კახა კალაძე: ყოველწლიურად სახელმწიფო 900 სტუდენტს უშვებს უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ რიცხვის 9-ჯერ შემცირებას ჰპირდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 2008-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 481-ს შეადგენს, 2013-2014 წლებში - 158, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრის ფარგლებში 2015-2021 წლებში 1150-ზე მეტი სტუდენტია დაფინანსებული. საერთო ჯამში, 2013-2021 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში 1304 სტუდენტი დაფინანსდა, რაც წლიურად საშუალოდ 145 სტუდენტია.
კალაძის მიერ განცხადებაში დასახელებული რიცხვები რეალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება და სტუდენტების უცხოეთში სწავლების დაფინანსებაში სახელმწიფოს წვლილის გადაჭარბებულად წარმოჩენის მცდელობაა, მით უმეტეს, რომ ეს სტატისტიკა კალაძეს ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირების საპირწონედ მოჰყავს.
კალაძის მიერ დასახელებული რიცხვები უფრო ახლო პროგრამა ერაზმუს+ -ის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობასთანაა ( შესაბამისი წლების მიხედვით: 584 და 6951), თუმცა ამ პროგრამის მიმართებითაც საშუალო წლიურად დაფინანსებულ სტუდენტთა რიცხვს - 900, გადაჭარბებით ასახელებს. ერაზმუს+-ის ფარგლებში, 2013-2021 წლებში წლიურად საშუალოდ 771 სტუდენტი ფინანსდება.
თავის განცხადებაში კალაძე სტუდენტთა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას უსვამს ხაზს, ერაზმუს+ კი ევროკავშირის პროგრამაა და დამფინანსებელიც ევროკავშირია და დასახელებულ პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებასთან კავშირი არ აქვს.
აქედან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა თვითმმართველობის არჩევნებამდე გააკეთა. რადგან განცხადების გადამოწმება ღია წყაროების საშუალებით ვერ ხერხდებოდა, შესაბამისი ინფორმაცია განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პასუხი მხოლოდ ახლა მივიღეთ, თანაც იგივე შინაარსის განცხადება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და მამუკა მდინარაძემაც გააჟღერა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამის ანალიზს გთავაზობთ.
როგორც ვიცით, თვითმმართველობის მეორე ტურამდე, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 100 წარმატებული სტუდენტის უცხოეთში სწავლის დაფინანსების დაპირება გასცა. ამის პასუხად თბილისის მერმა განათლების სამინისტროს მიერ ყოველწლიურად დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „2007-2012 წლებში უცხოეთში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა იყო 574. 2013-2021 წლებში 8100 სტუდენტზე მეტი იყო წასული უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით. ყოველწლიურად სახელმწიფო დაახლოებით 900 სტუდენტს უშვებს უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ რიცხვის 9-ჯერ შემცირებას ჰპირდება“.
განათლების სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრომ უცხოეთში სასწავლებლად სტუდენტების დაფინანსება 2008 წლიდან დაიწყო.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სტუდენტური კრედიტები გაიცემოდა. ასევე სტუდენტთა დაფინანსება „განვითარებისა და რეფორმების“ ფონდის ფარგლებში ხორციელდებოდა, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ (2009 წელი) სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო გახდა. შესაბამისად, 2010 წლიდან გამორჩეული უნარების და სწავლების მაღალი მოსწრების პირების დაფინანსებას სამინისტრო ახორციელებდა.
2012 წლიდან განათლების სამინისტრო პროგრამა „ცოდნის კარის“ ორ ქვეპროგრამას ახორციელებს, ასევე 2013 წლიდან „ცოდნის კარის“ ფარგლებში „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ ამოქმედდა. 2014 წლიდან „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამა დამტკიცდა, რომლის ფარგლებში უცხოეთში სწავლის მიზნით სტუდენტთა დაფინანსება ხორციელდება. 2015 წელს მთავრობის დადგენილებით, სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ შეიქმნა, რომელიც იგივე სახელწოდების პროგრამის უფლებამონაცვლე გახდა და ამ წლიდან მოყოლებული სტუდენტების უცხოეთში დაფინანსებას აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს.
რაც შეეხება თბილისის მერის მიერ დასახელებულ სტატისტიკურ მონაცემებს, განათლების სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2008-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 481-ს შეადგენს, 2013-2014 წლებში - 158, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრის ფარგლებში 2015-2021 წლებში 1150-ზე მეტი სტუდენტია დაფინანსებული. საერთო ჯამში, 2013-2021 წლებში სახელმწიფოს მიერ უცხოეთში 1304 სტუდენტი დაფინანსდა, რაც წლიურად საშუალოდ 145 სტუდენტია.
კალაძის მიერ განცხადებაში დასახელებული რიცხვები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდენტების რეალურ რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება და აღნიშნული უცხოეთში სწავლების დაფინანსებაში სახელმწიფოს წვლილის გადაჭარბებულად წარმოჩენას ისახავს მიზნად, მით უმეტეს, რომ ეს სტატისტიკა კახა კალაძეს ნიკა მელიას დაპირების საპირწონედ მოჰყავს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რა რაოდენობით სტუდენტების დაფინანსების დაპირებაც მელიამ გასცა, იმაზე მეტი, 145 სტუდენტი, სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად ისედაც ფინანსდება.
თბილისის მერის მიერ დასახელებული რიცხვები უფრო ახლო პროგრამა ერაზმუს+ -ს ფარგლებში დაფინანსებულს სტუდენტთა სტატისტიკასთანაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2007-2012 წლებში 574 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო 2013-2021 წლებში - 6951, რაც წლიურად საშუალოდ 772 სტუდენტია. ამ პროგრამასთან მიმართებითაც კალაძე წლიურად დაფინანსებული სტუდენტების რიცხვს გადაჭარბებულად ასახლებს.
თანაც, თბილისის მერი განცხადებაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს გულისხმობს. პროგრამა ერაზმუს+ კი არის პროგრამა, რომლის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს ევროპულ უნივერსიტეტებში, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე, გაცვლით პროგრამებს სთავაზობს და უფინანსებს. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულად ვერ ჩაითვლება.
აქედან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.