სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკ ფლუკლოქსაცილინის შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი ვრცელდება. პოსტში მოცემულია ვიდეომასალა, სადაც პირი ანტიბიოტიკ ფლუკლოქსაცილინის კაფსულს მაკრატლით ჭრის და კაფსულის გარსს ცხელი წყლით სავსე მინის ჭიქაში ათავსებს. კაფსულის გარსი წყალში იხსნება და მინასთან მაგნიტის მიახლოების შედეგად მიიზიდება. აღნიშნული ვიდეოს საფუძველზე ავტორი ამტკიცებს, რომ ფლუკლოქსაცილინი სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებეს, მათ შორის გრაფენის ოქსიდს შეიცავს. Facebook-პოსტის ავტორი კი ამტკიცებს, რომ ანტიბიოტიკების კაფსულების შიგნით გრაფენის ოქსიდია მოთავსებული, შესაბამისად, ეს პრეპარატები კი არ კურნავს, არამედ აავადებს ადამიანებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას უმოკლებს.
ფლუკლოქსაცილინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კანისა და ჭრილობის ინფექციების, ძვლის ინფექციის (ოსტეომიელიტის), ყურის ინფექციის დროს გამოიყენება. ანტიბიოტიკი ძირითადად კაფსულის ან სითხის სახით არის წარმოდგენილი. გაერთიანებული სამეფოს The Human Medicines Regulations 2012 მწარმოებლებს ავალდებულებს, რომ მედიკამენტში შემავალი ყველა ინგრედიენტი შეფუთვაზე იყოს დატანილი. შესაბამისად, ფლუკლოქსაცილინის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ანტიბიოტიკის კაფსულის შავი ფერის გარსი, რომელზეც ვიდეოშია საუბარი, რკინის ოქსიდს (E172) შეიცავს. რკინის ოქსიდი ანტიბიოტიკში კაფსულის გარსისთვის ფერის მისაცემად გამოიყენება და მაგნიტური თვისებები გააჩნია. სწორედ ამის გამო წყალში გახსნილი კაფსულის გარსი მაგნიტით მიიზიდება.
სტრათკლაიდის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის პრიფესორმა ჰანა ბატჩელორმა reuters-სთან განმარტა: „რკინის ოქსიდი მედიკამენტებში გამოიყენება როგორც შეფერვის საშუალება, რაც მედიკამენტების ვიზუალურ გარჩევადობას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, რკინის ოქსიდი სინათლის სხივებისთვის გაუვალ ზედაპირს ქმნის, ეს კი კაფსულის შიგნით მოთავსებულ წამალს სტაბილურობას უნარჩუნებს.“ ბატჩელორის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების რეგულაციები ევროპასა და აშშ-ში მოქმედ რეგულაციებს შეესაბამება და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მოცემულ მედიკამენტში შემავალი ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
რკინის ოქსიდი სამკურნალო საშუალებების გარდა საკვებში, კოსმეტიკასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაშიც გამოიყენება, ბუნებრივია, შესაბამისი დოზირებით.
რაც შეეხება პოსტში აღნიშნულ გრაფენის ოქსიდს, ანტიბიოტიკი ფლუკლოქსაცილინი მოცემულ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს. გრაფენი არის ნანომასალა (ნაერთი, რომელიც შედგება მცირე ნაწილაკებისგან), რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. საგულისხმოა, რომ გრაფენის ოქსიდის შესახებ მანიპულაციურ ან დეზინფორმაციულ პოსტებს სხვა Facebook-მომხმარებლებიც აქტიურად ავრცელებდნენ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ ფაქტ-მეტრის“ სტატია.
-------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.