სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ პოსტები ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული3). პოსტების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი ნიურნბერგის კოდექსის გაუქმებას ითხოვს, რომელიც ადამიანზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებას კრძალავს, რადგან ადამიანთა იძულებითი ვაქცინაცია კანონის დარღვევის გარეშე მოხდეს. რეალურად, პოსტებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.
ევროკომისიის პრეზიდენტთან დაკავშირებული ყალბი ამბავი სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისიდან აქტიურად ვრცელდება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედია საშუალებამ სტატიები შეცდომაში შემყვანი სათაურით - „ავსტრიის არავაქცინირებული ადამიანების ჩაკეტვის ფონზე, ევროკავშირის ხელმძღვანელი ნიურნბერგის კოდექსის გაუქმებას ითხოვს“, გამოაქვეყნა. აღნიშნული ამბავი არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის მიერ ( AP NEWS, Politi Fact , Reuters, AFP Fact check, USA today) შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი, რადგან ურსულა ფონ დერ ლაიენს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.
პირველ დეკემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობა გამოკვეთა და ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავალდებულო ვაქცინაციაზეც უნდა დაფიქრდნენ - „როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ სავალდებულო ვაქცინაციაზე ევროკავშირის შიგნით, ამას განხილვა სჭირდება. ამ საკითხს საერთო მიდგომა ესაჭიროება, თუმცა მიმაჩნია, რომ მას განხილვა სჭირდება“.
პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს საბერძნეთში მიღებული გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა, რომლის მიხედვითაც 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ფონ დერ ლაიენის პირადი პოზიციით, მას არ აქვს უფლება ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით მსგავსი რეკომენდაციები გასცეს, ამასთან მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ვაქცინის მანდატებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაში შედის, ე. ი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მსგავსი გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ. „თუ მეკითხებით, რა არის ჩემი პირადი პოზიცია, ორი-სამი წლის წინ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გავხდებოდი იმის მოწმე, რასაც ახლა ვხედავთ, გვაქვს საშინელი პანდემია, გვაქვს ვაქცინები, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები, თუმცა ისინი ყველგან შესაბამისად არ გამოიყენება“,- განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის ირგვლივ გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს ევროკომისიის პრესსპიკერიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ვაქცინაციის მნიშვნელობას ზოგადად გაუსვა ხაზი, ხოლო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ კომპეტენციაში შედის.
კავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექს შორის
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა მტკიცებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ნიურნბერგის კოდექსს“ არღვევს. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი შეუსაბამოა.
ნიურნბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. ნიურნბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას, ცდილობდნენ. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის მხარდასაჭერად ტარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა.
კოდექსის პირველი პრინციპი ამბობს, რომ კვლევებში მონაწილეობისას - ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობა, აუცილებელია. კოდექსის სხვა პრინციპების თანახმად, ექსპერიმენტი უნდა იყოს მიმართული საზოგადოების საკეთილდღეოდ, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა ან დაზიანება და არ უნდა ჩატარდეს არანაირი ექსპერიმენტი, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი ან ადამიანის სერიოზული დაზიანება. ამასთან ერთად, პრინციპების თანახმად, ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოეთიშოს ექსპერიმენტს, თუ ტანჯვას განიცდის. კვლევაზე პასუხისმგებელი მეცნიერი უნდა იყოს მზად, დაასრულოს ექსპერიმენტი, თუ მათ საფუძვლიანად მიაჩნიათ ის, რომ კვლევის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება ადამიანის დაზიანება, დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ნიურნბერგის კოდექსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს:
ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Full Fact-ის თანახმად, ნიურნბერგის კოდექსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების კვლევის ეტაპზე იქნებოდა რელევანტური და არა მაშინ, როცა ვაქცინა უკვე ფართო საზოგადოებას მიეწოდება. თუმცა ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უშუალოდ კვლევების ეტაპზე ვსაუბრობთ, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მიზნად ისახავდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
-------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.