COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც ახალი შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობის მაჩვენებლების მკაფიო შემცირების ტენდენციაში გამოიხატა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ( სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ბრიტანეთი…), რაც ძირითადად „ომიკრონის“ ქვეშტამით BA.2-ით არის გამოწვეული. ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და მოსახლეობას კოვიდ რეგულაციების (პირბადის გამოყენება; სოციალური დისტანცია; ხელების ჰიგიენა) დაცვისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურია. 28 მარტის მონაცემებით, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი - 3,4%-ს, ბოლო 14 დღის კი 4,4%-ს შეადგენს. 28 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 7,141 აქტიური შემთხვევა იყო, გასულ 14 დღეში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა. 28 მარტის მონაცემებით, გასული 14 დღის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: დღიური ინფიცირება - 755; დღიური გარდაცვალება - 11 შემთხვევა.
საქართველოში ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, ყველა არსებული შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, გაუქმდა. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ „პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით“. მისივე განმარტებით, აღნიშნულის თქმის საფუძველს ვირუსის გავრცელების, ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობის შემცირების დადებითი ტენდენცია იძლევა. მსგავსი განცხადებები მოსახლეობაში ლოგიკურად ქმნის განცდას, რომ პანდემია დასრულდა. ეს თავის მხრივ საზოგადოების მოდუნებას იწვევს, რაც კოვიდწესების უგულებელყოფაში გამოიხატება. ამასთან, მოსახლეობა აღარ იცრება, რადგან ვერ ხედავს ვაქცინაციის მნიშვნელობას. რეალურად კი - ვირუსი არსად არ წასულა და არც პანდემია დასრულებულა, საზოგადოების მოდუნებამ კი შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესება გამოიწვიოს. ჯანდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეპიდვითარების დადებითი ტენდენციის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე ზემოთ რჩება, ეპიდაფეთქებებია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში... ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ. იქ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, შემთხვევები არის, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არ იზრდება. მთავარ რეკომენდაციად რჩება აცრა!“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა გლობალურად მცირდება და რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა შეზღუდვები, პანდემია შორს არის დასრულებამდე. ის არსად დასრულდება, სანამ არ დასრულდება ყველგან“.
პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაა, საქართველოში ვაქცინაციის დონე კრიტიკულად დაბალია. 28 მარტის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 1 255 873 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 43.7%-ს და მთლიანი მოსახლეობის 33.7%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზით აცრილია მხოლოდ 235 000 პირი. დღიური აცრების მაჩვენებელი დეკემბერთან შედარებით 10-ჯერ შემცირებულია. ამ მონაცემებით, ზაფხულისთვის სამიზნე მაჩვენებელი - მოსახლეობის 70%-ის აცრა, ვერ მიიღწევა. ვაქცინაციის დაბალი დონე მავნე დეზინფორმაციისა და ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მთავრობამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება. მეტიც, პრემიერი თავის საჯარო განცხადებებით ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს და „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. ამით პრემიერი ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისედაც სკეპტიკურ განწყობებს, კიდევ უფრო აძლიერებს. ქვეყანაში ვაქცინები აუთვისებელი რჩება, Pfizer-ის დაახლოებით 400 ათასი დოზა ვაქცინას ვადა მარტის ბოლოს გასდის. ჯანდაცვის მინისტრი კი ნაცვლად იმისა, ვაქცინაციის მნიშვნელობაში მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობდეს, საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ „ვაქცინების ვადის გასვლით არ გვიზარალია, ნაჩუქარი იყო“.
ვაქცინაცია COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინის, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის (60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ).
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ჯამურმა მაჩვენებელმა 16.7 ათასს გადააჭარბა. 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით, COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 კვირაში საქართველოში სტაბილური ეპიდვითარება ნარჩუნდება, ეს ჯერ კიდევ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პანდემიის დასასრულს მივუახლოვდით. მით უმეტეს, რომ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ... როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.