ამირან სალუქვაძე: 2007-2012 წლებში უცხოეთში 574 სტუდენტი გავიდა, 2013-2021 წლებში - 8101
ვერდიქტი: მანიპულირება
ანალიზი:
აღნიშნული განცხადება საკუთარ facebook-გვერდზე ამირან სალუქვაძემ მიხეილ სააკაშვილის, უცხოეთში დაფინანსებული სტუდენტების შესახებ, რეპლიკის პასუხად გაავრცელა. პოსტი ორი ნაწილისგან შედგება და ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების მიერ უცოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტების რაოდენობას და მათ დაფინანსებაზე დახარჯული თანხებს მიმოიხილავს. ჩვენ სახელმწიფოს მიერ - ორივე პერიოდში, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრომ უცხოეთში სასწავლებლად სტუდენტების დაფინანსება 2008 წლიდან დაიწყო.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სტუდენტური კრედიტები გაიცემოდა. ასევე სტუდენტთა დაფინანსება „განვითარებისა და რეფორმების“ ფონდის ფარგლებში ხორციელდებოდა, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ (2009 წელი) სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო გახდა. შესაბამისად, 2010 წლიდან გამორჩეული უნარების და სწავლების მაღალი მოსწრების პირების დაფინანსებას სამინისტრო ახორციელებდა.
2012 წლიდან განათლების სამინისტრო პროგრამა „ცოდნის კარის“ ორ ქვეპროგრამას ახორციელებს, ასევე 2013 წლიდან „ცოდნის კარის“ ფარგლებში „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ ამოქმედდა. 2014 წლიდან „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამა დამტკიცდა, რომლის ფარგლებში უცხოეთში სწავლის მიზნით სტუდენტთა დაფინანსება ხორციელდება. 2015 წელს მთავრობის დადგენილებით, სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ შეიქმნა, რომელიც იგივე სახელწოდების პროგრამის უფლებამონაცვლე გახდა და ამ წლიდან მოყოლებული სტუდენტების უცხოეთში დაფინანსებას აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს.
2008-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 481-ს შეადგენს, 2013-2014 წლებში - 158, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრის ფარგლებში 2015-2021 წლებში 1150-ზე მეტი სტუდენტია დაფინანსებული. საერთო ჯამში, 2013-2021 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში 1304 სტუდენტი დაფინანსდა, რაც წლიურად საშუალოდ 145 სტუდენტია.
ამირან სალუქვაძის მიერ დასახელებული სტუდენტთა რაოდენობა უფრო ახლო პროგრამა „ერაზმუს+“ -ის ფარგლებში დაფინანსებულს სტუდენტთა სტატისტიკასთანაა, რომლის ფარგლებში 2007-2012 წლებში 574 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო 2013-2021 წლებში - 6951, რაც წლიურად საშუალოდ 772 სტუდენტია. ამ პროგრამასთან მიმართებითაც ამირან სალუქვაძე წლიურად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას გადაჭარბებით ასახელებს.
თუმცა დასახელებული პროგრამა, რომლის საშუალებით სტუდენტებს ევროპულ უნივერსიტეტებში, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე, გაცვლითი პროგრამები უფინანსდებათ, ევროკავშირის პროგრამაა და დამფინანსებელიც ევროკავშირია. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულად ვერ ჩაითვლება.
ამირან სალუქვაძის მიერ განცხადებაში დასახელებული რიცხვები რეალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება და სტუდენტების უცხოეთში სწავლების დაფინანსებაში სახელმწიფოს წვლილის აღმატებულად წარმოჩენის მცდელობაა.
შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდენტების სტატისტიკის ნაცვლად ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+“-ის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების სტატისტიკის მოხმობა, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოს წვლილის გაზვიადებას ემსახურება და მანიპულაციაა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგივე შინაარსის განცხადება სხვადასხვა დროს თბილისის მერმა, განათლების მინისტრმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც გააჟღერეს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ყველა შემთხვევაში განცხადების ადრესატი ნიკა მელია და მისი წინასაარჩევნო დაპირება, თბილისის მერიის მიერ 100 სტუდენტის უცხოეთში სწავლების დაფინანსების შესახებ, იყო.
-------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.