იტვირთება

მიმდინარე გამოცემის თემები:

• ჯვაროსნული ლაშქრობა ნაციზმის წინააღმდეგ გრძელდება

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• დეზინფორმაციული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

• რუსული პროპაგანდისთვის დასავლური საქნციები, რა თქმა უნდა, არ მუშაობს

• საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები

• უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

• ნეიტრალიტეტი - რუსეთის პროპაგანდის მუდმივი ახირება საქართველოში

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 23-29 მაისი

ჯვაროსნული ლაშქრობა ნაციზმის წინააღმდეგ გრძელდება

რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის ცრუ ბრალდებებით გამართლებას, თითქოს უკრაინის მთავრობისა და სამხედროების იდეოლოგია ნაციზმი და ფაშიზმია. კრემლის პროპაგანდა რუსეთს უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით რუსულენოვანი მოქალაქეების, მხსნელად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ რუსული არმია ისე ათავისუფლებს უკრაინელებს და უკრაინულ ქალაქებს ნაცისტების დაქვემდებარებისგან, როგორც ეს დიდი სამამულო ომის დროს გააკეთა. რუსული პროპაგანდისტული გზავნილები ასევე აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინამ და NATO-მ მოახდინეს და რუსეთს თავის დაცვა მოუწია. ქართველი მარიონეტები კრემლის პროპაგანდას შეჭრის პირველი დღიდან ავრცელებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილმა, ონლაინ პრორუსული ანალიტიკური ვებგვერდი Isari.ge-ის მთავარმა რედაქტორმა და ყოფილმა პარლამენტარმა, უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტები უწოდა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული პასპორტების მიღებას ითხოვდნენ, რადგან რუსეთის მმართველობის პირობებში ცხოვრება ბევრად უკეთესია და მალე მთელი უკრაინა ხერსონად და ზაპორიჟიად გადაიქცევა (აღნიშნული რეგიონების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული), სადაც უკრაინელები მშვიდობიანად ცხოვრობენ და არ ისწრაფვიან უკრაინაში დაბრუნებისკენ. ჭიპაშვილმა გაიმეორა მოსკოვისა და რუსეთს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მმართველი უკრაინელი კოლაბორაციონისტების გზავნილები, რომელთა თანახმადაც, „გათავისუფლებულ“ (ე.ი. დროებით დაპყრობილ) ტერიტორიებზე ცხოვრება მშვიდობიანად მიმდინარეობს, ხალხი რუსულ პასპორტებსა და რუსეთთან ინტეგრაციას ითხოვს და ამიტომ უკრაინის დარჩენილი ტერიტორიის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ უნდა მოხდეს. ჭიპაშვილმა, ასევე გაავრცელა რუსული პროპაგანდისტული გზავნილი, რომ ფაშისტური უკრაინული შეიარაღებული ძალები მოძმე ერს ებრძვის.

სხვა პრორუსულმა წყაროებმა ყურადღება აზოვის ბატალიონის ნაცისტებად და „ნეოლიბერალ-ფაშისტებად“ წარმოჩენას დაუთმეს და მათ მხარდამჭერებს „მთელი კაცობრიობის მტრები“ უწოდეს. ეკონომიკის ექსპერტი და კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი დემურ გიორხელიძე ამტკიცებდა, რომ აზოვის ბატალიონის დატყვევებული წევრებმა ნაციზმისა და რუსოფობიისადმი ერთგულება აღიარეს. მისი განცხადება სხვადასხვა მედია პლატფორმამ, მათ შორის Split Space News-მა და კრემლის მიერ დაფინანსებულმა „ნიუს-ფრონტმა“, გაავრცელა. პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, კი ამტკიცებდა, რომ რუსეთის მიერ დატყვევებული ნეონაცისტი უკრაინელი ჯარისკაცები ადასტურებდნენ, რომ კიევის რეჟიმი სისასტიკეებს სჩადის. პრორუსულმა წყაროებმა - ვებგვერდმა Tvm.ge-მ, Facebook გვერდებმა „აინიუსმა“ და „სტალინმა“ - გაავრცელეს ინფორმაცია აზოვის ბატალიონის ერთი კონკრეტული წევრის, დავიდ კასატკინის შესახებ. მათ აღნიშნული სამხედრო, როგორც სატანისტი, ნაცისტი, ჯალათი, ნარკომანი, ხულიგანი, ომის დამნაშავე, რომელიც უმოწყალოდ კლავდა დონბასის მოსახლეობას, აზოვის მთელი ბატალიონის სახედ წარმოაჩინეს.

უფრო მეტიც, ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინელების ნახევარზე მეტი ფაშისტია და, შესაბამისად, საქართველომ უნდა შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა (არც პრემიერ-მინისტრი უნდა „ტრაბახობდეს“ უკრაინაში საქართველოდან მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების ოდენობით).

კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

პატარა ნაბიჯები რუსული არმიისთვის დონბასში, დიდი ნახტომი რუსული პროპაგანდისთვის - რუსეთის, როგორც სამხედრო ზესახელმწიფოს, იმიჯის გადასარჩენად კრემლის რუპორები აგრძელებენ უკრაინაში არსებული მდგომარეობის დამახინჯებას. უკრაინის კონტრშეტევას ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში უგულებელყოფენ, ხოლო რუსეთის ყოველ უმნიშვნელო ან მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებას აზვიადებენ.

• მაგალითად, შოთა მარტინენკოს, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ (პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს რუსეთთან ალიანსს) ერთ-ერთი ლიდერის, განაცხადებით, აშშ-ის პოლიტიკურმა ელიტამ იცოდა, რომ რუსეთი ომში უპირატესობას მოიპოვებდა და შეგნებულად აირჩია ისეთი სცენარი, რომლის ფარგლებშიც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა მოუწევდა. მისი თქმით, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, მაგრამ ეს უკვე გვიანია, რადგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იმისკენ მიგვითითებს, რომ კრემლი მთელი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. მარტინენკოს განცხადებით, უკრაინა ვერ მოიგებს ომს, რადგან ფრონტის ხაზთან ტერიტორიებს კარგავს. იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ უკრაინა აუცილებლად დამარცხდება, მარტინენკომ აზოვსტალის დაცემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ უკრაინის არმის დემორალიზება გამოიწვია, რის გამოც უკრაინა კიდევ ერთ თავდაცვით პერიმეტრს ვეღარ მოაწყობს.

• „ნიუს-ფრონტმა“ და სხვა პრორუსულმა წყაროებმა კისინჯერის საკამათო განცხადება გაავრცელეს და მხარი დაუჭრეს მოსაზრებას, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიები რუსეთს უნდა დაუთმოს..

• „აინიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სვიტლოდარსკზე კონტროლი დაამყარეს. „ნიუს-ფრონტმა“ კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ მოვლენაზე და განაცხადა, რომ ქალაქი „განთავისუფლებულია“, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის არმიის გაყვანით კმაყოფილია და მადლობას უხდის რუს ჯარისკაცებს. სხვა წყაროებმა კი ქალაქ ლიმანის დაცემა უკრაინის სტრატეგიულ დამარცხებად წარმოაჩინეს და რუსული არმიის ძლევამოსილებას გაუსვეს ხაზი.

• ანტიდასავლური „საერთო გაზეთი“ ამტკიცებდა, რომ ლოგიკური აზროვნების უნარის მქონე არც ერთი ადამიანი არ იფიქრებდა, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა.

• ამავე კონტექსტში, ზოგიერთი Facebook გვერდი ისეთ ციტატებს არჩევდა და ავრცელებდა, რომლებიც ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და მათი დამარცხება გარდაუვალია. ამ უკანასკნელის დასადასტურებლად, ზოგიერთი Facebook პროფილი აქვეყნებდა ამბებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის არმია დემორალიზებულია, რადგან ზოგიერთი შენაერთი აღჭურვილობის, დამხმარე ძალების ნაკლებობისა და ზელენსკის ადმინისტრაციის უყურადღებობის გამო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

• ჩვეულებისამებრ, გაგრძელდა დისკრედიტაციის კამპანია უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ცილისწამების კამპანიის ყურადღების ცენტრში ზელენსკი, პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და უკრაინის არმია მოექცნენ. ამავდროულად, კრემლის მომხრე ჯგუფები ფეისბუქზე განადიდებდნენ რუს სამხედროებს და უკრაინის მძიმე დაბომბვის ვიდეოების რომანტიზებას ახდენენ.

• ყველაზე გამოკვეთილმა კრემლისტურმა წყაროებმა, „ნიუს-ფრონტმა“ და „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნეს ყოფილი დეპუტატის, ხათუნა ხოფერიას, ყალბი განცხადება, რომლის თანახმადაც პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინის ანექსიის პროცესი. ეს გზავნილი მიზნად ისახავს, რომ დასავლეთი არა უკრაინის მხარდამჭერად, არამედ ქვეყნის გაყოფისა და ანექსიის სურვილის მქონე ძალად წარმოაჩინოს. ეს არის რუსული პროპაგანდის კლასიკური მაგალითი, რომელიც უკანონო და დაუსაბუთებელი შეჭრას დისკურსის გადასატანად კონტრბრალდებებით პასუხობს.

დეზინფორმაციული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში მოქმედი პრორუსული დეზინფორმაციული წყაროების, ძირითადად ინდივიდუალური Facebook ანგარიშების, სამიზნეში კვლავ მოექცნენ. იმისთვის, რომ უკრაინელი ლტოლვილებისადმი ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გააღვივონ, პრორუსი Facebook პროფილები ცდილობენ ისინი არეულების გამომწვევებად წარმოაჩინონ, რომლებსაც მიმღებ სახელმწიფოთა უმეტესობაში სიხარულით აღარ ეგებებიან. ზოგიერთი Facebook ანგარიშის თანახმად:

• სომხებმა გააფრთხილეს უკრაინელი ლტოლვილები, რომ აღარ მოითმენდნენ მათ მიერ ნაცისტური სიმბოლიკის გავრცელებას და მოითხოვეს სომხური ტრადიციების პატივისცემა.

• უკრაინელი ქალები იმდენად ჩაერთნენ პროსტიტუციაში იაპონიაში, რომ იაპონიის იუსტიციის მინისტრის კრიტიკაც კი დაიმსახურეს.

• პრაღაში უკრაინელებს ბაზარზე შესვლაზე უარს ეუბნებიან. ეს განცხადება გულისხმობდა, რომ უკრაინელი ლტოლვილები დამნაშავეები არიან და მაღაზიებში ქურდობენ.

• ბულგარეთის მთავრობამ და ხალხმა ბოლო კვირებში სასტუმროებიდან და ქვეყნიდან 35 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გაყარა.

პრორუსული “სეზონი TV” აცხადებდა, რომ დასავლეთი არასათანადოდ ეპყრობოდა უკრაინელ ლტოლვილებს და მათ გერმანიასა და პოლონეთში შეუსაბამო პირობების მქონე ბანაკებში უწევდათ ცხოვრება. „სეზონი TV-ს“ წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც წარსულში პრორუსულ „ობიექტივსა“ და „ალტ-ინფოში“ მუშაობდა, განაცხადა, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში შესანიშნავ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ, თუმცა მათ მაინც პრეტენზიები აქვთ და აქციები მოაწყვეს, რომლებზეც პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მჟავანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა პროფესიონალი პროვოკატორები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოში რევოლუციის მოწყობის ბრძანებას ელიან. უკრაინელი ლტოლვილების იმ ბრბოდ წარმოჩენის ტენდენცია, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და ხელისუფლებაში სააკაშვილი მოყვანაა, საქართველოში მათ წინააღმდეგ არსებული პროპაგანდისტული ნარატივების ქვაკუთხედია.

რუსული პროპაგანდისთვის დასავლური საქნციები, რა თქმა უნდა, არ მუშაობს

კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არაეფექტურობის ილუსტრირებაა. ამ მიზნით, რუსულმა პროპაგანდამ გაავრცელა გზავნილები, რომლებიც, ერთი მხრივ, უგულებელყოფენ იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც კრემლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს რუსულ ეკონომიკაზე ექნება და მეორეს მხრივ, ამტკიცებენ, რომ თავად დასავლეთი ვერ გაუძლებს სანქციების გვერდით ეფექტებს:

• პრორუსული პოლიტიკური პარტიის - „პატრიოტთა ალიანსის,“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მასთან დაკავშირებული ტელეკომპანიის, „მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტის წყალობით იმაზე ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამდე ელოდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპული კომპანიების რუსეთის მოთხოვნისადმი თავდაპირველი წინააღმდეგობისა, ზოგიერთმა მათგანმა რუსული გაზის ყიდვა მაინც რუბლში დაიწყო.

• ასევე, „აინისუსმა“ განაცხადა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. ამის დასადასტურებლად დოლართან მიმართებაში რუბლის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მაგალითი მოიყვანა და სხვა უმნიშვნელოვანესი ინდიკატორები უგულებელყო.

• პრორუსული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ („ალტ-ინფო“) თავმჯდომარემ, გიორგი ქარდავამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების დაწესების გამო აშშ-ს ეკონომიკამ უზარმაზარი დარტყმა მიიღო და ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი დანახარჯები და ნავთობის ფასი იზრდება. მსგავსი გზავნილი ევროკავშირთან დაკავშირებით ჰამლეტ ჭიპაშვილმაც გააჟღერა.

• ჰამლეტ ჭიპაშვილი „ნიუს-ფრონტისთვის“ დაწერილ სტატიაში ამტკიცებდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში წითელი ხაზების გადაკვეთით და რუსეთის გაბრაზებით გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიეს.

• შოთა მარტინენკო ამტკიცებდა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმის მიხედვით, ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკის განადგურებას რუსული ნავთობის ყიდვით ცდილობდა, რათა რუსეთს საკუთარი ენერგო რესურსები სხვაგან უფრო ძვირად არ გაეყიდა. მან საკუთარ განცხადებას მტკიცებულებად ლაიენის ინტერვიუს ფრაგმენტი დაურთო; თუმცა, მარტინენკოს ფართოდ გაზიარებული პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო გამოაცხადა - ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის 2/3-ის მიწოდებას დაუყოვნებლივ შეწყდა, ხოლო 90%-ის იმპორტირება წლის ბოლომდე აიკრძალება.

• ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსანმა ტრისტან წითელაშვილმა, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო დაპატიმრებული და მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, „ალტინფოს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მიერ სანქციებისთვის მხარის არდაჭერას მიესალმება. მან დასძინა, რომ სანქციების დაწესებით საქართველო ისეთივე კრიზისში აღმოჩნდება, როგორშიც აშშ და ევროკავშირი არიან. უფრო მეტიც, წითელაშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება უნდა სცადოს, კერძოდ, მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გასახსნელად მოლაპარაკებები აწარმოოს (რუსეთმა პირდაპირი ფრენები 2019 წელს მას შემდეგ აკრძალა, რაც ქართველებმა რუსი პარლამენტარი სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება გააპროტესტეს).

• ემანუელ მაკრონი რუსული პროპაგანდისტული წყაროების სამიზნე გახდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილის გამო, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამდა საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისა და რუსეთის მიერ სანქციების რეჟიმის გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთის მნიშვნელობას.

• „ალტ-ინფოს“ ლიდერმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც ძირითადად სამხედრო დახმარებისგან შედგება აშშ-ის მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილი ეწინააღმდეგება, ხოლო „ალტ-ინფოსთვის“ მიუღებელი ლიბერალური სეგმენტი კი მხარს უჭერს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები

კრემლის პროპაგანდა დაჟინებით აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს. „სპუტნიკ აფხაზეთმა“ „სპეციალური ოპერაციისთვის“ casus belli წარმოადგინა - „როგორც ქართველმა სნაიპერმა ბელორუსული ტელევიზიის ეთერში აღიარა,” NATO-ს ინსტრუქტორები სპეციალურ ჯგუფებს ბელორუსში, უკრაინასა და აფხაზეთში პროვოკაციების მოსაწყობად ამზადებდნენ, რათა ბელორუსში 2020 წელს მთავრობა დაემხოთ და „უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს დონეცკის, ლუჰანსკისა და ყირიმის დაკავებაში დახმარებოდნენ“ და დაეწყოთ ოპერაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“ (იგულისხმება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი).

გარდა ამისა, კვლავ გაჟღერდა რუსეთის ტრადიციული უსაფუძვლო ბრალდებები აშშ-ის „საიდუმლო“ ბიოლაბორატორიების შესახებ. „სპუტნიკ აფხაზეთი“ „ექსპერტის“ ციტირებით ირწმუნებოდა, რომ დასავლეთში 2000-იანი წლების დასაწყისიდან ისეთი ბიოლოგიური იარაღის შექმნას ცდილობენ, რომელიც ადამიანების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტებს, მაგალითად, სლავებს დახოცავს. „ექსპერტმა“ აღნიშნა, რომ „ცხოველებზე ბიოლოგიური თავდასხმები არაერთხელ მომხდარა რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ან რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში... ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის დროს საქართველოში და უკრაინაში“. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის გასამართლებლად, ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ფარული ბიოლოგიური აქტივობისთვის „დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა“, რითაც რუსეთს თავდასხმის და სლავების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის შეჩერების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა.

უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიერ ქართული საზოგადოებისთვის მიყენებული ღრმა ჭრილობები დღემდე იჩენენ თავს. პროპაგანდისტული გამოცემები, პრორუსული და რადიკალური ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად ცდილობენ საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივებას. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კრემლის რუპორები უკრაინის ნებისმიერ მხარდაჭერას საქართველოში ომის დაწყებას შეგნებულად უკავშირებდნენ. დეზინფორმაციული წყაროები აცხადებენ, რომ გარე ძალები, როგორებიცაა: უკრაინის მთავრობა, აშშ, საფრანგეთი და კოლექტიური დასავლეთი, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილის წყალობით ამ სიას ემანუელ მაკრონიც მიემატა.

• „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ნარატივი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად გამოიყენა. მისმა ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ომის წამქეზებლების იარლიყი მიაწებეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორად წარმოაჩინეს.

• კრემლის მომხრე, ულტრამემარჯვენე ჯგუფის - „ალტ-ინფოს,“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთან მიმართებაში დასავლეთი საერთო თარგს იყენებს. ჯერ ქმნის განხეთქილებას საზოგადოებაში, შემდეგ იწყება ლოკალური კონფლიქტი, რასაც მოჰყვება ხანგრძლივი მზადება ომისთვის და ბოლოს თავად ომი. მახარაძის თქმით, ეს თარგი საქართველოშიც გამოიყენება და უკრაინაშიც. ის ასევე ამტკიცებდა, რომ 2021 წლიდან დასავლეთი საქართველოში კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანას გეგმავდა. შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდებოდა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში საოკუპაციო ხაზთან გარკვეული პროვოკაციის მოწყობისა და ხალხის ემოციური აფეთქებების ფონზე, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა.

• კიდევ ერთმა პრორუსულმა მედიამ, „სეზონი TV-მ“ ოდნავ განსხვავებული ნარატივი შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც უკრაინა ომს აგებს, რადგან კიევმა მთლიანად დაკარგა ზღვასა და საჰაერო სივრცეზე კონტროლი და უკრაინული არმია დემორალიზებულია. უკრაინელებმა იციან, რომ უახლოეს დღეებში მარცხი გარდაუვალია და ამიტომ იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც გაფართოვდება. შესაბამისად, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა.

• ჰამლეტ ჭიპაშვილი კრემლის მიერ კონტროლირებადი "ნიუს-ფრონტისთვის“ დაწერილ სტატიაში საქართველოში ომის დაწყების შიშის საზოგადოებაში გაღვივების გარდა, ბირთვული ესკალაციის შიშსაც აღძრავდა და ყველაფერს აშშ-ს აბრალებდა. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ესწრაფვის სამყაროს, რომელშიც რუსეთი ან არ არსებობს, ან მისი როლი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მისი თქმით, ეს გზა მსოფლიოს საბოლოოდ ბირთვულ კონფლიქტამდე მიიყვანს.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაზარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ესკალაციით დაიმუქრა. ლავროვის მცდელობას, დაერწმუნებინა აშშ და ევროკავშირი, რომ დონბასში მიმდინარე ომში გადამწყვეტი როლის მქონე შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უკრაინაში არ გაეგზავნა, თან ახლდა პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც საქართველოშიც გაჟღერდა.

• ზოგიერთმა Facebook ჯგუფმა და ანგარიშმა გაიმეორა კრემლის გზავნილი, რომ დასავლეთი ომის შეწყვეტით კი არაა დაინტერესებული, არამედ რუსეთის დასასუსტებლად მისი გაგრძელება სურს. ამ მიზნის მისაღწევად, იარაღის მიწოდების გზით დასავლეთი ომს და უკრაინელების სისხლისღვრას ახანგრძლივებს.

• „მედია-კავშირმა ობიექტივმა,“ რომელიც დაკავშირებულია კრემლის მომხრე პოლიტიკურ პარტიასთან - „პატრიოტთა ალიანსთან,“ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების შესახებ საკმაოდ პესიმისტური გზავნილები გააჟღერა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ დასავლურ სამხედრო შეიარაღებას ბრძოლის დინამიკაზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ ექნება და უკრაინა მარცხისთვისაა განწირული. „ობიექტივის“ განცხადებით, დასავლეთში ჯერ არ არის გადაწყვეტილი ლეტალური იარაღის მიწოდება; ზოგიერთმა Facebook პროფილმა გაიმეორა ეს გზავნილი და განაცხადა, რომ ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა. ტელეკომპანია „ობიექტივის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ტრანსპორტირებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება; უკრაინის საზღვრის გადაკვეთაც გამოწვევა იქნება და ტექნიკის ერთი მესამედიც კი ვერ შეძლებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

• ჰამლეტ ჭიპაშვილი „ალტ-ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მართალია, გერმანია უკრაინას ტანკებს აწვდის, მაგრამ კიევს არ მიუღია ტყვია-წამალი და, შესაბამისად, ეს დახმარება პრაქტიკულად უსარგებლოა.

• ნიკოლოზ მჟავანაძემ კრემლისტურ „სეზონი TV-ზე“ გადაცემაში განაცხადა, რომ ვინაიდან NATO-სა და ევროკავშირს ადეკვატურად მოქმედება არ შეუძლიათ, მათ უკრაინა მიატოვეს და სასიკვდილოდ გაწირეს. მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ NATO და ევროკავშირი კიევს მხოლოდ მოკლევადიანი ამოცანებისთვის საჭირო იარაღს, კერძოდ, ტანკებსა და ჯაველინებს აწვდიან. მისი თქმით, ეს იარაღი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინელებმა რუსეთს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ და თავი სათანადოდ დაიცვან. შესაბამისად, დასავლეთმა მთელი ქვეყანა მსხვერპლად შესწირა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო .

• სარედაქციო სტატიაში ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ აშშ-ისა და ევროპის მთავრობები ცდილობენ რუსეთი საზოგადოების თვალში მტრად წარმოაჩინონ, რათა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დიდი თანხების გამოყოფა გაამართლონ. თუმცა, Isari.ge-ს აღნიშნული სტატიის მიხედვით, ეს თანხები საჯაროდ გაცხადებულ მიზნებზე მთლიანად არ იხარჯება, რადგან კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბედი არ აინტერესებს. ჭიპაშვილის თქმით, დასავლეთის მთავრობები, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად კორუფციაში არიან ჩაფლულები, სამხედრო დახმარების პაკეტებიდან სარგებელს იღებენ და ომს შეგნებულად ახანგრძლივებენ.

ნეიტრალიტეტი - რუსეთის პროპაგანდის მუდმივი ახირება საქართველოში

როგორც GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფის წინა ნომრებში აღინიშნა, საქართველოს ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა პრორუსული პროპაგანდისთვის სიახლე არ არის. ეს კამპანია უკრაინის ომამდე წლებით ადრე დაიწყო. პრორუსული პოლიტიკური პარტიები და აქტორები მუდმივად აღვივებდნენ ნეიტრალიტეტის ცრუ ნარატივს და გვთავაზობენ ე.წ. „უბლოკო სტატუსის“ ან „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ პოლიტიკას, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ გზას. თუმცა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტიების წარუმატებლობის შემდეგ ეს კამპანია ჩაიშალა. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს არაინოვაციური ნარატივი კიდევ ერთხელ გააღვივა.

როგორც საინფორმაციო ბრიფის წინა ნომრებში იყო ნათქვამი, „პატრიოტთა ალიანსი“ გასული კვირების განმავლობაში „მედია-კავშირი ობიექტივისა“ და სხვა პროპაგანდისტული წყაროების მეშვეობით საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის ნარატივს ავრცელებდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ვინიკოვმა NATO-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა; ამის საპირისპიროდ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ხელიდან არ გაუშვეს საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობის კვლავ ხაზგასმის შესაძლებლობა და შეხვედრა თავიანთი PR-კამპანიისთვის გამოიყენეს. „მედია-კავშირმა ობიექტივსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერების Facebook ჯგუფში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინაშვილმა და ლომიამ ნეიტრალიტეტის, როგორც საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური პლატფორმის, მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, ინაშვილმა უკრაინისა და საქართველოს მიმართ NATO-ს პოლიტიკის აღსანიშნავად ტერმინი „NATO-ს ღია-დახურული კარი“ გამოიყენა და განაცხადა, რომ NATO „უკრაინას ვერაფრით დაეხმარა, პირიქით.“

„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ზოგიერთმა Facebook ანგარიშმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში და გლობალურად მიმდინარე პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არის „ჰარაკირი“ (თვითმკვლელობის ფორმა სამურაის კოდექსში). ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებების საწინააღმდეგო ასეთი გზავნილები ნეიტრალიტეტის პოლიტიკასაც წინა პლანზე წევს, რადგან საზოგადოებას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ალტერნატივა აღარ რჩება.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

რუსეთის უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა აგრძელებს Facebook-სა და Instagram-ზე მომრავლებას. ამჯერად, კრემლის მხარდაჭერილი აქტორები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის რაიმე სერიოზულ უარყოფით შედეგებს ვერ გამოიღებს. მაისის თვეში, “ფაქტ-მეტრმა” გააბათილა სანქციებთან დაკავშირებული რამდენიმე დეზინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსული რუბლი „საუკეთესოა“ და მსოფლიოში „ყველაზე ძლიერი ვალუტაა“ და რუსული გაზის რუბლში გაყიდვამ ამერიკული დოლარის დომინირებას დიდი დარტყმა მიაყენა. გარდა ამისა, პოლონეთი - უკრაინაში კრემლის პროპაგანდის მთავარი განტევების ვაცი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას სამიზნე გახდა. 23 მაისს გამოქვეყნებულ Facebook პოსტში ზახაროვამ პოლონელებისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭების გამო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს მსოფლიოს მოტყუების მცდელობებს და უკრაინის ახლად ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპორიჟიას, დაგეგმილ ანექსიას კრემლის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების განცხადებების გამოყენებით ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ ნებად წარმოაჩენს.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი