2022 წლის 30 მაისს, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილმა Facebook-გვერდმა - სინამდვილეში - დავით ბერძენიშვილის შესახებ მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა, სათაურით - „რესპუბლიკური პარტიის“ მორიგი სიცრუე.
Facebook-გვერდის მიერ გავრცელებული პოსტი 26 მაისს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება, სადაც დავით ბერძენიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა. „სინამდვილეში“ ბერძენიშვილის ციტატას არასრულად აშუქებს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მსგავსი განცხადებები ადასტურებს მათ მისწრაფებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.
ბერძენიშვილმა ეთერში (12:20 წუთზე) შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, არც ალბანეთს და არც დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, მონტენეგროს, მაგალითად, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. მე ვხუმრობ ხოლმე... რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატოს წევრია უკვე, არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური, დასავლეთის გადმოსახედიდანაც... საქართველოს არ ჰყოლია. შექმნილ ვითარებაში როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა, ეს ჩვენთვის ავანსად მოცემული იქნება“.
დავით ბერძენიშვილის მოცემული ციტატა სოციალურ ქსელში დამახინჯებულად გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, განაცხადა, რომ დავით ბერძენიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ქვეყანა არ იმსახურებს ევროპის [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს.
ხათუნა სამნიძის განცხადების შემდეგ Facebook-გვერდმა - „სინამდვილეში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ხათუნა სამნიძის განცხადება სიყალბეა, ბერძენიშვილმა კი ნამდვილად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.
რეალურად, პოსტში ციტატა არასრულადაა წარმოდგენილი, ვიდეოში კი კომენტარის მხოლოდ პირველი ნაწილია მოცემული, სადაც დავით ბერძენიშვილი ამბობს - „ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, არც ალბანეთს და არც დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს“. ციტატის ამგვარად, სრული კონტექსტის გარეშე, გავრცელება მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბერძენიშვილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია. რეალურად, ბერძენიშვილმა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარსულ მდგომარეობას შეადარა და თქვა, რომ არც აღნიშნული ქვეყნებს ეკუთვნოდათ კანდიდატობა, თუმცა, მათ მოცემული სტატუსი მაინც მიიღეს. „ტელეკომპანია პირველთან“ კომენტარში ის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სრულად ემხრობა, „ქართულ ოცნებას“ კი გატარებული პოლიტიკისა და გადადგმულ ნაბიჯებისთვის აკრიტიკებს.
დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან მანიპულაციურად მოჭრილი ნაწყვეტის საფუძველზე, Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, ერთი მხრივ, ხათუნა სამნიძეს სიცრუეში „ამხელს“, ხოლო, მეორე მხრივ - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებაში ადანაშაულებს.
--------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.