„ფაქტ-მეტრი“ გთავაზობთ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალის თარგმანს.
წლების განმავლობაში, რუსეთმა შექმნა ყალბი ნარატივების ნაკრები, რომელსაც კრემლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში გამუდმებით ამკვიდრებს. აღნიშნული ნარატივები ერთგვარი ნიმუშებია, რომლებსაც კრემლი სხვადასხვა სახესხვაობით იყენებს, თუმცა ყველა მათგანის შემთხვევაში უცვლელი ერთი პრინციპი რჩება - სიმართლის სრული უგულებელყოფა ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნის პროცესში, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიზნებს ემსახურება.
რუსული სამხედრო და დაზვერვის უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემაში, რაც, მოიცავს სოციალური მედიის მავნე ოპერაციებს, კრემლის მიერ კონტროლირებადი ღია და შეფარული ონლაინ მედიასაშუალებების გამოყენებას, დეზინფორმაციის გავრცელებას სატელევიზიო და რადიო პროგრამებში, ისეთი კონფერენციების ჩატარებას, რომელთა მიზანიცაა დამსწრეთა დარწმუნება, რომ არა რუსეთს, არამედ თავად უკრაინას მიუძღვის ბრალი რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებაში; ასევე, მედიასაშუალებებზე თავდასხმისთვის კიბერ ოპერაციების გამოყენებას, ინფორმაციის არალეგიტიმურად მოპოვებისა და რუსული ინტერესების სასარგებლოდ გავრცელების ოპერაციებს.
ქვემოთ მოცემულია რუსული დეზინფორმაციის 5 მთავარი და განმეორებადი თეზისი, რომელთაც ამჟამად კრემლი შექმნილი ვითარების შესაბამისად იყენებს, რათა საინფორმაციო სივრცე უკრაინაში საკუთარი მოქმედებების შესახებ ყალბი გზავნილებით გააჯეროს.
თეზისი #1: „რუსეთი არის უდანაშაულო მსხვერპლი“
რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები რუსეთს მარადიულ მსხვერპლად წარმოაჩენენ, ხოლო მის აგრესიულ ქმედებებს - აშშ-სა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ქმედებებისთვის გაცემულ იძულებით პასუხად. ამ მტკიცებების გასავრცობად, რუსეთი თავის ერთ-ერთ საყვარელ იარლიყს „რუსოფობიას“ იშველიებს და ამ არგუმენტით საკუთარი აგრესიის გამართლებას ცდილობს. 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მთავრობა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ყველას, ვინც რუსეთის ქმედებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, ქსენოფობ რუსოფობად აცხადებდა.
მაგალითად, რუსეთი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია რუსეთის დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრაზე მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ხალხს რუსეთის ეშინია და სძულს. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ცხადყოფს, რომ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებული დეზინფორმაციული მედიასაშუალებებისთვის რუსოფობია წუხილის საგანს არ წარმოადგენდა. „რუსოფობიის“ შესახებ მტკიცებები მრავალი თემის ირგვლივ არსებობს და გამოიყენება ყოველთვის, როცა რუსეთის მთავრობას, რომელიც სინამდვილეში აგრესორია, სურს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.
გრაფიკი 2001-2017 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, Sputnik-ისა და RT-ის მიერ სიტყვების „რუსოფობია“ და „რუსოფობი“ გამოყენების სიხშირეს ასახავს. (წყარო: DRFlab)
თეზისი #2: ისტორიული რევიზიონიზმი
როდესაც ისტორია კრემლის პოლიტიკურ მიზნებს არ შეესაბამება, რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები და მათი მხარდამჭერები ისტორიულ მოვლენებს უარყოფენ ან ისტორიულ ნარატივებს იმგვარად ამახინჯებენ, რომ რუსეთი უფრო ხელსაყრელ პოზიციაში წარმოჩინდეს და მის შიდა და გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს. მაგალითად, 1939 წლის ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, იგივე რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ხელი შეუწყო, პუტინის რეჟიმისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელია. იმისათვის, რომ სტალინის ჰიტლერთან მოკავშირეობის ხარისხი შეემცირებინა და შეთანხმება რაციონალურად წარმოეჩინა, პუტინმა 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების დამახინჯებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც საბჭოთა კავშირის როლი ომის დაწყებაში ნიველირებულია და ბრალი სხვა ქვეყნებისკენაა მიმართული. აღნიშნულს რუსეთი იმისთვის იყენებს, რომ ყველა ვინც არ ეთანხმება ისტორიის მისეულ ვერსიას, ნაცისტებად და ნაციზმის მხარდამჭერებად გამოაცხადოს.
აღნიშნულ ფორმულას კრემლი ასევე უსადაგებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ისტორიას, საბჭოთა კავშირის დაშლისას NATO-ს ქმედებებს, გულაგის საპატიმრო სისტემას, უკრაინაში მომხდარ მასობრივ შიმშილობას, რომელიც ჰოლოდომორის სახელითაა ცნობილი და ბევრ სხვა ისტორიულ მოვლენას, სადაც კრემლის ისტორიული ქმედებები მის ახლანდელ პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება.
თეზისი #3: „დასავლური ცივილიზაციის კოლაფსი გარდაუვალია“
რუსეთი მცდარად, თუმცა დაჟინებით ამტკიცებს, რომ დასავლური ცივილიზაცია დაშლის პროცესშია, რომ მან „ტრადიციული ღირებულებებიდან“ გადაუხვია, რადგან დასავლეთი LGBTQI+ თემის უსაფრთხოებასა და თანასწორობას უზრუნველყოფს და ისეთ საკითხებს უჭერს მხარს, როგორებიცაა: ქალთა თანასწორობა და მულტიკულტურალიზმი. დასავლური ცივილიზაციის ნგრევა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დეზინფორმაციული ნარატივია და „დასავლეთის ხრწნის“ შესახებ მტკიცებები სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს.
მსგავსი „ღირებულებებზე“ დაფუძნებული დეზინფორმაციული ნარატივი ისეთ არამკაფიო კონცეფციებს მიემართება, როგორიცაა ცნებები - „ტრადიცია“ „ოჯახის ღირებულებები“, „სულიერება“. რუსეთი ამტკიცებს, რომ ის წარმოადგენს ე.წ. „ტრადიციული ღირებულებების“ და გენდერული როლების ბასტიონს და „გახრწნის პროცესში მყოფი“ აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების მორალურ საპირწონეს წარმოადგენს. მაგალითად, პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა პრაქტიკულად გააუქმა „დედისა“ და „მამის“ ცნებები და ისინი სიტყვებით „მშობელი 1 და 2“ ჩაანაცვლა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი დაწერა, რომ დასავლეთში „სკოლის მოსწავლეები სწავლობენ, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო“.
თეზისი #4: „სახალხო მოძრაობები აშშ-ის მიერ დაფინანსებული „ფერადი რევოლუციებია“
კრემლისთვის რთულია იმის მიღება, რომ ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და მთავრობა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. რუსეთი აშშ-ს ბრალს სდებს სახალხო პროტესტის გამოწვევასა და „ფერადი რევოლუციების“ დაგეგმვაში საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. თუ სახალხო მოძრაობა პროდემოკრატიული და რეფორმების მომხრეა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება, კრემლი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას და ამტკიცებს, რომ მის უკან აშშ დგას. ამ უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნეები ხშირად ხდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კორუფციას ააშკარავებს. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება გააჩნდეს თვითორგანიზებულობა, ღირსება და დამოუკიდებელი სწრაფვა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მსგავსად როგორც ის უარყოფს რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც ამგვარ თვისებებს.
თეზისი #5: რეალობა ისაა, რაც კრემლს სურს
როდესაც სიმართლე მის ინტერესებში არაა, კრემლი ხშირად ცდილობს მრავალი ყალბი რეალობის შექმნასა და საინფორმაციო გარემოში დაბნეულობის შეტანას. რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებს მოჰყავთ არგუმენტები, რომლებიც ხშირად მიზანმიმართულად დამაბნეველია და მიზნად რუსეთის მთავრობისაგან ბრალეულობის სხვაზე გადატანას ისახავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნარატივი ურთიერთგამომრიცხავიც კი შეიძლება იყოს. თუმცაღა, მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივის გამოყენება შეიძლება ტექნიკადაც იქცეს, რომელიც მიზნად დაბნეულობის გამოწვევას და პასუხის გაცემის სტიმულის შემცირებას ისახავს. რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემის სხვა ნაწილები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებები და იარაღად ქცეული სოციალური მედია, მრავალი ყალბი ნარატივის გავრცელებას უწყობენ ხელს.
მაგალითად, ყველასთვის ნათელი იყო, რომ 2018 წლის 4 მარტს რუსეთმა “ნოვიჩოკით” რუსეთის ყოფილი სამხედრო სადაზვერვო ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას, მკვლელობა სცადა სალსბერიში, ინგლისში. ლონდონის სამეფო კოლეჯის პოლიტიკის ინსტიტუტის თანახმად, ამ ინციდენტიდან 4 კვირის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფოსაგან დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა, სპუტნიკმა და RT-მ 138 სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივი 735 სტატიის საშუალებით გაავრცელეს.
რუსეთმა ყალბი ამბებით საინფორმაციო სივრცის „წალეკვის“ მსგავსი ტექნიკა სხვა დროსაც გამოიყენა - მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისას, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და მიმდინარე ოკუპაციის საკითხებზე, რათა აღნიშნულ მოვლენებში რუსეთის როლიდან ყურადღების გადატანა მომხდარიყო. და კვლავ, მიზანი ამ შემთხვევაშიც დაბნეულობის შექმნა და სიმართლის კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მანიპულირებაა.
წყარო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი