2022 წლის 30 მარტს რუსულმა სამთავრობო მედიამ, „პირველმა არხმა“ ქალაქ უმანის სინაგოგასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გაავრცელა. „პირველი არხის“ გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაცია გამოააშკარავა. რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, ჩერკასის რეგიონის ქალაქ უმანში უკრაინული ბანდფორმირებები სინაგოგას საბრძოლო მასალის საწყობად იყენებენ”. მათივე თქმით, „უმანის ებრაული თემის მიერ გამოგზავნილ სურათებზე ჩანს, თუ როგორ ტვირთავენ უკრაინელი სამხედროები სატვირთო მანქანებს იარაღით და როგორ მალავენ მათ სამშენებლო ნაგვით. ასევე, „პირველი არხის“ მტკიცებით, ტყვია-წამლის გადატანისთვის იყენებენ სასკოლო ავტობუსებსაც, რომლებსაც ბავშვების აღმნიშვნელი წარწერა აქვთ“.
რუსეთის ბრალდებებს უნანის ებრაული თემის სინაგოგის რაბინი გამოეხმაურა და ვიდეო გაავრცელა. ნათან ბენ-ნუნმა სინაგოგაში ვირტუალური „ტური“ ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ შენობაში არც უკრაინელი სამხედროები და არც იარაღის საცავი არაა. რაბინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინაგოგა ცარიელია და მხოლოდ ლოცვისთვის გამოიყენება. ბენ-ნუნი სინაგოგაში სამხედროების ყოფნის შესახებ ბრალდებებს ყალბ ამბავს უწოდებს.
რუსეთის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებიც მათივე მტკიცებით „სინაგოგაში ნაციონალისტების“ ყოფნას ადასტურებენ, რაბინ ნახმანის სახელობის ფონდის წარმომადგენელი, ირინა რიბნიცკაია გამოეხმაურა. „Haaretz-თან“ საუბრისას რიბნიცკაიამ განაცხადა, რომ რუსების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ სინაგოგის ტერიტორია ცარიელია და და ფოტოებზე ასახული პირები სინაგოგის ტერიტორიაზე არ არიან.”
აღსანიშნავი ისიც, რომ სურათებზე აღბეჭდილი სატვირთო მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ საძილე ტომრები და ქვეშსაგებები ჩანს, რაც შეეხება საბრძოლო მასალას, იგი არცერთ ფოტოში წარმოდგენილი არაა.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული მტკიცებები, რომ უკრაინელები სინაგოგას ტყვია-წამლის საწყობად იყენებენ, არის ტყუილი. მათ მიერ გავრცელებული კადრები და სინაგოგის რაბინის მიერ გავრცელებული ვიდეო მოწმობს, რომ სინაგოგა ცარიელი და მის ტერიტორიაზე სამხედრო მასალა განთავსებული არაა.
-----------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.