სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგებზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, 9 ივნისს ინდოეთის ქალაქ რატლამში დაიბადა ბავშვი, რომელსაც გენეტიკური მუტაციით გამოწვეული დეფორმაციები აღენიშნება, რაც, სავარაუდოდ, მშობლების ვაქცინაციის შედეგია. პოსტს თან ახალშობილის ვიდეო ახლავს.

პოსტში მოცემული ინფორმაცია მანიპულაციურია. 4 ივნისს ინდურმა მედიებმა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) გამოაქვეყნეს სტატიები, რომელთა თანახმადაც, ინდოეთის ქალაქ რატლამში „უცხოპლანეტელის გარეგნობის ბავშვი“ დაიბადა. სტატიების ნაწილს თან ახლავს ფოტო, რომელიც Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე მოცემულ ბავშვს ასახავს.

სტატიებში იდენტური ინფორმაციაა მოცემული. ინდური პრესა იუწყება, რომ ბავშვი „ახალშობილთა მოვლის სპეციალურ განყოფილებაში“ (Special Newborn Care Units) იმყოფება. მას ორგანოები და კანი სრულად არ აქვს განვითარებული, თვალებსა და ტუჩებზე კი შეშუპებები აქვს. სტატიის თანახმად, სამედიცინო ენაზე მსგავს ახალშობილებს - collodion babies - ეწოდებათ, აღნიშნულ სამედიცინო მდგომარეობას კი გენეტიკური პრობლემები იწვევს.

არცერთ სტატიაში არც მტკიცებით და არც ვარაუდით არაა ნახსენები, რომ ახალშობილის ამგვარი მდგომარეობა ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, ერთ-ერთ რუსულ წყაროში ისეა დასათაურებული, თითქოს ახალშობილი ვაქცინირებული ყაზახი მშობლების შვილია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ვაქცინის გვერდით ეფექტებს შეეხებოდა. რეალურად, Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არცერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ ახალშობილის აღნიშნული მდგომარეობის ვაქცინასთან დაკავშირება, მანიპულაციაა, რასაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.