სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრია და რუსეთი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა - „ჩვენ, ანუ OMV [1], მივიღეთ გადახდის პირობები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობამ“. რეალურად, ინფორმაცია რუსეთსა და ავსტრიას შორის გაზის რუბლებში შესყიდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, ავსტრიასა და რუსეთს შორის რუსული გაზის რუბლებში შესყიდვის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. გავრცელებულ ცნობებს, თავად ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი საკუთარ twitter-ის ანგარიშზე გამოეხმაურა და უარყო.
ნეჰამერი twitter-ზე წერს: „ იქამდე სანამ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან მოწოდებული გაზის საფასურის გადახდას განაგრძობს ევროებში. ავსტრია ზედმიწევნით იცავს ერთობლივად შეთანხმებულ ევროკავშირის ყველა სანქციას“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 31 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლებში მიჰყიდის. რუსეთის მოთხოვნის თანახმად, კომპანიებს ანგარიში Gazprom-ის ბანკში უნდა ჰქონდეთ გახსნილი, რათა ბუნებრივი აირის ყიდვა რუბლში შეძლონ. ეს კანონი ძალაში პირველ აპრილს შევიდა. „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.
რაც შეეხება უშუალოდ ავსტრიის პოზიციას რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ავსტრიის კანცლერმა, უფრო ადრე, აპრილში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ამ დროისთვის „შეუძლებელია“. მისივე თქმით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ისეთი სანქციები უნდა დააწესოს, რომელიც რუსეთს დააზიანებს და არა - ევროკავშირს. ნეჰამერი აღნიშნავდა იმასაც, რომ ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი მნიშვნელოვან სირთულესთან ასოცირდება. თუმცა, მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, ავსტრიის კანცლერი მაინც მტკიცედ აჟღერებდა პოზიციას, რომ ავსტრია ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ერთგული რჩება.
-----------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.