გენრი დოლიძე: [ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით] 3 მილიონით [ლარი] უზრდიან არჩილ ჩიქოვანის მერიას სახელფასო ბიუჯეტს, იმის ნაცვლად, რომ ეს სამი მილიონი მოხმარდეს სოციალურ პროექტებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გენრი დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიასა და საკრებულოში მომუშავეთა რიცხოვნობა ოთხი ერთეულით მცირდება, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია 2 მლნ 53 ათას 800 ლარით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერის ხელფასი 1 000 ლარით იზრდება და 5 500 ლარს მიაღწევს, ხოლო ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2022 წლიდან 5 060 ლარი იქნება.
2020 წელთან შედარებით, 1 617 500 ლარით მეტია ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება. აქედან 91 600 ლარით შრომის ანაზღაურება იზრდება. ასევე გაზრდილია რამდენიმე ქვეპროგრამის დაფინანსება როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის ანალოგიურ პარამეტრთან მიმართებით. თუმცა საგრძნობლად მცირდება მუნიციპალური უფასო სასადილოსა და დროებითი ღამის თავშესაფრისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა. ეს მაშინ, როცა დღეს უფასო ერთჯერადი კვების მიმღები გაცილებით მეტი ბენეფიციარია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. ორივე პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა 2022 წელს უცვლელი რჩება, დაფინანსება მცირდება, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა იმატებს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ გენრი დოლიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
ანალიზი
„ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების ვადების გარდა, ოპოზიციის კრიტიკის საგანი თავად ბიუჯეტი გახდა. განსაკუთრებით ხშირად კი პოლიტიკოსები ბათუმის მერიისა და საკრებულოს გაზრდილ ხელფასებზე აკეთებენ აქცენტს. კერძოდ, პოლიტიკოსმა გენრი დოლიძემ განაცხადა: „[ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით] 3 მილიონით [ლარი] უზრდიან არჩილ ჩიქოვანის მერიას სახელფასო ბიუჯეტს, იმის ნაცვლად, რომ ეს სამი მილიონი მოხმარდეს სოციალურ პროექტებს“.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პარამეტრთან შედარებით, 2 მლნ 53 ათას 800 ლარით იზრდება. ეს მაშინ, როცა ბათუმის მერიასა და საკრებულოში მომუშავეთა რიცხოვნობის ოთხი ერთეულით შემცირებაა დაგეგმილი. 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მოცულობა ასევე აღემატება 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პარამეტრებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბათუმის მერიასა და საკრებულოში, ჯამში, 2 509 ადამიანი იყო დასაქმებული. 2020 წელს კი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში 2 585 ადამიანი მუშაობდა, რაც ნიშნავს, რომ, მიუხედავად პანდემიის გავრცელებით გამოწვეული კრიზისისა, მათი რაოდენობა და შესაბამისად, ანაზღაურება, გაიზარდა. დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა 2021 წელსაც და 2 605 ადამიანი შეადგინა.
ცხრილი 1. შრომის ანაზღაურების პარამეტრები ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
როგორც ვხედავთ, საკრებულოში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 2022 წლიდან 121 500 ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2021 წელს. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის ხელფასი მომავალი წლიდან 5 060 ლარი იქნება. რაც შეეხება მერიას, აქ 348 800 ლარით მეტი ხელფასი გაიცემა. 1 000 ლარით იზრდება ქალაქის მერის შრომის ანაზღაურება და ის 5 500 ლარს შეადგენს.
შრომის ანაზღაურების ზრდასთან ერთად, 2020 წელთან შედარებით, 1 617 500 ლარით მეტია ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება. აქედან 91 600 ლარით შრომის ანაზღაურება იზრდება. ბათუმის მერია, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, სულ ოცდაოთხ ქვეპროგრამას აფინანსებს. მათი ნაწილის დაფინანსება მეტია, ვიდრე 2020-2021 წლებში იყო.
ცხრილი 2. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების დაფინანსება (ლარი)
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, მცირდება მუნიციპალური უფასო სასადილოსა და დროებითი ღამის თავშესაფრისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა. ეს მაშინ, როცა დღეს უფასო ერთჯერადი კვების მიმღები გაცილებით მეტი ბენეფიციარია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. ამის შესახებ დეტალურად საუბარია „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბენეფიციართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 7 595-ს მიაღწია, ხოლო ერთი ადამიანის ერთჯერადად გამოსაკვებად დღეში მხოლოდ 1.33 ლარი იყო გათვალისწინებული.
2022 წლისთვის მერიამ, მიმდინარე წელთან შედარებით, დაფინანსება 79 500 ლარით შეამცირა და 5 193 700 ლარი გახადა. ამ შემცირების მიუხედავად, შრომის ანაზღაურება იზრდება (მომუშავეთა რიცხოვნობა უცვლელია - 101 ადამიანი). ბენეფიციარების რაოდენობა კვლავ 7 595-ია. მათთვის საკვების შესაძენად გათვალისიწინებული თანხის მოცულობა 4 016 000 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანისთვის დღიურად განკუთვნილი პროდუქტის ღირებულება 1.44 ლარს ოდნავ აღემატება.
შემცირებულია დროებითი ღამის თავშესაფრის დაფინანსებაც როგორც 2020 წელთან, ისე 2021 წელთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც, 10 მომუშავის შრომის ანაზღაურება იზრდება და 71 500 ლარს შეადგენს, ხოლო 50 ბენეფიციარისთვის წლის განმავლობაში საკვები პროდუქტის შესყიდვას 35 000 ლარი მოხმარდება, ანუ დღეში ერთ ადამიანზე თითქმის 1.92 თეთრია გათვალისწინებული.