საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ხორბალი 47.4 ათას ჰექტარზე იყო დათესილი და 1 ჰექტარზე მოსავლიანობა 2.2 ტონა იყო. ამავე წელს ხორბლის საერთო მოხმარებამ 735 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც სასურსათო მოხმარება 643 ათასი ტონა იყო. სულ მოხმარებული ხორბლიდან ადგილობრივი წარმოება 102, წლის დასაწყისში მარაგი 71, იმპორტი 561 ათასი ტონა იყო, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა კი 15 % შეადგინა.
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. 2021 წელს სულ 93 453 000 აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი იქნა შემოტანილი, საიდანაც რუსეთიდან იმპორტმა 93.6% (87 436 000 აშშ დოლარი) შეადგინა. (იხილეთ: სტატია)
როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში რუსეთმა მარცვლეულ კულტურებზე კვოტირების და საბაჟო გადასახადის მექანიზმი აამოქმედა. პირველ ეტაპზე, 2020 წლის ბოლოს, მარცვლეულზე კვოტირება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ქვეყნიდან 17.7 მილიონ ტონაზე მეტ ხორბალს არ გაიტანდა. გარდა ამისა, რუსეთმა, 2021 წლის 15 თებერვლიდან ექსპორტირებულ ხორბალზე საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც 1 ტონაზე 25 დოლარს შეადგენდა. უკვე პირველი მარტიდან საბაჟო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე - 50 დოლარამდე გაიზარდა. გასული 17 ნოემბრიდან საბაჟო გადასახადი 77 დოლარი გახდა. აღნიშნულმა, რა თქმა უნდა რუსული ხორბლის ფასის ზრდა გამოიწვია და 1 ტონა ხორბლის ღირებულება 300 აშშ დოლარს ასცდა.
ყოველივე აღნიშნულმა საქართველოში ხორბლის იმპორტის კლება გამოიწვია და პარალელურად ხორბლის ფქვილის იმპორტი გაიზარდა. 20201 წელს 12 020 510 აშშ დოლარის ღირებულების ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (3 062 300 აშშ დოლარი) 75%-ით აღემატება.
ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილზე რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.
ხორბლის გაძვირების გამო, პურზე ფასის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც პურზე არსებული საცალო/სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. პროგრამა საწყის ეტაპზე 4-თვიანი იყო და მისი ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იყო. სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა 50-კილოგრამიან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით თანხა 15, საბოლოოდ კი 20 ლარამდე გაიზარდა. პროგრამის მიმდინარეობა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე მაღალი ფასების არსებობის გამო, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა (დაწვრილებით იხილეთ: სტატია).
ფქვილზე სუბსიდირების პროგრამის დასრულებისთანავე, რადგან პურის მწარმოებლებს ძირითადი ნედლეული - ფქვილი, გაუძვირდათ, პურზე ფასი წინა წლის ივლისშივე ათი თეთრით, მოგვიანებით, კიდევ ათი თეთრით გაძვირდა. პურზე ფასის ზრდასთან ერთად სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ ფქვილის იმპორტის ზრდასაც შეუწყო ხელი.
ასეთი იყო მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. რა გავლენა მოახდინა ომმა ხორბლის იმპორტზე და არის, თუ - არა ქვეყანაში საკმარისი ხორბალი, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს ლევან სილაგავას ვესაუბრეთ.
მისი ინფორმაციით, გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი გარდამავალი მარაგი უნდა არსებობდეს, რასაც კერძო კომპანიები მუდმივად უზრუნველყოფენ.
„ეს არის ე.წ „უსაფრთხოების ბალიში“, რაც სასურსათო უსაფრთხოების გარანტიაა. მარაგების არსებობა არ ნიშნავს, რომ სანამ ის არ ამოიწურება, შევსება არ ხდება. ამ ეტაპზე, ხორბლის ფასი თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, მიუხედავად ამისა, წარმოებაში საშუალო შეწონილი ფასით გადადის და ამას დარტყმითი ეფექტი არ აქვს. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, რუსეთსა და უკრაინაზე მოდის მსოფლიოს ხორბლით უზრუნველყოფის 30% და მათი მთლიანად გამოთიშვა მსოფლიო ბაზრებიდან, პრობლემას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ხორბლის მიმწოდებელმა ქვეყნებმა გაყიდვები დაამუხრუჭეს, შემსყიდველმა ქვეყნებმა კი სტანდარტი აწიეს და ორთვიან მარაგების ნაცვლად, სამთვიან მარაგებზე გადავიდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება. ორთვიანი მარაგი არის სასურსათო უსაფრთხოების გარანტია, გარდა ამისა, ეს მარაგი საშუალებას გაძლევს, ვთქვათ, რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ალტერნატიულ ბაზარზე გადაერთო. ამჟამად განიხილება ყაზახეთი და რუმინეთი, სახელმწიფო მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან“, - განაცხადა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ლევან სილაგავამ.
ფინანსთა მინისტრიც ინფორმაციითაც, ქვეყანაში ერთ თვეზე მეტის სამყოფი ხორბლის მარაგი არსებობს. „თუ დადგება რისკი, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს ქვეყანაში რა ხორბლის რესურსიც არის, თვეზე მეტის სამყოფია, მაგრამ თუ საკითხი დადგება, რომ საფრთხე შეექმნას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, მსგავსი ღონისძიებები გამოყენებული იქნება”, - აცხადებს ხუციშვილი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად აქტუალურია, პურის ფასია. „ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხთან დაკავშირებით პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, უახლოეს ორ თვეში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. მართალია, ხორბლის ფასი იზრდება, მაგრამ პურის ქარხნები ძირითადად რუსეთიდან შემოტანილ ფქვილს იყენებენ, რაც ადგილობრივ ფქვილთან შედარებით 10-15 ლარით იაფია (65-67 ლარი) და პურის ფასის შენარჩუნება ამის ხარჯზე ხდება. მისივე ინფორმაციით, თუ საჭირო გახდება, მთავრობა რაიმე ფორმის დაზღვევის მექანიზმს აამოქმედებს.