017 წლების ანგარიშებში სახალხო დამცველი (2004-2012 წლებისგან განსხვავებით) დაწესებულებებში განხორციელებულ უშუალოდ წამების ფაქტებზე ყურადღებას არ ამახვილებს, თუმცა აღნიშნულ პერიოდში არასათანადო მოპყრობის ცალკეული ფაქტები კვლავ შეინიშნება. ამასთან, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევას თავად პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური წესრიგი წარმოადგენს.
2013-2017 წლებში, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რიცხოვნება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
გრაფიკი 1: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რიცხვი 2002-2017 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2003 წლიდან, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, პატიმართა რიცხოვნება იზრდება. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 2006 წლიდან, რაც სავარაუდოდ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას უნდა უკავშირდებოდეს. პატიმართა რაოდენობა პიკს 2011 წელს აღწევს - 24 114 პატიმარი. ხოლო, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც უპრეცედენტოდ მასშტაბურ ამნისტიას უკავშირდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). შედეგად, 2013 წლის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა 9 093-მდე შემცირდა, მომდევნო წელს კი მცირედით, თუმცა კვლავ გაიზარდა. პატიმართა რაოდენობა 2015 წლიდან დასტაბილურდა და 2017 წლის მდგომარეობით, მხოლოდ 9 280-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2018 წლის ივნისის პერიოდში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდებული 2 128 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა დიდი რაოდენობა არაერთხელ გამხდარა პრეზიდენტის კრიტიკის საგანი, თუმცა მეორე მხრივ, სწორედ ამ შეწყალებით გამოწვეული შედეგი - პატიმართა სიმცირე არის ის ერთ-ერთი საკითხი, რომლითაც მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში თავს იწონებს.
როგორც ჩანს, როდესაც კახა კალაძე რიცხოვნობის 2.5-ჯერ შემცირებაზე საუბრობს, 2011 წლისა (როდესაც ყველაზე მაღალი იყო აღნიშნული რიცხვი) და 2017 წლების მონაცემებს ადარებს. თუკი ამ ორ პერიოდს შევადარებთ, მისი განცხადება მართლაც ზუსტია. სურათი მცირედით იცვლება თუკი შესადარებლად 2012-2017 წლებს ავიღებთ. კერძოდ, ამ შემთხვევაში პატიმართა რაოდენობა 2.1-ჯერ არის შემცირებული.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილიანობის მაჩვენებელს (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა), მოქმედი ხელისუფლების პირობებში მართლაც კლება შეინიშნება. თუმცა, შესამჩნევი კლება ჯერ კიდევ 2012 წელს ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ევროპის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ყოველ 10 ათას პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობით გამოითვლება. თუ ყოველ 10 ათას პატიმარზე დაფიქსირებულ გარდაცვალებათა შემთხვევებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ 2010 წლიდან აღნიშნულ მაჩვენებელს კლების ტენდენცია ახასიათებს. მართალია 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა, თუმცა 2017 წელს კვლავ მნიშვნელოვანი კლებაა.
ცხრილი 1: სიკვდილიანობის მაჩვენებელი (10 000 პატიმარზე) საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (2006-2017 წლები)
წელი |
ბრალდებულთა/ |
სიკვდილიანობის რაოდენობა |
სიკვდილიანობის მაჩვენებელი |
2006 |
15 465 |
89 |
57.5 |
2007 |
18 309 |
101 |
55.1 |
2008 |
18 659 |
90 |
48.2 |
2009 |
21 239 |
91 |
42.8 |
2010 |
23 684 |
142 |
60.0 |
2011 |
24 114 |
140 |
58.1 |
2012 |
19 349 |
67 |
34.6 |
2013 |
9 093 |
25 |
27.5 |
2014 |
10 372 |
27 |
26.0 |
2015 |
9 716 |
12 |
12.3 |
2016 |
9 334 |
17 |
18.2 |
2017 |
9 280 |
10 |
10.8 |
როგორც ცხრილიდან ირკვევა, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.2-ჯერ შემცირდა. როდესაც კალაძე სიკვდილიანობის 12-ჯერ შემცირებაზე საუბრობს, ის უშუალოდ შემთხვევათა (გარდაცვლილ პირთა) რაოდენობას გულისხმობს და არა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. თანაც, შესადარებლად არა 2012 წლის, არამედ 2010 ან 2011 წლის მონაცემებს იყენებს, როცა გარდაცვალებათა რაოდენობა ყველაზე მაღალია.
რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა, სადაც ჩვენ მხოლოდ გარდაცვლილ პირთა რაოდენობაზე ვაკეთებდით აქცენტს, ვინაიდან კახა კალაძე განცხადებაში ძირითადად ნომინალურ მაჩვენებლებს ადარებდა. თუმცა, მკითხველის მითითების შემდეგ, გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ არსებული რეალობის სრულყოფილი აღწერისთვის აუცილებელია სიკვდილიანობის ფარდობითი მაჩვენებლის ანალიზი და არა მხოლოდ გარდაცვლილ პირთა ნომინალური რიცხვის შედარება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ევროპის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ყოველ 10 000 პატიმარზე გამოითვლება, რაც სტატიის განახლებულ ვერსიაში ასახულია. ანალიზში აღნიშნული კომპონენტის შემოტანიდან გამომდინარე, შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც და კახა კალაძის განცხადება მეტწილად სიმართლის ნაცვლად, ნახევრად სიმართლედ შეფასდა.