დეზინფორმაცია: ნიურნბერგის ახალი სასამართლო პროცესი იწყება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ნინა მარჯის მიერ 1 ივნისს გამოქვეყნებულ სურათზე დატანილი წარწერის თანახმად, 1000-ზე მეტი ადვოკატისა და 10,000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერტისგან შემდგარმა დიდმა გუნდმა დოქტორ რეინერ ფუელმიჩის ხელმძღვანელობით, CDC-ს ს, WHO-ს და დავოსის ჯგუფის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, იურიდიული დევნა დაიწყო. აღნიშნულ სურათს უშუალოდ ნინა მარჯის შემდეგი კომენტარიც ერთვის თან : „ ნიურნბერგის ახალი სასამართლო პროცესი იწყება 2021 წლის 3 ივლისს CDC, ჯანმოს და დავოსის ჯგუფის წინააღმდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისათვის!!! განაჩენი - სიკვდილით დასჯაა ! „

აღნიშნული სურათი შვედური ქრისტიანული რელიგიური ვებგვერდ sistatiden.de-ზე განთავსებული სტატიიდან არის გადმოღებული. რაც შეეხება სურათზე ნახსენებ დოქტორ რეინერ ფიულმიხს, მის შესახებ ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია. რეინერ ფიულმიხი როგორც ქართულ, ისე უცხოურ სოციალურ სივრცეში პოპულარული მისი გახმაურებული Youtube ვიდეოს შემდეგ გახდა. ვიდეო სახელწოდებით Crimes against humanity (კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები) 3 ოქტომბერს, რაინერ ფიულმიხმა საკუთარ Youtube-არხზე განათავსა. ცნობისთვის, ფიულმიხი გერმანელი იურისტია და ფინანსური, სამედიცინო და საერთაშორისო სამართლის განხრით მუშაობს.

რაინერ ფიულმიხის თქმით, კორონავირუსის კრიზისს სახელი უნდა შეეცვალოს და კორონასკანდალი ეწოდოს, ხოლო დამნაშავეები სამოქალაქო ზიანის მიყენებისთვის უნდა დაისაჯონ და სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ. პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, რომლითაც კაცობრიობის მოტყუებასა და კორუფციული გეგმებით ხალხის მანიპულაციას შეძლებს. ის ვრცელ მონოლოგში მრავალ თემას განიხილავს. მაგალითად, საჭირო იყო, თუ - არა გერმანიაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება და იქვე მკვეთრად ეწინააღმდეგება მათ; კორონავირუსს ჩვეულებრივ დაავადებად მიიჩნევს; PCR-ტესტებს უსარგებლოდ მოიხსენიებს; კორონავირუსის პანიკას მსოფლიო მმართველობაში ცვლილებების შეტანაში ადანაშაულებს. ქვემოთ, იურისტის რამდენიმე მტკიცებას განვიხილავთ.

რაინერ ფიულმახის ზემოთ ხსენებულ ვიდეოში გაჟღერებული დეზინფორმაციული მტკიცებები „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა. იხილეთ სტატია.

ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსს შორის კავშირი შეუსაბამოა

რიგი დაუსაბუთებელი, შეცდომაში შემყვანი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, რეინერ ფიულმიხი ამტკიცებს, რომ COVID-19 ვაქცინები „არღვევს ნიურნბერგის მე-10 კოდს“.

ნიურნბერგის კოდექსი 1947 წელს ნიურნბერგში - გერმანიაში, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს დაიწერა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში 7 ათასზე მეტ ადამიანზე სამედიცინო ექსპერიმენტები ჩაატარეს. აღნიშნული ექსპერიმენტები ისეთი მეთოდების და გზების ძიებას ემსახურებოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარისკაცების გადარჩენის შანსებს გაზრდიდა. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებზე სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა და წამალი იტესტებოდა. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის, მხარდასაჭერად ტარდებოდა. ყველა აღნიშნული ექსპერიმენტი საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი პატიმრების თანხმობის გარეშე ხორციელდებოდა. სწორედ ამ საკითხს ეხება ნიურნბერგის კოდექსი - სამედიცინო ექსპერიმენტებში ადამიანთა მოპყრობის წესს.

კოდექსის პირველი პრინციპი ამბობს, რომ კვლევებში მონაწილეობისას - ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობა, აუცილებელია. კოდექსის სხვა პრინციპების თანახმად, ექსპერიმენტი უნდა იყოს მიმართული საზოგადოების საკეთილდღეოდ, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა ან დაზიანება და არ უნდა ჩატარდეს არანაირი ექსპერიმენტი, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი ან ადამიანის სერიოზული დაზიანება. ამასთან ერთად, პრინციპების თანახმად, ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოეთიშოს ექსპერიმენტს, თუ ტანჯვას განიცდის. კვლევაზე პასუხისმგებელი მეცნიერი უნდა იყოს მზად, დაასრულოს ექსპერიმენტი, თუ მათ საფუძვლიანად მიაჩნიათ ის, რომ კვლევის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება ადამიანის დაზიანება, დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

დოქტორი ფიულმიხი ამტკიცებს, რომ „ლოკდაუნები, იძულება და მუქარა“ (lockdowns, duress and threats), რათა მოსახლეობამ მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „საექსპერიმენტო“ ვაქცინა, არღვევს ნიურნბერგის პრინციპებს. აღნიშნული მტკიცების მიუხედავად, კავშირი ნიურნბერგის კოდექსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის, სინამდვილეში არ არსებობს:

პირველ რიგში, ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Full Fact - ის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების კვლევის ეტაპზე იქნებოდა რელევანტური და არა მაშინ, როცა ვაქცინა უკვე ფართო საზოგადოებას მიეწოდება. თუმცა ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უშუალოდ კვლევების ეტაპზე ვსაუბრობთ, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრეთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მკაფიოდ იმის გამოკვეთას ემსახურებოდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზირებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.

სასამართლო სარჩელი

სავარაუდოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიურნბერგის სასამართლო პროცესი მეორდება, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ზემოთ ხსენებული ვიდეოს ავტორმა, დოქტორ ფიულმიხმა და მისი ადვოკატების ჯგუფმა, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ისრაელის კორონავირუსის საწინააღმდეგო პროგრამის შესახებ სარჩელი შეიტანეს. აღნიშნული სარჩელის შესახებ ბოლო დროს სოციალურ ქსელში მრავალი დეზინფორმაცია გავრცელდა. სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მიიღო („Accepted”) საჩივარი ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ.

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-მა გადაამოწმა. Reuters საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს აღნიშნული სარჩელზე ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა. სასამართლოს ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ მათ მართლაც მიიღეს აღნიშნული სარჩელი, რადგან სასამართლოში სარჩელის შეტანა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია: „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ მივიღეთ კომუნიკაცია. უშუალოდ გამომგზავნმა ეს ფაქტი გაასაჯაროვა. როგორც მსგავს სიტუაციებში ვმოქმედებთ ხოლმე, რომის წესდების შესაბამისად - სრული დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით, გავაანალიზებთ წარდგენილ მასალებს. პროცესის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმის შეფასება, ეხება, თუ - არა სარჩელი ისეთ საკითხებს, რომლებიც აშკარად არ ექვემდებარება სასამართლოს იურისდიქციას. როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას შესაბამისი შემდეგი ნაბიჯის შესახებ, ჩვენ შევატყობინებთ სარჩელის გამომგზავნს და განვუმარტავთ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს” - აღნიშნულია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურატურის ოფისის ოფიციალურ წერილში (ICC’s Office of the Prosecutor – OTP) . იმავე წერილში აღნიშნულია, რომ ოფისი იღებს მრავალ კომუნიკაციას და „მიღების ცნობა“ არ ნიშნავს, რომ მათ ჯერ შეაფასეს ან დააკმაყოფილეს სარჩელი: „ოფისი მუდმივად იღებს უამრავ კომუნიკაციას დედამიწის გარშემო არსებულ სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც ვითარება სავარაუდო დანაშაულს ეხება. ოფისის მიერ დაბრუნებული „მიღების ცნობა“ (acknowledgement of receipt letter) არ უნდა იქნას განხილული, როგორც მითითება იმისა, რომ ოფისმა დაიწყო სასამართლო პროცესი ან დააკმაყოფილა შეტანილი სარჩელი“ - აღნიშნულია წერილში. აქედან გამომდინარე, ბოლო საჯარო ინფორმაციის თანახმად, ICC-მ დაადასტურა სარჩელის მიღება, თუმცა გაურკვეველია, დაიწყებს, თუ - არა მის გამოძიებას. ამასთან ერთად, არ იძებნება საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომაა პოსტში მოყვანილი კონკრეტულად 3 ივლისი აღნიშნული პროცესის დაწყების თარიღად.

საბოლოო ჯამში, ICC-ის მიერ, ისრაელის წინააღმდეგ „სარჩელის მიღება“ ნიშნავს შეტანილი განაცხადის ბაზაში დაფიქსირებას და არა იმას, რომ სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. ამასთან ერთად, სარჩელი ისრაელის ნიურნბერგის კოდექსის დარღვევას ეხება, თუმცა რეალურად ნიურნბერგის კოდექსის შინაარსიდან გამომდინარე, ექსპერტების განცხადებით, კოვიდვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის რელევანტური კავშირი არ არსებობს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი