რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო „ბიემჯიმ“, წისქვილკომბინატების შესაძლო გაჩერებასთან დაკავშირებით ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - ლევან სილაგავას, კომენტარი გამოაქვეყნა, საიდანაც ამონარიდი - ხორბლის მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია და არასწორი მოლოდინი შექმნა, თითქოს საქართველოში ფქვილის და შესაბამისად, პურის დეფიციტი იყო მოსალოდნელი.
მოგვიანებით, ლევან სილაგავამ დამატებით განმარტება გააკეთა, რომ „ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგები ფქვილად, ფქვილის იმპორტი ხორციელდება შეუფერხებლად, მარაგები განთავსებულია პურის ქარხნებში (მონიტორინგს ფქვილის მარაგებზე აწარმოებს სახელმწიფო). საქართველოს წისქვილკომბინატებმა შეაჩერეს მუშაობა და აღარ შემოაქვთ ხორბალი, გამომდინარე იქიდან, რომ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განსხვავებული რეჟიმია და შედეგად წისქვილკომბინატების მუშაობას ეკონომიკურად აზრი არ აქვს. შესაბამისად, წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს აღარ აწვდიან ფქვილს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გაავრცელა: „ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით“.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხორბლის და ფქვილის იმპორტის რაოდენობით დაინტერესდა.
საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 10.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 33 508 ტონა ხორბალი იქნა შემოტანილი, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (21.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 90 164 ტონა) 50%-ით ჩამოუვარდება.
ცხრილი 1: ხორბლის იმპორტი 2021,2022 წლების პირველ კვარტალში
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთავარ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ რუსეთი რჩება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 8.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 27 247 ტონა ხორბალი იქნა შემოტანილი, რაც მთლიანი იმპორტის 84%-ს შეადგენს. 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 991 ტონა ხორბალი ყაზახეთიდან, 653 000 აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი (3 267) კი სომხეთიდან შემოვიდა. შარშან რუსეთიდან 16.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66 719 ტონა ხორბალი იქნა შემოტანილი, რამაც მთლიანი იმპორტის 78% შეადგინა.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, მიმდინარე წელს 10.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 31 780 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. 2021 წლის იმავე პერიოდში საქართველოში 914 670 აშშ დოლარის 3 127 ტონა ფქვილი იქნა შემოტანილი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ფქვილის იმპორტი 91.1%-ით არის გაზრდილი.
წელს იმპორტირებული ფქვილის უმეტესი ნაწილიც, ხორბლის მსგავსად, რუსეთიდან არის შემოტანილი - შესაბამისად, 10.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 31 503 ტონა ფქვილი, რაც მთლიანი მოცულობის 98%-ია. გასულ წელს რუსეთიდან 848 000 აშშ დოლარის ღირებულების 3 014 ტონა ფქვილი იქნა შემოტანილი - მთლიანი იმპორტის 92.7%.
ცხრილი 2: ფქვილის იმპორტი 2021,2022 წლების პირველ კვარტალში
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებულია, თუმცა როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებენ, ქვეყანაში ფქვილის საკმარისის მარაგია და შესაბამისად, ხორბლის მარაგის შემცირება პურის წარმოებას პრობლემას არ შეუქმნის. მაგრამ აღნიშნული წისქვილკომბინატების მუშაობას აფერხებს, რომელთა ნაწილი უკვე გაჩერებულია.
როგორც ცნობილია 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - მცირე ფასის გამო, კონკურენციას ვერ უწევს. აღნიშნულმა კი ადგილობრივი წისქვილკომბინატების ნაწილის გაჩერება გამოიწვია.
ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - ლევან სილაგავამ, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამის სამინისტროებთან (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის) მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან და ადგილობრივი წარმოების გადარჩენის მიზნით, რამდენიმე მექანიზმს სთავაზობენ. „მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ 1.5 თვეში შევძლებთ ადგილობრივი ახალი ხორბლის მოსავლის მიღებას, რის დამუშავებასაც დაახლოებით 2-თვიანი პერიოდი დასჭირდება. რადგან ჩვენ პერსონალს ვინარჩუნებთ, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდება აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ - შემოვა ქვეყანაში ხორბალი, თუ ისევ ფქვილის იმპორტი გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პროგნოზირებადი გარემო, რომ წარმოების დაგეგმვა შევძლოთ“, -განაცხადა ლევან სილაგავამ.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ქვეყნის სასურსათო პოლიტიკა, როგორც მინისტრმა გააჟღერა, ადგილობრივი ხორბლის წარმოების ზრდას ითვალისწინებს (იხ: სტატია), წისქვილკომბინატების მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აქედან გამომდინარე, იმედია, შექმნილი მდგომარეობიდან გარკვეული გამოსავალი მოიძებნება და წისქვილკომბინატებს წარმოების შეჩერება არ მოუწევთ.